x
შეიძლება თუ არა არსებობდეს ერი სახელმწიფოს გარეშე?

საკითხი, რომელსაც არგუმენტირებულ ესეში განვიხილავ, ნაციონალიზმის კვლევის ერთ–ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ უპასუხოთ რჩება. არსებობს თუ არა ერი სახელმწიფოს გარეშე? ჩემი სუბიექტური აზრია რომ არ არსებობს.

სანამ უშუალოდ ჩემს აზრს დავასაბუთებდე, მანამდე შევეცდები ზუსტად განვსაზღვრო, თუ რა არის ერი, ვინაიდან ამ ტერმინთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ქაოსი სუფევს და ხშირად ერს აიგივებენ ისეთ ტერმინებთან, როგორებიცაა ეთნოსი ან ხალხი. ერის ყველა არსებულ დეფინიციაში ფიგურირებს, რომ ეს არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული, მყარი ერთიანობა საერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური (ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა) ნიშნებით. ბევრი მკვლევარი ერის აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევს და ასკვნის, რომ მხოლოდ ის ეთნიკური ერთობა შეიძლება ჩაითვალოს ერად, რომელიც პოლიტიკურ ერთობას ქმნის და აქვს თავისი სახელმწიფო. ეს თვალსაზრისი უახლოვდება დასავლეთში გავრცელებულ წარმოდგენას ერის რაობის შესახებ, სადაც ერი და სახელმწიფო ხშირად იდენტურ ცნებებად მოიაზრება, რადგან დასავლეთ ევროპაში ერების ჩამოყალიბება მათი სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა “ერს“ (the nation, la nation) უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. გვხვდება "ერთან'" დაკავშირებული ტერმინები, სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით (მაგ., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა, ეროვნული შემოსავალი და სხვ.).

აქვე საჭიროა მეორე ტერმინის – ეთნოსის – განმარტებაც, ვინაიდან აუცილებელია სწორად გავიგოთ მთავარი ამოცანა : ჩვენ განვიხილავთ ერებს სახელმწიფოების გარეშე და არა ეთნოსებს. ეთნოსები სახელმწიფოების გარეშე, ბუნებრივია, არსებობენ. ენტონი დ. სმიტის შეჯამებული განმარტებით, ეთნოსი არის საკუთარი ეთნონიმის მქონე ადამიანთა გაერთიანება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მითები საერთო წარმომავლობაზე, საერთო ისტორიული მეხსიერება, ერთიანი კულტურული ელემენტები, გარკვეულ ისტორიულ ტერიტორიასთან კავშირი, სოლიდარობის ერთგვარი გრძნობა.

თუ გადავხედავთ ენტონი დ. სმიტის ცხრილს ერისა და ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ, ნათლად ჩანს, რომ იმ ნიშნების გარდა, რომლებიც ორივე ერთობისთვის იდენტურია, ერსა და ეთნოსს განასხვავებს ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორებიცაა ეთნოსისთვის – კულტურული თვითმყოფადობა, გარკვეულ ტერიტორიასთან კავშირი, ელიტის სოლიდარობა, ხოლო ერისთვის – საერთო საზოგადოებრივი კულტურა, გარკვეული ტერიტორიის ფლობა, საერთო უფლებები და მოვალეობები და საერთო ეკონომიკა.

