x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტი ძაღლებისთვის მალე დამტკიცდება
ამერიკის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ძაღლებისთვის დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტი უკვე თითქმის დაამტკიცა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე პროცედურა, რის შემდეგაც აშშ-ში ნებისმიერი ადამიანი მედიკამენტს საკუთარი შინაური ცხოველისთვის ნებისმიერ აფთიაქში შეიძენს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს მედიკამენტი რევოლუციური ცვლილებების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის დაბერების პროცესის შეჩერების გზაზე.


ბუნებაში დიდი ტანის მქონე ცხოველები როგორც წესი უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მომცრო ზომის ცოცხალი არსებები. მაგალითად სპილოს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თაგვის. თუმცა არსებობს გამონაკლისი და ამ გამონაკლისს ძაღლთა სამყარო წარმოადგენს. ძაღლებს შორის ეს ყოველივე პირიქით ხდება: მცირე ზომის ჯიშები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათი დიდი ზომის თანამოძმეები. ასე მაგალითად, ჩიხუახუას სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 13 წელია, როცა გერმანული ნაგაზის სულ რაღაც 9 წელს შეადგენს.


ამაში ადამიანია დამნაშავე — მან საუკუნეების მანძილზე, ხელოვნური სელექციის გზით მოზრდილი ჯიშის ძაღლები კიბოსა და სხვა დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადი გახადა. სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრა დაისახეს მიზნად იმ მკვლევარებმა, რომლებმაც დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს ძაღლებისთვის.


მედიკამენტი, რომელსაც LOY-001 ეწოდება, ძაღლის ორგანიზმში ზრდის ხელშემწყობი ჰორმონის, IGF-1-ის დათრგუნვას ახდენს, რომელიც მოზრდილი ჯიშების ინდივიდებში 28-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე ჯიშის ძაღლების ორგანიზმში, რაც მოზრდილი ჯიშების ინდივიდების ადრეული სიკვდილის მიზეზი ხდება.



მედიკამენტი 3-დან 6 თვემდე პერიოდის მანძილზე ინიექციის გზით შეჰყავთ მოზრდილი ძაღლის ორგანიზმში. ის 2026 წლისთვის მიიღებს ნებართვას. როგორც მისი მწარმოებლები ამტკიცებენ, მედიკამენტით შესაძლებელი გახდება, მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდეს ძაღლის ჯანმრთელი სიცოცხლე.


მიუხედავად ამ ყველაფრისა, IGF-1-ის დათრგუნვის გზით ძაღლის ორგანიზმში დაბერების მექანიზმის შენელება ავტომატურად არ არის გასაღები ადამიანის ორგანიზმში დაბერების შენელებისა, თუმცა ფირმა Loyal-ს, რომელიც LOY-001-ს აწარმოებს, აქვს რამდენიმე მედიკამენტი, რომლებსაც უშუალოდ ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებენ. მაგრამ ძაღლების დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტის დამტკიცების გზით შეიქმნება საჭირო პრეცედენტი მსგავსი მედიკამენტების დამზადებისთვის საკუთრივ ადამიანის შემთხვევაში, რაც ფაქტობრივად იმის აღიარების ტოლფასი იქნება, რომ სიბერე ავადმყოფობაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია.


ფდა

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0