x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ასპინძის სახელწოდების გამო
imageასპინძა საქართველოს ისტორიაში საკმაოდ ცნობილი სახელია. იგი იმ ბრძოლებთანაა დაკავშირებული, რომელთაც საქართველოს მეფეები აწარმოებდნენ ქვეყნის გასაერთიანებლად. სწორედ აქ, ასპინძის ომში, ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა, გამოჩენილი სარდლის, ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა რიცხობრივად მრავალჯერ მეტ თურქთა ლაშქარზე.
ასპინძის წარსულისადმი დაინტერესებულ თითქმის ყველა მკვლევარს, ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის (სოფლის), საწყისად მიაჩნია 888 წელი, წელი როდესაც „იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა“. „გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ს. ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“ (ივ.ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, 1983 წ. გვ. 102).

თვითონ სახელწოდება „ასპინძა“, გაიგივებული აქვთ სიტყვა „მასპინძელთან“ და მიაჩნიათ, რომ იგი არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სასტუმროს, ანუ სადგომს, საიდანაც შემდგომში წარმოიშვა მასპინძელი.
„ძირითადად საქარავნო-­სავაჭრო გზებზე სწრაფი მიმოსვლისათვის გამართული ჰქონდათ საფოსტო სადგურები, ქარვასლები (პირვანდელი სავაჭრო და სასტუმრო სახლები) „ასპინძები“. აქედანაა წარმოებული ქართული „ასპინძა“ და „მასპინძელი“ (დ.კოჟორიძე, „განახლებული მესხეთის ქალაქი“, თბ. 1969 წ. გვ.32).

თუ ასპინძის გეოგრაფიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ, მართლაც და მას მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული ადგილი უკავია იმისათვის, რომ აქ აეშენებინათ ვაჭართათვის ღამის გასათევებელი ქარვასლა ანუ ე.წ. სასტუმრო. აქ ერთიანდება ვარნეთის, დამალის, ოთისა და მტკვრის ხეობებიდან გამომავალი გზები, რომელნიც ერთმანეთთან აკავშირებს ხერთვისის, კლდეკარის, კოხტას, ვარნეთის ციხეებს და აქაურ მაცხოვრებლებს შეეძლოთ გარკვეული სიგნალით შეეტყობინებინათ მხარის მოსახლეობისათვის მტრის შემოსევა.

აქ, ასპინძაზე, გადიოდა აგრეთვე გზა, რომელიც ბიზანტიისა და სამხრეთის სხვა ქვეყნებს – სირია-პალესტინას, ეგვიპტეს, სომხეთს, საქართველოსთან აკავშირებდა. ამავე გზით შემოდიოდა სხვადასხვა ჯურის დამპყრობნიც, მათ შორის, რომაელნი, ბერძენნი, შემდგომში – თურქ-სელჯუკნი, სპარსნი და, ბოლოს, ამ გზით შემოვიდნენ ოსმალნი.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ასპინძის ტერიტორიაზე, არაბების შემოსევამდე, ყოფილა დასახლებული პუნქტი და არაბებს მხოლოდ სახელწოდება მიუციათ მისთვის. არის სხვა მოსაზრებაც, რომ, სწორედ არაბებს დაუარსებიათ აქ სოფელი (ქარვასლა), ე.წ. „ასპინძა“ ანუ „სამასპინძლო-სასტუმრო“, მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, თითქმის ვერ ნახავთ ისეთ შემთხვევას, როცა საქართველოში შემოსულ მტერს, დამპყრობს, დაეარსებინოს ქალაქი, სოფელი, პირიქით, მათ ქვეყნისთვის მოჰქონდათ ნგრევა, აწიოკება, ეკონომიური სიდუხჭირე, ამ გამონაკლისს არც არაბები წარმოადგენდნენ: 643 წელს არაბები პირველად გამოჩნდნენ საქართველოში, მათ მხოლოდ კახეთი დაიპყრეს, ხოლო სხვა კუთხეები და, მათ შორის, სამცხეც, – დაემორჩილა.
მალე საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს – კავკასია ხაზარებმა გადმოლახეს და ჩვენს სამშობლოს შემოესივნენ. შემდეგ ასპარეზზე კვლავ არაბები ჩნდებიან – მურვან-ყრუს მეთაურობით, რომლებმაც გააპარტახეს საქართველო. იმ პერიოდში არაბებმა დიდად შეავიწროვეს ქართველი მთავრები, მათ შორის აშოტ კურაპალატიც (786-826), რომელიც არტანუჯში დასახლდა. ამას 854-855 წლებში კვლავ მოჰყვა ბუღა თურქის ლაშქრობა.
ეს მაგალითები იმისათვის მოვიყვანეთ, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს იმ პერიოდზე, როცა ასპინძის მიდამოებში საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლები უნდა მომხდარიყო. თვითონ მესხეთი და, მათ შორის, სამცხის ხევი, არაბების ორბიტაში აქტიურად არ ყოფილა მოქცეული, იგი უფრო ბაგრატი­ონთა გასაძლიერებლად გამართული ომების ასპარეზად იყო ქცეული.


