x
მე, ბაბუ, მეცხრე ბლოკი და ახალი წელი

90-იანი წლები... ლამფის შუქზე ნასწავლი გაკვეთილი და პლასმასის ჭურჭლიდან დასხმული თბილი წყლით დაბანილი თავი. ეს ყველაფერი ვიცით, ახლა ერთ ჩვეულებრივ ადამიანურ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც სადღაც პატარა დედაქალაქში მოხდა.

ჩემი თაობა ის თაობა ვართ, ეზოში ფეხბურთს, დაჭერობანას, დახუჭობანას, ომობანას და თუ გოგოები გვთხოვდნენ წრეში ბურთს რომ ვთამაშობდით. რთულ დროს დავიბადე, 1989 წელს. გაზაფხულზე... ჩემს დაბადებას შუშხუნები არა, მაგრამ 9 აპრილი კი მოჰყვა. შემდეგ დამოუკიდებლობა. სამოქალაქო ომი. აფხაზეთი და სამაჩაბლო. ბაბუ... ყოველთვის თან მდევდა ბაბუს აჩრდილი. არ ვიცნობდი და არც ის მიცნობდა ეჭვი მაქვს, მაგრამ სულ ჩემს გვერდით იყო. სკოლაში, სახლში, ეზოში, სტუმრად ყოფნისას, თბილისში და სოფელში. ვიცოდი რომ სადღაც ცხოვრობდა დიდი კაცი, პრეზიდენტი, რომელსაც მერსედესები ყავდა და ავტომატიანი კაცები დაჰყვებოდნენ. ერთ დღესაც მაისურის ამარა დავინახე ტელევიზორში. მივხვდი რომ უძლეველი არავინაა. ამაში მოგვიანებით დავრწმუნდი. შუქი გრაფიკით იყო, მეცხრე ბლოკი ზიანდებოდა ყოველთვის. დღემდე არ ვიცი რა იყო მეცხრე ბლოკი და სად იყო ის. უბრალოდ ვიცოდი რომ მის გამო ვერ ვკითხულობდი წიგნებს, ვერ ვწერდი დავალებას და თუ ამ ყველაფერს ვაკეთებდი მხედველობა გამიფუჭდებოდა. მართლაც ასე მოხდა. იმის გამო რომ დაფიდან საკმაოდ მოშორებით ვიჯექი და ''მიტყდებოდა'' მასწავლებლისთვის მეთქვა რომ ვერ ვარჩევდი დაფაზე რა ეწერა იძულებული ვიყავი არასრულფასოვნად შემესწავლა საგანი. ვერ ვიტყვი რომ ჩამოვრჩი კლასელებს სწავლაში, მაგრამ სერიოზული მუშაობა მჭირდებოდა ყოველდღიურად უკვე ახსნილი გაკვეთილის საკუთარი ძალებით გასაგებად (ლამფის და სანთლის შუქზე რა თქმა უნდა). ასე იმოქმედა ჩემზე მეცხრე ბლოკმა.

დღესასწაულები მართლაც რომ ამართლებდა სახელს. რატომღაც ახალ წელს მეცხრე ბლოკს არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა და განათებულ სახლში ვხვდებოდი ახალ წელს. ვინ როგორ აღნიშნავდა ახალი წლის შემოსვლას. ყვირილით, სიმღერით, ავტომატის და რაგინდ წარმოუდგენელი იყოს ყუმბარმტყორცნის გასროლითაც კი...

შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა, ეს უკვე 2000-იანებში. შუქი აღარ მიკვირს, თუმცა ისევ ყურში ჩამესმის მეცხრე ბლოკის ჩართვის შემდეგ, მთელი უბნის ერთად დაძახებული ''ურაააა''. ბაბუ დაბერდა, მეცხრე ბლოკი აღარ არსებობს და მე მიუხედავად ჩემი მხედველობისა, მაინც ვახერხებ სრულფასოვნად ცხოვრებას. თუ რაიმე შეცდომა აღმოაჩინოთ ჩემს ნაწერში, იცოდეთ ჩემი ბრალი არაა მართლწერა რომ ვერ შევისწავლე სრულფასოვნად. ყველაფერი იმ წყეული მეცხრე ბლოკის ბრალია.

3
124
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
124
  
2013, 29 ოქტომბერი, 17:52
ძალიან მომეწონა. ისეთი მსუბუქი და სასიამოვნო სტილია, იუმორით შეზავებული. მეც გამახსენდა ყბადაღებული მცხრე ბლოკი და ლამფის შუქი... კიდევ აკუმულატორებზე მომუშავე პაწაწინა ტელევიზორები გამახსენდა:)
2013, 29 ოქტომბერი, 17:17
გამახსენდა ჩემი ცოტა არც ისე კარგი ბავშვობა:(
2013, 29 ოქტომბერი, 17:15
კარგად გიწერია:)
მეც გამახსენე ჩემი ბავშვობა უბრალოდ ჩემი 1983 წლიდან იწყებს ათვლას და მეკიდე უფრო კარგად მახსოვს რაც შენჩამოთვალე
0 1 3