x
კიტელა

ეს ამბავი ერთმა ჩემი მეგობრის ბიძაშვილმა მოგვიყვა. იგი ჩვენზე უფროსი იყო და როცა ეს ამბავი გაიხსენა უკვე ძალოვან უწყებაში მუშაობდა, კარგი ოჯახიც ჰქონდა და კარგი სახლ–კარიც ვაკეში.

ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსი ხალხი სსრკ–ს დროს სამოთხედ იხსენებენ და კარგ ცხოვრებას მისტირიან. 90–იან წლებში ასეთი ანეგტოდიც კი გაჩნდა: კომუნისტების დედა ვატირე, თურმე კომუნიზმში ვყოფილვართ და ეგენი კი გვატყუებდნენ ჯერ განვითარებულ სოციალიზმში ვართო. რა თქმა უნდა ყველა
დალხენილი არ იყო და ბევრი იყო გაჭირვებული ოჯახი. განსაკუთრებით გვიჭირდა იმ სტუდენტებს, ვისაც სახლიდან ვერაფრით გვეხმარებოდნენ და მხოლოდ სტიპენდიის ამარა ვიყავით. ახალ თაობას მინდა ავუხსნა, რომ სტიპენდიას ყველა დღის დასწრებულის სტუდენტს აძლევდნენ, ვინც გამოცდებს დადგენილ
ვადებში ჩააბარებდა.

ბარემ დღის დასწრებულსაც განვმარტავ, თორემ სიტყვათა ასეთი წყობა, ჩემიშვილების თაობისათვის, ჩინურია. უმაღლეს სასწავლებელში სწავლების სამი ფორმა არსებობდა: 1. დღის დასწრებული – სტუდენტი სხვა არაფრით იყო დაკავებული, მის ვალდებულებას მხოლოდ სწავლა წარმოადგენდა. სწავლების ეს
ფორმა იმით იყო კარგი, რომ ჯარში არ მიყავდათ სტუდენტი სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, ანუ „ბრონი“ ჰქონდათ და სტიპენდიასაც იძლეოდნენ; 2. საღამოს დასწრებული – აქ ვინც სწავლობდა ჩვეულებრივ ყოველდღიურად დადიოდა სასწავლებელში ლექციებზე, ოღონდ საღამოს საათებში,
დღისით კი სტუდენტი ვალდებული იყო სადმე ემუშავა (უსაქმურს არ იღებდნენ). სწავლის ამ ფორმას „ბრონი“ არ ჰქონდა არც სტიპენდია იყო; 3. დაუსწრებელი – სტუდენტი მხოლოდ სესიებზე
მიდიოდა სასწავლებელში, ლექციების მოკლე კურს ისმენდა და აბარებდა გამოცდებს. სწავლის ამ ფორმასაც არ ჰქონდა „ბრონი“ და არც სტიპენდია.

სტიპენდია მთელ სსრკ–ში ერთნაირი იყო და 40 მანეთს შეადგენდა, ეს კი თვის განმავლობაში შეიძლება პურზე და ძეხვზე (ან კართოფილზე) გყოფნოდა, მაგრამ თუ ბინის ქირაც გადასახდელი გქონდა, ფულის შოვნის სხვა ხერხისთვის უნდა მიგემართა.

ჩემი მეგობრის ბიძაშვილიც, რომელსაც ზედმეტსახელად კიტელას ეძახოდნენ (კახელი იყო და კახეთში კი უმეტესობას ზედმეტი სახელით მოიხსენებენ), ასეთ გაჭირვებაში იყო და იძულებული გახდა რამე სამუშაო ეშოვნა. იმ დროს სასურსათო მარაზიები ძალიან ადრე იღებოდა, სანამ გაიღებოდა საქონელი უნდა შეეტანათ ამ მაღაზიებში. დილაადრიან თუ მაღაზიის გამგეს კართან დახვდებოდი, სამუშაოსაც მოგცემდა: საქონელს გადმოგატვირთინებდა და ორიოდ კაპიკსაც
იშოვიდი. კიტელაც ყოველ დილა ადრიანად მიდიოდა ვაგზლის მიმდებარე გასტრონომში და მტვირთავად მუშაობდა.

ერთ დილასაც, როდესაც კიტელა ლიმონათის და ლუდის მძიმე ყუთების გადმოტვირთვით იყო დაკავებული, ერთი თანასოფლელი თანატოლი გამოეცხადა. სოფელში კაცი ტრაბახობდა იურიდიულზე ვსწავლობო, აქ კი „გრუზჩიკობაზე“ წაასწრეს. მივიდა ეს თანასოფლელი, კარგად დააკვირდა და ჰკითხა: კიტელ როგორა ხარო? კიტელამ მოუყრუა და მორიგი ყუთი შეიტანა მაღაზიაში. რომ
გამოვიდა ჯიქურ მიადგა თანასოფლელი და ჰკითხა: შენა კიტელა არა ხარო? ვინ კიტელა, რა კიტელა – უპასუხა კიტელამ და შემდეგი ყუთი ჩამოიღო მანქანიდან. მაღაზიიდან გამოსულს კიდევ არ მოეშვა და უთხრა: კიტელ მე ვარ, ყარყატაანთ მიხა, ვერ მიცანიო? ჰოდა აქ შენი დედა მოვტყან, იქ კიდე კიტელასიო – საკუთარი დედაც არ დაინდო კიტელამ თავმოყვარეობის გამო და გაბრაზებულმა ორი ყუთი ერთად შეიტანა მაღაზიაში.

ამის მერე სოფელში, რომ ჩადიოდა კიტელა, ის თანასოფლელი ჯერ კარგად დააკვირდებოდა, რომ დააზუსტებდა ნამდვილად თავისი სახლიდან გამოვიდა კიტელა, მერეღა ესალმებოდა.

1
50
2-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
50
  
2013, 7 ოქტომბერი, 22:47
:D:D
0 1 1