imageორი ათეული წლის წინ, ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ასპინძის ციხის სიახლოვეს, მიწის სამუშაოების ჩატარებისას, 12 ცალი ბიზანტიური მონეტა ვიპოვნე. ისინი აღმოჩნდნენ დამტვრეულ ჭურში, რომელსაც მკვეთრად ემჩნეოდა ხანძრის კვალი, მის გვერდით სამარხიც აღმოჩნდა, სპეციალისტებმა მონეტები VI საუკუნით დაათარიღეს.

აღმოჩენილმა განძმა ასპინძის ისტორიით კიდევ უფრო დამაინტერესა, დამაფიქრა, კიდევ ერთხელ კრიტიკული თვალით შემეხედა ადრე გავრცელებული აზრისთვის – ასპინძის წარმოშობისა და სახელწოდების გამო, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ წლებში თვითონ ასპინძის ტერიტორიაზე, მერიის შენობის წინ, აღმოჩენილია ძველი სამარხები, რომელთა ასაკი არქეოლოგებმა ადრე ბრინჯაოს ხანით განსაზღვრეს. აქვე აღმოჩენილია პირველი საუკუნით დათარიღებული არაერთი ექსპონანტი, ხოლო ერეკლეს ნახიდართან, სატრაქტორო სამუშაოების ჩატარების დროს, მცირე ბორცვზე, აღმოჩნდა ანტიკური ხანის სალოცავი შენობის ნაშთები, მრავალი ნასახლარი და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე ხშირად გვხვდება რკინის, სპილენძის წიდები, – ფოლადის წარმოების ნაშთები.
ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ასპინძასა და მის მიდამოებში ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც, დახელოვნებული მეტალურგები ყოფილან, – აქედან ვრცელდებოდა მთელ ახლო აღმოსავლეთსა და, მათ შორის, ირანში, სპილენძი და მისი ნაწარმი, ხოლო იმ ადგილს, სადაც „სპი-რენ-ძის“ წარმოება-დამუშავება და შემდგომში გავრცელება ხდებოდა, ეწოდა სპილენძის წარმოების ადგილი (ანუ, თუ ძირს სადაურობის აღმნიშვნელ ასოს დავუმატებთ, მივიღებთ – „ა-სპი-რე-ნძ-ა“-ს. აქ საჭირო იყო გაემართათ სადგომები ანუ სასტუმროები სპილენძისა და ამ მეტალის ნაწარმის შესაძენად ჩამოსული ვაჭრებისთვის. როგორც ჩანს, ასპინძა და მისი შემოგარენი, უხსოვარი დროიდან მჭიდროდ დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო.
აქ მცხოვრები ტომები არა მარტო სოფლის მეურნეობით ყოფილან დაკავებულნი, არამედ შესანიშნავი მეტალურგებიც არიან, – ფლობდნენ რკინის, სპილენძის, თითბერისა და სხვა მეტალების დამუშავების ტექნოლოგიებს.

როგორც ცნობილია, თითბერის სახელწოდება ზოგიერთ ევროპულ ენაში (მაგალითად გერმანულში – messing, ანგლოსაქსონურში – mosiling, ძველნორმანდიულში – messing, ჰოლანდიურში – mosiandz) მომდინარეობს მოსინიკების ტომის სახელწოდებისაგან.

რკინის, განსაკუთრებით ფოლადის, წარმოებაც ბერძნებს ქართველი ტომებისაგან შეუსწავლიათ, ეს კარგად ჩანს ფოლადის ბერძნული სახელწოდებიდანაც: „ხალჳფს, ხალჳ -ბდიკოს - ხალიბების ტომის სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი და ნიშნავს ხალიბურს“ (შ.ძიძიგური, „სამეცნიერო საუბრები“. თბ. 1982 წ. გვ. 207).

ბრინჯაოს ევროპული სახელწოდებაც წარმომდგარია სპარსული „ბირინჯისაგან“, ხოლო სპარსული სიტყვა შეთვისებულია ქართული ენიდან. ქართულად სპილენძი, როგორც ეს პირველად ნიკო მარმა ახსენა, წარმომდგარია ამგვარად: „სპილენძ“ – და ნიშნავს „სპიერს“ ანუ „ისპირის“ – მადანს. ეს ეტიმოლოგია გაიზიარა ივ. ჯავახიშვილმაც (შ.ძიძიგური. იქვე.). აქ ჩვენ სპარსეთი ვახსენეთ. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ საქართველო მჭიდროდ იყო დაკავშირებული სპარსეთთან.

