x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
"ვიტყვი იმას, რაც დიდი ხანია მინდა ვთქვა......" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეწამყვანი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ევროპული საქართველოს" წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის ძაღლების უფლებებთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ სტატუსს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"ყურადღება მიიქცია სოციალურ ქსელებში თამარა ჩერგოლეიშვილის მოსაზრებასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა. თავად ამ მოსაზრებაზე ღრმა დისკუსია არ არის ახლა ჩემი ინტერესის სფერო, რაც მთავარია მარტივი აღსაქმელი იყო, რომ ცხოველების მიმართ სისასტიკეს არ ამართლებს, დანარჩენი თეორიულ –“სქოლასტიკური“ დისკუსიებია უფრო ჩემთვის ამ ეტაპზე, უფრო ტერმინოლოგიური ინტერპრეტაციების სფერო. მეზარება ჩართვა. არ მაქვს ისეთი ღრმა ცოდნა ამ სფეროში, რომ არგუმენტირებულად ვიდაო და არც დრო მაქვს ახლა, რომ ჩავუღრმავდე. მომავალში ვიზამ. ახლა სხვა რამეზე ვწერ. ერთი შეფასება მომხვდა ყველაზე მეტად თვალში: ეს რა უბედურებააო, ეს როგორ თქვაო, ამომრჩევლებს პოლიტიკოსების იმედი აქვთ და ამიტომ პოლიტიკოსებს თვითცენზურის ვალდებულება აქვთო.


ანუ, როგორც მივხვდი, ამ პოსტის ავტორმა ჩემგან განსხვავებით ჩათვალა, რომ ცხოველები არ ევასება ჩერგოს, ოღონდ ეს რომ ღიად თქვა, ამან შეაშფოთა, “საჯარო კომუნიკაციის დისციპლინა“ დაუწუნა. აქ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ პოლიტიკოსი შეიძლება მამენტ სისასტიკესაც ემხრობოდეს, ოღონდ მთავარია ეს არ თქვას ღიად. აი, პოლიტიკის ასეთმა აღქმამ გვიტირა სინამდვილეში დედა ამდენი წელი. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი იმას, რაც დიდი ხანია მინდა ვთქვა პოლიტიკოსებზე, დიდწილად ოპოზიციაზე, თორემ ქოცები არ მაინტერესებს.

ადამიანმა (ამ შემთხვევაში ჩერგომ) გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. გამოხატვის ფორმებს და ლექსიკას რომ თავი გავანებოთ, ვის მოწონს და ვის არა, ეს ადამიანი აკეთებს შემდეგს: პრაქტიკულად ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, ყველა შესაძლო შემთხვევაში ყვება თავისი აზრების შესახებ ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, ძაღლზე, ძროხაზე, ბალახზე, განათლებაზე, გეოპოლიტიკაზე, თავის დამოკიდებულებებზე პროცესის მიმართ, ადამიანების მიმართ, საკითხების მიმართ. აშკარად ცდილობს მოემზადოს, გაიზარდოს. ხვალ უფრო კომპეტენტური იყოს, ვიდრე დღეს არის, აშკარად ცდილობს თანამოაზრეები მოძებნოს. რამდენი ადამიანი დაიჯერებს ან მოიწონებს მის აზრებს, ვნახავთ მომავალში, მაგრამ თუ თავისი აზრები არ თქვა გულწრფელად, თანამოაზრეებს როგორ მოძებნის? და პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა როგორ უნდა მოძებნოთ თანამოაზრეები, როცა თქვენი აზრები საერთოდ არ ვიცით რეალურად? დაქირავებული პოლიტტექნოლოგი რომ გამოთვლის, ვის რა ესიამოვნება, ქაღალდზე დაწერს და იმას მპირდებით მერე თუთიყუშის მონდომებით, ვერც აბამთ თავს წესიერად, იმიტომ რომ თქვენი არ არის.


თქვენი, პერსონალურად თქვენი ხედვები მაინტერესებს, თქვენი წარმოდგენები ყველაფერზე დეტალურად. თქვენი ხედვების და წარმოდგენების შესაბამისად, თქვენ და თქვენი ეკონომიკური გუნდი რომ დათვლით, იმდენს უნდა დამპირდეთ და კარგად უნდა ამიხსნათ, რატომ ამდენი და არა მეტი ან ნაკლები, ერთი მესიჯი რომ ჩავარდება ჩატში და მერე იმას იმეორებს ყველა, ნეტა იცოდეთ რა ცუდი სანახავი და მოსასმენია. აღარ ისმინება, არ მოდის გულამდე და ტვინამდე, იმიტომ არის რომ ამომრჩეველი თავისთვის არის და თქვენ თქვენთვის. გამოდით, მოყევით, რას ფიქრობთ, რა გინდათ, რა იდეები გაქვთ, თუნდაც სადაო, “თვითცენზურის“ გარეშე, რომ ვიცოდეთ რას ველოდეთ თქვენგან და რა მოგთხოვოთ მომავალში. ყველაფერზე მოყევით თქვენი აზრები, ცხოველზე, მცენარეზე, ადამიანზე, გალაქტიკაზე, აბორტზე, გლობალურ დათბობაზე.


