x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134766
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509113
ენა, მამული, სარწმუნოება

„პატრიოტიზმი არის ის, რომ შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი
ქვეყანა საუკეთესოა მთელს მსოფლიოში, რადგან შენ დაიბადე იქ.“
ბერნარდ შოუ

გასულ 2012 წელს გამოვიდა ელდარ ისმაილოვის და ლადო პაპავას მონოგრაფია „ცენტრალური ევრაზია“. ამ ნაშრომში კარგადაა აღწერილი და გამოკვლეული ცენტრალური ევრაზიის შემადგენელი სეგმენტების, ცენტრალური აზიის, ცენტრალური კავკასიის და ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში. როგორც ნაშრომიდან ირკვევა, ცენტრალურ ევრაზიას, როგორც
დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ცხადია, ასეთ პერსპექტივას ყოველთვის წინ აღუდგებიან სუპერსახელმწიფოები. თუმცა, თუ ცენტრალური ევრაზიის ცალკეულ სეგმენტების ქვეყნები
მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას, ამით მათი პოლიტიკური ავტორიტეტი საკმაოდ გაიზრდება და მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ დიდი ქვეყნებისაგან.

ცენტრალური კავკასიის ქვეყნებს, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაკლებად აქვთ ინტეგრაციის პერსპექტივა. ძირითადი მიზეზად მათი შეუთანხმებლობისა, სახელდება ამ ქვეყნების
ეროვნული ინტერესები. ეროვნული ინტერესი წესით უნდა განისაზღვრებოდეს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრით და არა ურა პატრიოტული მოსაზრებებიდან, რომელიც უფრო ხელისუფლების შესანარჩუნებლადაა საჭირო, ვიდრე ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის.

პატრიოტიზმი სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს და მისგან ნაციონალიზმს სულ ერთი ნაბიჯი აშორებს, ისევე როგორც
ნაციონალიზმიდან შოვინიზმამდე და შოვინიზმიდან ჯინგოიზმამდეა ერთი ნაბიჯი. სამშობლო, როგორც ილიამ თავის დროზე ხატოვნად თქვა, ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება. შევეცადოთ გამოვიკვლიოთ, თუ საიდან წარმოიშვა ეს სამი ძირითადი
კომპონენტი.

განსხვავებული ენა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, ალბათ წარმოშვა ადამიანთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციების არ არსებობამ. ამის ნათელი მაგალითია დაღესტანი, სადაც ლამის თითოეულ აულში სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა ერებად მოიხსენიებიან (ლეზგური, ხუნძური, დარგუული, თაბასარანული, ავარული და სხვა). თუ წარმოვიდგენთ, რომ ადამიანთა შორის თავიდანვე ყოფილიყო დღევანდელი დროის დონის კომუნიკაციები, ალბათ მთელი დედამიწა ერთ ენაზე ილაპარაკებდა. ენობრივი ბარიერი, ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვნად ხელს უშლის ინტეგრაციას და აფერხებს პროგრესს ყველა მიმართულებით.

მამული, ანუ ტერიტორია სადაც სახელმწიფოა განთავსებული, არის ერთი ერის საკუთრება. საკუთრება კი თავის მხრივ უნდა
ჩამოყალიბებულიყო ადამიანის მიერ ადამიანზე ძალადობის გამო. როდესაც გაჩნდა საკუთრება, მაშინ გაჩნდა ქურდობაც, რაც თავის მხრივ ადამიანთა შორის ძალმომრეობის და ომის საფუძველი გახდა. ამ ომებმა კი განაპირობა ცალკეული ქვეყნების წარმოშობა.
სახელმწიფოს არსებობამ განაპირობა პოლიტიკის, როგორც ქვეყნის და საზოგადოების მართვის ხელოვნებამ, განვითარება და თანამედროვე დონეზე აყვანა.

სარწმუნოება ქვეყნების სახელმწიფოებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სარწმუნოების, ანუ რელიგიის წარმოშობის საფუძველი ადამიანის უმეცრება და ბუნებრივი მოვლენებისადმი შიში უნდა ყოფილიყო.რელიგია მთლიანად ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და იგი ეფუძნება მხოლოდ სიცრუეს.
სასწაულებს, რომლებითაც დღეს არსებული რელიგიები ინარჩუნებენ ავტორიტეტს, ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივი ახსნა მოეძებნება და რიგით ამბად იქცევა, ისევე, როგორც ეს მოხდა ჭექა-ქუხილის, ცისარტყელის და სხვა მრავალი ბუნებრივი მოვლენის შემთხვევებში. რელიგიამ დიდი როლი ითამაშა ქვეყნების სახელმწიფოებად
ჩამოყალიბებაში; თუმცა იგი მხოლოდ ხელისუფალს სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად.

ადამიანთა შორის კომუნიკაციების არ არსებობამ, ადამიანის უმეცრებამ, შიშმა და ძალმომრეობამ დაუდო საფუძველი დედამიწაზე ცალკეული ერების და ქვეყნების ჩამოყალიბებას. თანამედროვე
პოლიტიკის საფუძველი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და წინ წამოწევაა, რაც თავის მხრივ ქვეყნებს შორის შეუთანხმებლობის საფუძველია, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ერთი ქვეყნის ინტერესების განხორციელება, მეორე ქვეყნის ინტერესებს ლახავს.
ცალკეულ მრავალ სუბიექტს შორის თანხმობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაა საჭირო რეგიონული ქვეყნების ერთმანეთში შეთანხმება და შემდეგ სხვა რეგიონებთან თუ დიდ ქვეყანასთან თანასწორი მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმება.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სწორი კურსი აირჩია, როდესაც მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობის უფრო გაღრმავებას შეუდგა. ალბათ, უკეთესი იქნება ამ მხრივ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და მხოლოდ სომხეთის ისტორიის სწავლებით ქართულ სკოლებში არ შემოიფარგლოს. ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგასაზერბაიჯანის და სომხეთის მხარემაც. ცუდი არ იქნება თუ ამ თემის გარშემო სამივე ქვეყნის მეცნიერები და განათლების სპეციალისტები კონფერენციას გამართავდნენ. იგი უდავოდ შეუწყობდა ხელს პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის.

0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0