x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134939
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
ჩენგ ბენჰუას გმირობა – უკანასკნელი ღიმილი სიკვდილის წინაშე
ომის დროს გადაღებულ ფოტოებს შორის არის მრავალი ნამუშევარი, რომელიც საიდუმლოს ინახავს. რთულ პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების ბედის პროგნოზირება რთულია, თუნდაც რამდენიმე წუთით ადრე. ყოველთვის არ არის ნათელი, რომ ეს არის ბოლო, გამოსამშვიდობებელი კადრი, რომელიც მთელ ცხოვრებას აჯამებს. დღეს ერთ–ერთ ასეთ ფოტოზე გიამბობთ.



image



ეს ძალიან ძლიერი და ემოციური კადრია. მასზე ნაჩვენებია მომღიმარი აზიელი გოგონა ხელებგადაჯვარედინებული, ასევე იაპონელი ჯარისკაცები კვანტუნის არმიის ფორმაში. უკანა ფონზე მჯდომი მებრძოლებიც კარგ ხასიათზე არიან – იღიმიან, ერთ–ერთი, სათვალეში, იცინის კიდეც. მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური სურათია, რომ არა ერთი „მაგრამ“.



image




ამ ფოტოზე გამოსახულია სიკვდილმისჯილი გოგონა და ჯარისკაცები, რომლებიც მას რამდენიმე წუთში მოკლავენ. ამ გოგოს სახელი და ცხოვრების ისტორია კარგად ცნობილია. ეს არის ჩინელი პარტიზანი ჩენგ ბენჰუა, რომელიც იცავდა თავის მიწას იაპონელი ოკუპანტებისგან.



ჩენგ ბენჰუა დაიბადა 1914 წელს აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხუეის პროვინციაში, სოფელ გაოქსიანგში. იაპონური ოკუპაციის დაწყებამდე ერთი შეუმჩნეველი ჩინელი გლეხი იყო, მაგრამ ომმა იარაღის ხელში აღება აიძულა. ჩენგი შეუერთდა პარტიზანულ რაზმს და დამპყრობლებთან ბრძოლა დაიწყო.



image



რა როლს ასრულებდა გოგონა რაზმში, სხვადასხვა რამეს ამბობენ. ინფორმაციის გადამოწმება რთულია, რადგან ყველა მისი თანამებრძოლი დაიღუპა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ბენჰუა იყო მეკავშირე, სხვები – პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. ჩენგი 24 წლის იყო, როცა ის და მისი მეგობრები იაპონელებმა დაატყვევეს.



გოგონას მოუწია ცემის, წამების, ჯგუფური გაუპატიურების ატანა. იძულებული გახდა ეყურებინა თანამებრძოლების სიკვდილით დასჯა, რომ გატეხილიყო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეცა, მაგრამ ჩენგ ბენჰუას სიტყვა არ უთქვამს. ძველ შავ–თეთრ ფოტოზე, რომელიც იაპონელმა ფოტოგრაფმა გადაიღო, აღბეჭდილია მამაცი პარტიზანის ბოლო მომენტები სიკვდილით დასჯამდე.



image



ეზოში გაიყვანეს და ხელები გაუშალეს, უფლება მისცეს დამტკბარიყო მზის უკანასკნელი სხივებით მის ცხოვრებაში. მსროლელთა რაზმი დაჯდა მოსაწევად, ხოლო სამხედრო ფოტოგრაფმა ბოლო კადრი გადაიღო. ჯალათები იღიმებიან – პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოკვლა უწევთ და მათთვის ეს ომის კიდევ ერთი დღეა.



გოგონას პოზაში ან სახეზე სიკვდილის შიში ან სინანული არ ჩანს – ობიექტივში იღიმის ისე, თითქოს ფოტოგრაფმა სეირნობისას დაიჭირა. რამდენიმე წუთში მისი სიცოცხლე შეწყდება – ჯარისკაცები, ზემდგომების ბრძანებით, ხიშტით გაგმირავენ, ვაზნების დასაზოგად.



image



ისტორიამ არ შემოინახა ფოტოგრაფის და ამაყი ჯალათების სახელები, მაგრამ თავად ჩენგ ბენჰუა გახდა ეროვნული გმირი თავის ქვეყანაში. მისი გმირობა არ ავიწყდებათ, ხოლო მშობლიურ სოფელში მის პატივსაცემად ძეგლიც აღმართეს. რა თქმა უნდა, მასზე გამოსახულია სწორედ ის მომენტი იაპონელის ფოტოგრაფიდან, სადაც გმირი სიკვდილს პირში უღიმის.



ასევე დაგაინტერესებთ:

ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“

0
584
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
584