ვიდაოთ, იქნებ ამასობაში ვიღაცეებმა აღმოაჩინონ, რომ თქვენი თანამოაზრეები არიან, იქნებ ასე დავჯგუფდეთ თანდათანობით. რატომ მაწუხებს ძალიან ეს ამბავი? იმიტომ რომ სანამ პოლიტიკა იდეების ჭიდილის ასპარეზის ნაცვლად ოპორტუნისტების კეთილმოწყობის ასპარეზი იქნება, სანამ პოლიტიკა თანამოაზრეობაზე დაფუძნებული საქმე არ გახდება და სანამ პოლიტიკური მხარდაჭერაც თანამოაზრეობას არ დაეფუძნება, სულ ასე ფრუსტრირებულები ვიქნებით და არ გვეღირსება ლოგიკური, რაციონალური და სწორი პოლიტიკური პროცესი, ვიღაც ას ლარად გაიყიდება და ვიღაც 100 ათასად, გვეყოლებიან ბელადები და მათი სექტები და ვიქნებით დიდხანს ასე დედანატირები."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


ახლა კი გთავაზობთ "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებლის მიერ ძაღლების უფლებებთან დაკავშირებით დაწერილ იმ სკანდალურ პოსტს, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია:


"იმ ფილოსოფიით, რისიც მჯერა და რითიც ვცხოვრობ, არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე.

ჩემი უფლებები მავალდებულებს ეს უფლებები დავიცვა ჩემთვის და სხვებისთვის.

ჩემთვის არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე.

შესაბამისად, მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს, რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია.

ეს ჩემთვის ასეა და ასე დარჩება, როგორ სათნოებადაც არ უნდა მიიჩნევდეთ ცხოველთა უფლებებზე საუბარს და აპიპინებდეთ, იმიტომ რომ სწორი ესაა. მე ვარ სწორი, თქვენ – არასწორი.

რაც შეეხება სისასტიკეს, ადამიანები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოველებზე სისასტიკე ისჯება, არა იმიტომ, რომ ცხოველების უფლებები არსებობს და ირღვევა, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარ ჯანსაღ საზოგადოებებში სისასტიკე მიუღებელია.


თუმცა სისასტიკის აღქმაც განსხვავებულია ჩვენ შორის.

ვიღაცისთვის სისასტიკეა სტეიკის ჭამა.

ვიღაცისთვის სისასტიკეა საახალწლო სალუტებით ცხოველების შეწუხება.

ვიღაც სიტყვებს უფრო მეტად უფრთხილდება და სისასტიკედ მხოლოდ ტკივილის მიყენების მიზნით და განზრახვით ჩადენილ ქმედებას მიიჩნევს და ასეთი ქმედების დასჯას ითხოვს – მაგალითად მე.

რეალობა ისაა, რომ თუ ქართულ დემოკრატიას განვითარება უწერია, ამ თემაზე კამათი არ შეწყდება და მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები – სისასტიკე ისაა, რაც ტკივილის მიყენების განზრახვით ხდება და უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა ადამიანის მიმართ ხდება, თუ ცხოველის.


რაც შეეხება პეტარდების და სალუტების აკრძალვას, იმ სახელმწიფოში, რისკენ სვლაც მინდა, ხმაურის რეგულირება თვითმმართველობის საკითხია და არა ცენტრალური მთავრობის.

თუ რომელიღაც სოფლის, დაბის, უბნის, ან ქალაქის მაცხოვრებლებს სურთ უხმაურო გარემო, ეს მათი ნებაა და წარმომადგენლობით დემოკრატიაში ეს არჩევნებით იოლად წყდება.

ცენტრალურ მთავრობას ხმაურთან არაფერი ესაქმება.

და მაინც რომელ ცხოველებს აქვთ უფლებები?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფლებები ჰქონდეთ?

ხამანწკებს აქვთ უფლებები?

თუ ხამანწკებს აქვთ, ბაქტერიებს არ აქვთ?

ინდაურებს?

მელიებს?

ადამიანი რომ ძაღლს აწამებს, ადამიანის პასუხისმგებლობა დგება - ან შეიძლება დადგეს.

და მელია რომ ინდაურის უფლებას შელახავს, ვისი პასუხისმგებლობა დგება?

როგორ ალაგებთ ამას თავებში?

როგორ აწესრიგებთ?

და თუ არ მოგიწესრიგებიათ, ამ დომხალს როგორ ეგუებით “ნერიახებო”? ????

P.S. ღირებულებითი და სისტემური დომხალის საუკეთესო მაგალითი ისაა, რომ ხამანწკის უფლებებზე მოდარდეთა უდიდეს ნაწილს ადამიანის ემბრიონი უჯრედების გროვად მიაჩნია და ჩემი სხეული ჩემი საქმეაო, სხვის სხეულზე კივის."- დაწერა ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
285