x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508938
რა ხდება ბოდბის მონასტერში?
image
"ბოდბის მონასტერში ადრე ერთი რუსულენოვანი ქალი იყო - მონაზონი ლიზავეტა. თუ არ ვცდები უკრაინელი იყო, მგონი გვარად სიდორენკო. ახალგაზრდობაში ფეხით წამოსულან ის და კიდევ რამდენიმე მონაზონი წმინდა ნინოს გამო რუსეთიდან თუ უკრაინიდან, ბოდბეში მოსულან და აქ დარჩენილან. მთელი ცხოვრება აქ ჰქონდა გატარებული ლოცვაში. უკვე 80 წელს გადაცილებული იყო ლიზავეტა ჩემ ბავშვობაში. მის მიმართ ძალიან დიდი ზიზღითა და სიძულვილით გამოირჩეოდა ბოდბის მონასტრის წინამძღვარი დედა თეოდორა (ქეთევან მახვილაძე).
ჩემი მეხსიერება ვერ შლის და ივიწყებს ბავშვობაში დანახულ კადრს ეკლესიაში წირვის დროს კართან და კედელთან ახლოს თავისთვის ჩუმად მდგომ ლიზავეტას ხელი როგორ ჰკრა თეოდორამ და კედელს მიანარცხა. მახსოვს როგორ ტიროდა ხოლმე ეს ნამდვილი მონაზონი მოხუცი ქალი და მოსდიოდა ცრემლები იმის გამო, თუ როგორ ამწარებდა თეოდორა და ეკლესიაში წირვაზე შესვლის უფლებასაც არ აძლევდა. არ ვიცი რატომ უკრძალავდა, ან რა უფლება ჰქონდა ღმერთის წინაშე... ბოლის სუნი ჰქონდა ხოლმე ძალიან და შეიძლება ზიზღის გამო? არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი რომ ბავშვობაშივე დავინახე თეოდორაში უღმერთობა, უტიფრობა და ბოროტება.
ლიზავეტას პატარა ბარაკი ჰქონდა მონასტრის ეზოში და იქ ცხოვრობდა, შეშის ღუმელი ედგა. მისი ბარაკის სპეციფიური კვამლის სუნი ახლაც მახსოვს... თავისი ხელით მოჰყავდა მონასტრის ეზოს პატარა ბაღში მწვანილი და ცოტა ბოსტნეული.
თეოდორა მას მონასტრის იმ შენობაში არ უშვებდა სადაც სხვა მონაზვნები ცხოვრობდნენ და საჭმელსაც არ აძლევდა. დედაჩემს ჩაჰქონდა ხოლმე მასთან საკვები, ხან მე მატანდა, რომ მისთვის მიმეტანა. ერთხელ მე და ჩემმა ძმამ ტყეში ერთი ტომარა სოკო მოვკრიფეთ და ლიზავეტას წავუღეთ, სოკოს ცნობა იცოდა... ისეთი მშიერი იყო, უმ სოკოს დაუწყო ჭამა და მთელი ტომარა მას დავუტოვეთ.
ბევრი მონაზონი გააგდო და გაყარა ბოდბის მონასტრიდან თეოდორამ.
გამოაგდებდა ხოლმე გარეთ ღამე და ჭიშკარს შიგნიდან უკეტავდა. ხშირად გაღებულა მისგან გამოყრილი მონაზვნებისთვის ჩემი ოჯახისა და სახლის კარი და მისგან გამწარებული არაერთი მონაზვნის ცრემლები მინახავს ჯერ კიდევ პატარა ბავშვს. ადგილობრივ ძირძველ მოსახლეობასაც სიცოცხლე გაუმწარა და მოუსპო, სოფელი გააქრო ამ ფსიქოპათმა და გარშემო თავისნაირი მონაზვნები და ცოცხალი ორგანიზმები შემოიკრიბა. მანქანით რომ მიადგებოდა ხოლმე მონასტრის ჭიშკარს, არ გადმოდიოდა და გაბმულად ასიგნალებდა, სანამ მონასტრის მორჩილი ან წევრი არ გამოვიდოდა და ჭიშკარს არ გაუღებდა. არადა რა იყო განა, მანქანის კარი რომ გაეღო და 6-7 ნაბიჯი გადაედგა თვითონვე გააღებდა, მაგრამ ამას არ აკეთებდა. ასეთი ქცევით ცდილობდა თავისი, როგორც წინამძღვრის (მთავრის) უპირატესობის დემონსტრირებას მონასტრის სხვა წევრებთან.