ზემოთთქმულიდან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერი სახელმწიფოს გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს, ვინაიდან მას არ ექნება ის მახასიათებლები, რომლებიც ერს უნდა ქონდეს, რადგან ამ მახასიათებლებს, კერძოდ ტერიტორიის ფლობას, საზოგადოებრივ კულტურას, ეკონომიკას, უფლებებსა და მოვალეობებს და ა.შ. მხოლოდ სახელმწიფო იძლევა. ვებერის მიხედვით, ერი გრძნობების ერთობაა, რომლისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოებრიობა საკუთარი მთლიანობისა და ინტერესების დასაცავად. ფრანგი
მწერლის, ისტორიკოსის, ფილოლოგის - ჟოზეფ ერნესტ რენანის
ერის უფრო ემოციური, ვიდრე მეცნიერული განმარტება კი ასე ჟღერს: "ერი არის დიდი სოლიდარობა. მის საფუძველშია წმინდა გრძნობები გაღებული მსხვერპლისა წარსულში და იმ მსხვერპლისა, რომელსაც მომავალში გაიღებს.ერი გულისხმობს გმირულ წარსულს, ერთიან ნებას აწმყოში და მოქმედების საერთო პროგრამას მომავალში.ერის არსებობა არის ყოველდღიური პლებისციტი". განმარტებიდან ნათელია, რომ ადამიანთა ერთობას, რომლებიც საერთო სახელმწიფოში არ ცხოვრობენ, ვერ ექნებათ ერთიანი ნება აწმყოში, ისევე როგორც მოქმედების საერთო პროგრამა მომავალში ან ყოველდღიური პლებისციტი.

ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაკო წერეთლის აზრით "ხალხი ინდივიდების უბრალო გაერთიანებაა ანუ ის წარმოადგენს მასალას ერის ფორმირებისთვის. მაგ. საქართველოს ისტორიის იმ პერიოდებს, როდესაც ქვეყანა დაქუცმაცებული იყო სამთავროებად ან სამეფოებად არ შეიძლება ეწოდოს ქართველი ერის ისტორია. ქართველი მეცნიერის მტკიცებით ამ პერიოდში საქმე გვაქვს ქართველი ხალხის და არა ქართველი ერის ისტორიასთან. ერის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ერთიანი სივრცის შექმნა, სადაც სახეზეა კარგად ორგანიზებული სოციალური ურთიერთობები, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს არსებობის პირობებშია შესაძლებელი". ამასთან წერეთელი ხაზს უსვამდა იმას, რომ სახელმწიფოს შექმნა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ერად ჩამოყალიბებას, თუნდაც მის მოსახლეობას გააჩნდეს ერთიანი სოციალური და პოლიტიკური ღირებულებები. მისი აზრით ერი არის მხოლოდ ის სოციალური ჰიპერ-ორგანიზმი, რომლის წევრებს გააჩნიათ საერთო კულტურული ღირებულებები. წერეთლის მსჯელობიდან აშკარაა,
რომ ერის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს და, შესაბამისად, პირველი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს.

ვთვლი, რომ ეთნოსის ერად ფორმირება ტერიტორიული გაერთიანებით იწყება. ტერმინი "ერი" უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ კულტურული სინთეზის იმ ტიპთან, რომელიც აღმოცენდება პოლიტიკური სტრუქტურის ჩარჩოში. ერის ფორმირება სხვადასხვა ეთნოსების მარტივი არითმეტიკული შეკრებით არ ხდება, ის სახელმწიფოს და კულტურულ–პოლიტიკური ერთობის ნაყოფია. ერი სოციოგენეზის ბევრად უფრო ზედა სტადიაა, რომლის შექმნაშიც უდიდესი ფაქტორი და მიზეზია პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც ეთნოსის(ების) "მატერიალისგან" თანდათან ხდება ერის ფორმირება. მაგალითად, რუსი ერის შექმნის ისტორიული მატერიალი იყო სლავური და სხვა ეთნოსები. თუმცა თავდაპირველად რუსეთი ჯერ არ ყოფილა რუსი ერის სახელმწიფო, ვინაიდან ჯერ არც არსებობდა ეს ერი. XI საუკუნის შუა პერიოდისთვის არსებობდნენ მხოლოდ ეთნოგრაფიული ელემენტები, რომელთაგანაც შემდგომ ხანგრძლივი და რთული პროცესის გავლით ჩამოყალიბდა რუსული ეროვნულობა. სწორედ ამ ყველაფრის გამო, მიმაჩნია, რომ ერი სახელმწიფოს გარეშე ვერ იარსებებს.