„შვილო ჩემო, დატოვე მამაშენის სამყოფელი. წამიყვანე მე ჩემ მამულში – ასპანს (ირანს), ჩემ ძმებთან, იქნებ შენ ცოცხალი გადაურჩე აზოს“. ძალიან უმძიმდა ფარნავაზს სამშობლო ქვეყნის მიტოვება, მაგრამ ბიზანტიური მონეტები - VI ს. სხვა გზა არ იყო, დაეთანხმა დედას და ასპანს წასვლა გადაწყვიტა“ (კ.გრიგოლია, „რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება“, თბ. 1971 წ. გვ.92).

როგორც ჩანს, ფარნავაზ მეფის დედის მშობლიური მხარე „ასპანა“ ყოფილა. ამ სახელწოდების დასახლებული პუნქტი დღეისათვის საქართველოში არ გვაქვს. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში „თავფარავნელი ჭაბუკი“ მოხსენებულია დასახელებული პუნქტი სახელწოდებით „ასპარა“. „თავფარავნელი ჭაბუკი ასპარას ქალსა ჰყვარობდა“.
„ასპარა“ ამჟამად ნასოფლარია ფარავნის ტბის ნაპირას, ნინოწმინდის რაიონში. ეს სახელწოდება შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ფარნავაზის დედის მშობლიურ ასპანასთან, ან, პირიქით, – სავარაუდოა, რომ ასპინძის რაიონში გავრცელებული გვარის „ასპანიძენი“ ანუ „ასპანისძენი“, წარმოშობით დაკავშირებული იყოს გეოგრაფიულ პუნქტთან – ასპანასთან.

image„ასპარა“ ეტიმპოლოგიურად ძალიან წააგავს „ასპანას“, ხოლო „ასპანა“ ბევრ მკვლევარს ასპინძაში ეშლება. ასე, რომ, საფუძველმოკლელბული არ იქნება აღნიშნული პუნქტების წარმოშობის ძირი ერთი და იგივე მნიშვნელობისა იყოს. მიმაჩნია, რომ ასპინძა წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე და დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც აქ მცხოვრები ხალხი – ქართველური ტომები ეწეოდნენ, კერძოდ, სპილენძის წარმოებასთან. როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი ამტკიცებს – „ძველი მესხეთი და მისი შუაგული სამცხე, ოდესღაც გურჯების ბუდედ ითვლებოდა. აქ გამოიგონეს მოსოკებმა და თუბალებმა რკინა და ბრინჯაო. აქედან წამოვიდა საქართველოცა და განათლების უმძლავრესო ნაკადიც“.
აქ ისიც კარგად ჩანს, რომ ასპინძასა და მის მიდამოებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელნიც დახელოვნებული მეტალურგები ყოფილან, აქედან ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთსა და, მათ შორის, ირანში, სპილენძი და მისი ნაწარმი. ხოლო ადგილს, სადაც „სპი-რე-ნძ-ის“ წარმოება-დამუშავება და შემდგომში გავრცელება ხდებოდა, ეწოდა სპილენძის წარმოების ადგილი, ანუ (თუ ძირს სადაურობის აღმნიშვნელ ასოს დავუმატებთ, მივიღებთ – „ა-სპი-რე-ნძ-ა“.

აქ საჭირო იყო გაემართათ სადგომები, ანუ სასტუმროები სპილენძისა და ამ მეტალის ნაწარმის შესაძენად ჩამოსული ვაჭრებისთვის. დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა ადგილის სახელმა, შეიკვეცა ფუძე, რის გამოც ამოვარდა ბგერები რე და დაგვრჩა ძირი სპინძ, ხოლო სადაურობის აღმნიშვნელმა ასოებმა მოგვცა გეოგრაფიული სახელი ა-სპინძ-ა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ტომებისაგან შეისწავლეს და შემდგომში განავითარეს რკინის, ბრინჯაოს, სპილენძის წარმოება-დამუშავება. იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებმაც დასაბამი მისცეს ფოლადის, მათ შორის, ელასტიური ფოლადის წარმოებასა და გავრცელებას, მიაღწიეს მათზე მეტ შედეგს, ვისგანაც ისწავლეს იგი, შესაძლებელია რომ მესხთა ტომებმაც და, მათ შორის, ასპინძამაც დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა, რომ იტყვიან, ამოწურა თავისი ფუნქცია – ასპინძა, როგორც სპილენძის წარმოება-დამუშავების პირვანდელი ადგილი ანუ აკვანი, დავიწყებას მიეცა. მისი სახელწოდება არაბულად მიიჩნიეს და მხოლოდ მასპინძლად, ანუ სტუმრად აღიქვეს.

*

ავტორი: დურმიშხან ბერიძე, ისტორიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ჟურნალისტი.

0
365
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0