x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134732
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
რკინიგზაზე...
image
ისიც კი მახსოვს, პირველად როდის ვიმგზავრე მატარებლით მშობლებთან ერთად. მაშინ ძალიან უწესრიგო და ათასნაირი ჯურის ხალხისათვის ერთგვარ ბუნაგადაც კი იყო ქცეული, თუმცა მისი „გუგუნ-ჩუქუნისას“ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. როცა ცხენივით აჭენდებოდა რიტმიდან ამოვარდნილი და ვაგონი მაღლა-დაბლა იწყებდა რხევას, მაშინ უკვე აპოგეას აღწევდა ჩემი სიხარული. არ ვიცი, რას ვადარებდი - გარდაუვალ შეუჩერებლობას თუ უბრალოდ სიჩქარეს გავეტაცებინე, მაგრამ ჩემი გულის ბაგაბუგიც მის ხმას აჰყოლოდა.

ბანქოს თამაში ხის ყუთებზე; სურსათით, თამბაქოთი და უამრავი წვრილმანით ვაჭრობა; სკამზე გაშხლართული ძილი და ახალგაცნობილებთან სახელდახელო სუფრაზე კარგად გამოთრობაც შეიძლებოდა იქ. სიმართლე გითხრათ, მაშინ ეჭვიც კი შემეპარა თუ მატარებლის ძირითად დანიშნულებას ხალხისათვის მგზავრობა წარმოადგენდა. რა მენაღვლებოდა, ჩემთვის ფანჯარასთან აკრული გავცქეროდი ჩაქროლილ კადრებს და ფანდურის საამო კეთილხმოვანებასაც ვაყურადებდი. ხანში შესული კაცი უკრავდა და მერე მოგონებებში მკრთალად კიდევ ჩამესმოდა ხოლმე. რაღაცით მაშინდელი ცხოვრების მაკეტს ჰგავდა ის მატარებელი: სიგარეტის კვამლით “სუნთქვაშეკრული” ხალხი, გაძარცვული ელექტრონათურების გამო ვაგონში მოძალებული „ბინდი“, ახლად ჩამსხვრეული მინიდან შემოჭრილი „სიცივე“ და ახალგაცნობილი მთვრალი მეგობრების „აურზაური“, ყველასაგან განდეგილად მყოფი „მძინარენი“ და ფულის მოგებით „გახელებული“ კარტის მოთამაშენი… ვაჭრები, მოთამაშეები, ლოთები, გლეხები, პატიოსნები, აფერისტები… - ყველანი ერთ ვაგონში იყვნენ და პირველად მაშინ ვიფიქრე, ხალხი ჭრელი ყოფილა-თქო. თუმცა ეს სიჭრელე დღითიდღე მატულობდა მას შემდეგ და თვალები ისე ამიჭრელდა, დღევანდელ დღეს საერთოდ ვეღარ ვანსხვავებ ფერებს და ვფიქრობ, ორი კატეგორიის დალტონიკი არსებობს: ერთია საღებავის ფერებს რომ ვერ ანსხვავებს და მეორე - ადამიანის ფერს. პირველი შემთხვევა ნამდვილად სჯობია მეორეს. მართალია სუსხი შერჩენოდა ამინდს, მაგრამ ისეთნაირად ჩაიხატა ჩემს მეხსიერებაში მაშინელი დღე, ალბათ აპრილის თვე იყო, ან მაისის დასაწყისი.