განვიხილოთ მაგალითები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ბევრია:

ქურთები – მათი რაოდენობა 30–40 მლნ.–მდე მერყეობს. ესაა უდიდესი ეთნოსი, რომელიც ცხოვრობს თურქეთის, ირანის, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე. თუმცა მათ ერს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან არ აქვთ სახელმწიფო და არიან იმ მასობრივი კულტურის, კანონმდებლობის, ერთიანი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის ნაწილი და გამტარებლები, კონკრეტულად რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. „ქურთისტანი“ მდგრადი გეოგრაფიული ტერმინია, თუმცა ქურთებს არასდროს შეუქმნიათ უმაღლესი დონის პოლიტიკური ერთეული – სახელმწიფო. ქურთებს შორის არ შექმნილა სახელმწიფოს იდეა, არ გამოჩენილა ნაციონალური ლიდერი, რომელიც შეძლებდა სახელმწიფოს ბირთვის შექმნას. ქურთების ეთნიკური იდენტობა ვერ გასცდა ტომობრივ დონეს.
მათ ერთმანეთის ჯიბრზე ყოველთვის შეეძლოთ მოსისხლე მტრისთვის დაეჭირათ მხარი და დამდგარიყვნენ ხან ირანის, ხან ერაყის, ხან თურქეთის მხარეს. შესაბამისად, ადამიანთა ერთობას, რომელსაც არ გააჩნია საერთო ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა, ერს ვერ ვუწოდებ.

ბოშებიც წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2, 5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ.

ჩემი მოსაზრებით, სახელმწიფო აყალიბებს ერს. ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც ეთნოსი ერთია, მაგრამ ერები სხვადასხვა. როდესაც სერბთა ნაწილი იძულებით და არნახული სისასტიკით გააკათოლიკეს, მართლმადიდებელმა სერბებმა გაკათოლიკებულ სერბებს მათი მოდრეკისა და გამრუდებული სჯულისათვის კუზიანები ("ჰორბატი") უწოდეს. შემდგომში სერბებს გამოყოფილი "კუზიანების" ენამაც იცვალა ოდნავ სახე და ასე გაჩნდნენ ხორვატები. ასევე ძალით გამუსლიმებული ინდოეთის ნახევარკუნძულის ნაწილს პაკისტანი ჰქვია და ის სხვა ერია, დანარჩენ ინდოეთთან ერთიანი გენეტიკურ-კულტურული ფესვის მიუხედავად.

ჩემი მოსაზრების დასამტკიცებლად კლასიკურ მაგალითად მიმაჩნია ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ქვეყანა, რომლის ერიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. ყველა ამერიკელი არის ერთი ერის – ამერიკული ერის წევრი და თან სხვადასხვა ეთნოსების. ამერიკელ ადამიანს ამერიკელად ხდის მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ არსებობს ქვეყანა აშშ, სადაც ის ცხოვრობს და რომლიც მოქალაქეც არის, რომლის მითებს, ისტორიას, მასობრივ კულტურასაც იზიარებს, რომლის კანონმდებლობასაც ექვემდებარება და რომლის ეკონომიკაშიცაა ჩართული. აშშ–ს სახელმწიფოს არსებობის გარეშე ის, ბუნებრივია არ იქნებოდა ამერიკელი, არამედ ფრანგი, ირლანდიელი ან სხვა რომელიმე ეთნოსის წარმომადგენელი, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე დასახლდნენ. იგივე შეიძლება ითქვას შვეიცარიაზეც.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეთნოსს ერად აქცევს მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია, სახელმწიფო, კულტურულ–პოლიტიკური ერთობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერი სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს.

1
323
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა სიხარულიძე
თეა სიხარულიძე
323
  
2016, 8 ივნისი, 11:24
საინტერესო სტატიაა და შეგიძლია წყაროები რომ მიუთითო?
0 1 1