x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გიორგი ლეონიძე - სამი საუკეთესო ლექსი
image

27 დეკემბერს დაიბადა ქართველი მწერალი და სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე, რომლის "ნატვრის ხე" ყველამ იცის, ზოგიერთმა ლექსმა კი იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ზოგს ხალხურიც კი ჰგონია.


პოეტის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ მის სამ ლექსს, რომელსაც პრეტენზია აქვს საუკეთესოთა შორის საუკეთესოების სიაში იყოს:


image


ნინოწმინდის ღამე


ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში – ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ – ვეფხვი დაქალებული…
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.
ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!
image
არ დაიდარდო, დედაო...
1943 წლის ნოემბერში ტამანის ნახევარკუნძულზე
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი,
ლევანი რქმეოდა.
ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!
ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...
ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!
არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.
მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...
ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.
თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.
არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!
image

ყივჩაღის პაემანი
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
1
517
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
517
  
2023, 31 დეკემბერი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1