ჩემ ბავშვობაში, მის მოსვლამდე ბოდბეში (იგივე ქედელი) ეკლესიის ეზო და მონასტერი გაყოფილიც კი არ იყო. სამრეკლოს წინ ჩამოდიოდა კიბეები, რომელიც ეკლესიისა და მონასტრის ეზოს ერთმანეთთან აკავშირებდა. ის კიბეები იღუმენია თეოდორამ მოანგრია, მის ადგილზეც გალავანი ამოაშენა და საერთოდ ჩაკეტა მონასტერი. გარედან კი ყველგან დააწერა: შესვლა არ შეიძლებაო. ახლაც ასე აწერია "შესვლა არ შეიძლება"! მხოლოდ მათი დაქალებისა და ნათესავებისთვის შეიძლება შესვლა და დარჩენა რამდენ ხანსაც მოესურვებათ.
ქალთა მონასტერში კაცის ყოფნა საერთოდ დაუშვებელია, მამამისისთვის კი სანატორიუმი იყო ბოდბის მონასტერი. სახლის ფანჯრებიდან დილაობით არაერთხელ დაგვინახავს როგორ გამოდიოდა მონასტრიდან მამამისი გზაზე სავარჯიშოდ სპორტულ ფორმაში. დედამისიც წლების განმავლობაში მონასტერში ყავდა და მონაზვნებს ავლევინებდა.
როცა აქაურმა მოხუცმა ქალმა ფეხი მოიტეხა, მას ასეთი ულტიმატუმი წაუყენეს: სახლს თუ გადმოგვიფორმებ მოგხედავთ, თუ არა და არაო.
ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, თეოდორას მონასტრის წინამძღვრად დანიშვნის შემდეგ, ღამის პირველი საათიდან მოდიოდნენ მონასტერში ძვირადღირებული მანქანებით, ჭიშკარს უღებდნენ, შეყავდათ და დილის 6 საათისკენ მიდიოდნენ უკან. ჩემი სახლის ფანჯრები გზას უყურებს და კარგად ჩანდა ეს ყველაფერი.
არ ვიცი ვინ იყო ეს ხალხი და ვინ მოდიოდა ასე ღამღამობით, თუმცა ეს ღამის ვიზიტები ახლაც გრძელდება. დღისით კი ხშირი სტუმრები მოქმედი ხელისუფლებების წევრები და სხვადასხვა თანამდებობების პირები იყვნენ და არიან. გამოიშლებოდნენ ხოლმე მონაზვნები თეოდორას თაოსნობით და მიაჩეჩებდნენ ხელში მეტრიან სანთლებს და ეპატიჟებოდნენ მონასტერში ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებს, პრემიერ მინისტრებს, პარლამენტარებს და მათთვის სასურველ სტუმრებს ტრაპეზად წოდებულ ნადიმებს უმართავდნენ და უმართავენ, ისინი კი უკოცნიდნენ და უკოცნიან ხელებს.
ლიზავეტას ბარაკის ადგილზე თეოდორას ინიციატივით ახლა მონასტრის საეკლესიო მაღაზიაა, სადაც ძვირფას ხატებსა და ძვირფას ნივთებს ყიდიან. მხოლოდ საეკლესიო მაღაზიიდან ათასობით ლარია მონასტრის დღიური შემოსავალი, მაგრამ მაინც გამუდმებით წუწუნებენ მონასტერს გვიჭირსო. ეკლესიის წინ კაფეც აქვთ "პილიგრიმი", ბევრს არ გავაგრძელებ მათი ბიზნესების ჩამოთვლას, ბოდბის მონასტრის მაღაზიაზე შევჩერდები, თბილისსში რომ აქვთ და როგორც თავად ამბობენ ვითომ დედების დაღლილი ხელებით მოყვანილი მადლკურთხეული ბოსტნეული რომ იყიდება იქ, სინამდვილეში კი მუშებს ამუშავებენ, მონაზვნები აიფონებით და სმარტფონებით ხელში იქვე დგანან ჩრდილში და მათ სიგარეტის მოწევის დროსაც უკონტროლებენ. ბოლო დროს მოუთხოვიათ შავი ტანსაცმელი ჩაიცვითო, ხალხის ყურადღება რომ არ მიიქციონ ფერადი ტანსაცმლით.
ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი და ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი სანამ ცოცხალი ვარ.
როგორი პრიმიტიულებიც ხართ, ისევე პრიმიტიულად მოქმედებთ სიმართლის წინააღმდეგ. ბრბოს რომ შემოგვისევთ და მოგვისევთ ხოლმე, მომკლავთ, შემაშინებთ თუ გავიბზარები?!
გაბზარვით მე არ ვიბზარები და სიკვდილს კი უთქვენოდაც ბევრჯერ მივვახლოვებივარ და ვთვლი რომ ადამიანისთვის სიკვდილთან ახლოს სიცოცხლე ყველაზე უფრო მშვენიერია! მე უფრო ის თქვენი სულიერი მძევლები მეცოდება სიმართლე რომ იციან, მაგრამ თქვენი შიშით გატრუნულან და ამ შიშის გამო სიმართლისა და ღმერთისთვის ზურგის შექცევა შეუძლიათ, თანაც "ღმერთის სახელით".