მიიჩქაროდა მატარებელი ცხოვრებასავით, მიქროდა დაუოკებელი სურვილებივით და თან მიჰქონდა ავ-კარგიანობით დამძიმებულ ადამიანთა გულები. გადასერდა მდინარეებზე გადებულ ხიდებს, ჩაუქროლებდა ნაყოფიერ ვაკეებს, ბუწკნარიან ფერდობებს და ერთიმეორის მიყოლებით უკან იტოვებდა სადგურ-ბაქნებს. რკინიგზისგან შორიახლოს მყოფი ხალხის მზერაც გვაცილებდა ზოგჯერ: ესენი ხან საძოვრებზე მყოფი მენახირეები იყვნენ, ხან სოფლების მცხოვრებნი და შემთხვევითი გამვლელნიც. ყოველი ჩვენთაგანივით თითქოს ცდილობდა განვლილ გზაზე კვალი დაემჩნია თავისი ლითონის ბორბლებით, მაგრამ რაწამს ჩაუქროლებდა ამა-თუ იმ ადგილს, ქრებოდა კიდეც არარსებობასავით. ეს მოგონება გუშინდელი დღესავით მახსოვს აქამდე და ეგებ, ჩემსავით სხვაშიც დაუტოვებია რაღაც კვალი მაინც. ასეთი ტრანსპორტი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ახლაც მიქრის ის მატარებელი დრო-ჟამის შესაფერად და ხანი ემატებათ მის მგზავრებს, ბავშვები იზრდებიან, ზოგი მამაჩემივით უცაბედადაც ჩადის თავის ბაქანზე და ვეღარ აგრძელებს ჩვენთან ერთად მგზავრობას. მე უკვე თითის წვერებზე დგომა აღარ მჭირდება ფანჯარაში გასახედად, მაგრამ ფანდურის ხმა მიწყდა და მისი მხიარული ჰანგებიც ბავშვობას გაჰყოლია თითქოს. ის, რაც მარადიულია, უკლებლივ შთანთქავს ყველაფერ წუთიერს და გაუქრია დროს რამდენი საყვარელი ადამიანის სუნთქვა. ფიქრებში მაინც ეფერები, იხსენებ მათთან გატარებულ საათებს, ისიც კი გენატრება, რაც მათში არასდროს მოგწონდა, ოღონდაც კი დაგანახა და, რადგან ეს მოგონებებია მხოლოდღა, რაც არ უნდა ახალგაზრდა იყო, რაღაცნაირად იგრძნობ, როგორ გადაგაქცევენ შენც მოგონებად. კარგად განვლილ ცხოვრებაშიც რამხელა სევდა ყოფილა, როცა სიცოცხლე ასე მოგწონებია და აი, ის-ისაა ილევა. კაცის ყოველ ბედნიერებასაც როგორ ფეხდაფეხ ასდევნებია ეს სევდა - ბედნიერების დაკარგვის შიშისა და ნამდვილად კი დამშვიდდებოდი, ჭეშმარიტად რომ გჯეროდეს, შენში მყოფი მარადიული სულისა.

ასე იყო თუ ისე, იმ დღის შემდეგ ჩემი ოცნება მატარებლის მემანქანეობა გახდა. გავუწყალე გული ყველას და იმდენი ვიძახე, სანამ ერთმა ნათესავმა ჟანგისაგან შეჭმული გასაღებები არ მომიტანა საჩუქრად, აჰა, “პრავადნიკის” გასაღებებიაო, ასე ეძახდა ყველა გამცილებელს, მათ შორის მეც და ეს სიტყვა უფრო ეშხიანად მეჩვენებოდა, ვიდრე უბრალოდ - გამცილებელი. ზუმფარის ქაღალდით ვხეხე, ვაპრიალე, ჟანგი მაინც ვერ მოვაცილე და დავათრევდი ჯიბით. მალე მომიგროვდა რამდენიმე ცალი, სულ ახალთახალიც კი ვიშოვნე და ისე ვუფრთხილდებოდი, როგორც მეფე თავის გვირგვინს, იმ განსხვავებით, რომ ჩემთვის გვირგვინზე ძვირფასიც იყო. როგორი უწყინარი ოცნებები გვაქვს თავიდან და ასაკის მატებასთან ერთად როგორ გვეცვლება სამწუხაროდ მოთხოვნილებები.


მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ოცნება გაფერმკრთალდა და მერე გაქრა კიდეც. ახლა ის გასაღებები ძველი მაგიდის უჯრაში ვიპოვნე, რომელიც ფარდულში მქონდა გათრეული და რომ არა ეს შემთხვევა, ძველი ოცნების არსებობაც კი მიმვიწყებოდა.

დღეს უკვე კომფორტული მატარებლებია, ზედაპირულად ხალხში წესრიგიც კი ჩანს, თუმცა ადრინდელი გარეგნულად გამომზეურებული ქაოსი ახლა შიგნით ჩაუმალავთ. რბილ სავარძელზე ვზივარ: არ მაწუხებს სიცივე, კვამლი და ხმაური, მაგრამ, ფანჯრიდან რომ ვიმზირები, ჩემი აზრის მიღმა, თითქოს აღარ მომწონს, გარეთ რასაც ვხედავ. ახალთახალ გასაღებსაც ცოტა ჟანგი მოსდებია, მაგრამ უწინდებურად ჯიბით ტარება დავუწყე. პარადოქსულია ჩემთვისაც, თუმცა იმ მელანქოლიურ მატარებელს ჰქონდა რაღაც უდარდელობისაც…


0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:მორის როსტიაშვილი
მორის როსტიაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0