x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"შემოთავაზება გადმომცეს ჩემსავე ქორწილში" - როგორ მოხვდა "დინამოში" ოთარ გაბელია
image

24 მარტს(1953წ.) დაიბადა ლეგენდარული მეკარე, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი ოთარ გაბელია.


როგორ მოხვდა დიდ ფეხბურთში და თბილისის "დინამოში"ოთარ გაბელია სხვადასხვა ინტერვიუების ამონარიდებიდან შევიტყობთ:


***ფეხბურთამდე ცეკვა იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში კი სპორტშიც ვვარჯიშობდი და ცეკვაშიც. სხვათა შორის, ანსამბლი, რომელშიც ვირიცხებოდი, რამდენჯერმე რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატიც გახდა.



***ოჯახში ფეხბურთის ბუმი იყო, თუმცა ასე არ იყო მაშინ მთელ საქართველოში? ჩაის მეურნეობაში ვცხოვრობდით, რომლის დირექტორი მამა იყო. იმ დროს ტელევიზორი ყველა ოჯახს არ ჰქონდა და როცა დინამოს მატჩებს გადმოსცემდნენ, ჩვენთან ყოველთვის 20-25 კაცი იკრიბებოდა.


***გუშინდელი დღესავით მახსოვს: ერთ დღეს მამა მოვიდა, ჟურნალი ოგონიოკი მოიტანა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძის ფოტო იყო და მითხრა: ა კაცი, რო დასდევ მაგ ბურთს, ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონ! 9 წლის ვიყავი და მამაჩემის სიტყვები გულში ჩამწვდა. მგონი, საბოლოოდ სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა.

image


***ჩვენს გუნდში სომეხი და რუსი ბავშვებიც თამაშობდნენ, მე კი თავდამსხმელი ვიყავი. მაგრამ ოგონიოკის ამბის შემდეგ, კარში ჩადგომა დავიწყე. ჩემი სკოლის გუნდი მალე ქალაქის ჩემპიონი გახდა, ფოთში, დასავლეთ ზონის ტურნირზე კი საუკეთესო მეკარე გავხდი! X კლასში რომ გადავედი, ზუგდიდის "დინამომ" მიმიწვია. იქ ორი წელი გავჩერდი, მერე კი სოხუმში გადავედი.


***სოხუმის დინამოში გატარებული წლები დაუვიწყარია! არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ იქ შევიცანი. იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ – ორივე ძლიერი სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.



***ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს ერევნის არარატთან ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. არარატის წინააღმდეგ დარასელიამ ბოლო 15 წუთს ითამაშა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ გუნდში დარჩენილიყო. ეს ის არარატი იყო, რომელიც ერთი წლის შემდეგ საკავშირო თასის მფლობელი და ჩემპიონი გახდა. ჩვენ მათ 3:2 მოვუგეთ!



***დინამოში ნოდარ ახალკაცმა მიმიწვია, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ მიხაილ იაკუშინი მაკვირდებოდა. თუმცა, მარტო მე არა – მის სიაში რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავაც იყვნენ. ნოდარ ახალკაცის შემოთავაზება ცხონებულმა გიგა ნორაკიძემ გადმომცა ჩემსავე ქორწილში – იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!



***დინამოში პირველად 1977 წლის თებერვალში ვითამაშე. ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად თბილისს ლუბლიანის ოლიმპია ეწვია და ახალკაცმაც ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ანგარიში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი სხვაობით მოვიგეთ. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს, 1977 წლის 22 მაისი იყო, ბაქოს ნეფთჩისთან 4:1 გავიმარჯვეთ. ბაქოელებმა ერთადერთი გოლი პენალტით გამიტანეს, თუ არ ვცდები აბასოვმა დაარტყა 11-მეტმეტრიანი.

0
495
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0