ვითომ მორწმუნეები რომ შემოხტებით ხოლმე ნუ განიკითხავო, თქვენ თუ სარწმუნოებას იცავთ თეოდორასგან და მისნაირებისგან უნდა იცავდეთ ეკლესიას და თუ ისეთი დიდი "მადლისკენ" მიიწევთ, რომ მისი განკითხვა არ გსურთ, მოდით, მაშინ ნურც მე განმიკითხავთ და თუ ჩემი სიმართლე არ მოგწონთ, მოიპოვეთ სულის სიმშვიდე და უფალს მიანდეთ ჩემი განკითხვა თუ მართლა ასეთ დიდ რწმენაში ხართ და თუ ფარისევლები არ ხართ. მე ხორცი არ მიჭამია 14 წელია რადგან ცხოველების სიცოცხლესაც პატივს ვცემ, თქვენსავით გავეშებული არ ველი მარხვის დასრულებას და ღმერთსაც მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე ან კონკრეტულ დროს კი არა, იმ ცხოველების ცრემლიან თვალებშიც ვხედავ, ყელის გამოჭრის დროს რომ უცრემლიანდებათ და შველას ითხოვენ, მაგრამ მაინც კლავთ იმიტომ რომ შეჭამოთ, დააკონსერვოთ ან "დუბლიონკები" ჩაიცვათ. ამიტომ თქვენგან კრიტიკა ცოტა ძნელი მისაღებია ჩემთვის და მიმანდეთ მე ცოდვილი უფალს, დაე ის იყოს ჩემი მსაჯული.
ბავშვობაში მინახავს ნამდვილი მონაზვნები მონასტერში და მე ის ვიცი, რომ მთავარი სამოსის ფერი არაა, მთავარია გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და მართალი იყო ღმერთის, სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშეც. განა შეიძლება მონასტერი ღვიძლის პაშტეტის წარმოებით იყოს დაკავებული და ქილებს ბრენდულ ნიშანს აკრავდეს - "ბოდბის დედათა მონასტერი"ს სახელწოდებითა და ლოგოთი და ჩვენი წარმოებული ღვიძლის პაშტეტები იყიდეთ თბილისსში ბოდბის მონასტრის მაღაზიშიო თან ფეისბუკზე არეკლამებდეს?!.
ეკლესიის ეზოდან მიცვალებულთა ძვლები ხომ საფლავებიდან ორიათასიანი წლების დასაწყისსშივე ამოყარეთ და სანაგვეზე გადაყარეთ, საყვავილეები უნდა გავაკეთოთო. ძაღლები ათრევდნენ თქვენ მიერ ნაგავსაყრელზე გადაყრილ ძვლებს და დედაჩემმა და ძირძველმა მკვიდრმა მოსახლემ გოგია პაპამ მოაგროვეს და დამარხეს. გოგია პაპას სახლიც ხომ ჩაიგდეთ ხელში როგორც გინდოდათ, სიცოცხლეში რომ ეუბნებოდით გაგაგიჟებთო შვილმკვდარ კაცს და ჭინკებივით ემანჭებოდით, რომ გაგეღიზიანებინათ, მერე გაგინებდათ და გიჟიაო აბრალებდით. ხომ ჩაიგდეთ ხელში მისი სახლიც და ხომ დაანგრიეთ და წამოჭიმეთ მის ადგილზე მონასტრის კაფე "პილიგრიმი", როგორც გქონდათ ჩაფიქრებული. თქვენ ხართ მონაზვნები?! თქვენ ბიზნეს ლედები ხართ! ქრისტესა და წმინდა ნინოს სახელით მოვაჭრე ფარისევლები!
გაოცებული დავრჩი, როდესაც ერთ დღეს ლიზავეტა ვნახე ფოტოზე ბოდბის მონასტრის მიერ დაბეჭდილ ბუკლეტში... სადაც თეოდორა მონასტრის ამაღორძინებლად იყო წარმოჩენილი. გადაუცვამთ ლიზავეტასთვის რაღაც მოქარგული წინსაფარივით, სქემით შევმოსეთ ჩვენი უხუცესი მონაზონიო, სახელიც გადაურქმევიათ, გარს მოჰხვეოდნენ ბოდბის მონასტრის ის მონაზვნები რომლებიც გადაურჩნენ თეოდორას მიერ მონასტრიდან გაყრას, რადგან მისი პირადი ნდობა მოიპოვეს სიცრუისა და ბოროტების მსახურების გზით და ფოტოზე ლიზავეტაზე გარშემორტყმულნი კარგად რომ გამოსდით ისეთი "სათნო სახეებით" იღიმოდნენ.
ამ ფოტოებზე ლიზავეტაა. ეს იყო მისი ბარაკი, სადაც ცხოვრობდა და დღის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ფოტოები დედაჩემის მიერ არის გადაღებული. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გააზიაროთ პოსტი.
– __
პოსტის ავტორი: რუსუდან გორდეზიანი
0
143
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0