x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134691
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
როგორ გაიხსნა 1976 წელს "დინამოს" სტადიონი და პირველი საერთაშორისო მატჩი
image

1976 წლის 29 სექტემბერს "დინამოს" ლენინის სახელობის ახლადგახსნილ სტადიონზე თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასზე უმასპინძლა უელსის "კარდიფ -სიტს", მანამდე ამ მატჩს წინ უძღვოდა სტადიონის საზეიმო გახსნა.




"დინამოს " ძველი სტადიონი, რომელიც 1935 წელს გაიხსნა, 50-იან წლებში რეკონსტრუქციის მიუხედავად, რა დროსაც მისი ტევადობა 23 ათასიდან 36 ათასამდე გაიზარდა, უკვე გულშემატკივრებს ვეღარ იტევდა, 1960-იანი წლების ბოლოდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება ფაქტობრივად ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგიც გახლავთ თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი, რომელიც 75 000 მაყურებელს იტევდა.

image


"დინამოს" სტადიონის საზეიმო გახსნა 1976 წლის 26 სექტემბერს შედგა. აი რას წერდა გაზეთი "ლელო " 27 სექტემბერს:



"გიგანტურ ტაბლოზე მთელი ზეიმის განმავლობაში წარწერა ენთო: „თბილისი, 1976 წლის 26 სექტემბერი“. ამ დღეს საქართველოს დედაქალაქი გამდიდრდა კულტურის შესანიშნავი ძეგლით - რეკონსტრუქციის შემდეგ საექსპლოატაციოდ გადაეცა მნიშვნელოვნად განახლებული თბილისის „დინამოს“ სტადიონი, მას დიდი ლენინის სახელი ეწოდა.


ქალაქს შეემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ნაგებობა, საუცხოო ჯანმრთელობის კომპლექსი, რომელიც დაამშვენებდა ყოველ დედაქალაქს.


სტადიონის გახსნის დღეს, კვირას, 26 სექტემბერს, დანიშნულ დრომდე დიდი ხნით ადრე ახალი სტადიონისკენ ხალხის ნაკადი დაიძრა. მისი ტრიბუნები შეავსეს 75 ათასმა თბილისელმა, რესპუბლიკის ყველა კუთხიდან, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.


მთავრობის ლოჟაში არიან ამხანაგები პ. გილაშვილი, თ. მენთეშაშვილი, ზ. პატარიძე, ჯ. პატიაშვილი, ვ. სირაძე, ე. შევარდნაძე, ზ. ჩხეიძე, თ. მოსაშვილი, ჟ. შარტავა, ო. ჩერქეზია, ნ. სიჭინავა, ს. ხაბეიშვილი, საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ს. პავლოვი, „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე პ. ბოგდანოვი.


17 საათია, გაისმის ფანფარების ხმა. იწყება სპორტული ზეიმი. მწვანე მოედანზე სამხედრო ორკესტრის ხმაზე გამოჩდნენ მედოლენი, რომლებიც გადაადგილებით სხვადასხვა ფიგურებს უჩვენებდნენ. სამხრეთი კარიდან მწყობრი ნაბიჯით მოედანზე შემოდიან მედოლენი. ისინი მიუძღვიან ფიზკულტურელთა კოლონებს, მოდიან რესპუბლიკის სპორტული საზოგადოებათა ახალგაზრდა წარმომადგენლები.

image

ვეტერანთა კოლონებს მოუძღვნიან ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო და საკავშირო პირველობების გამაჯრვებულები, ისინი, ვინც აღწლეულების მანძლზე ამრავლებდა ქართული სპორტის დიდებას.


შეკრებილთ მიმართა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა თ. მენთეშაშვილმა. მან თქვა:


„საბჭოთა საქართველოს მშრომელებს, ახალგაზრდობას, ყველა თბილისელს დიდი სიხარული ეწვია - დამთავრდა რესპუბლიკის მთავარი სტადიონის რეკონსტრუქცია. თბილისის „დინამოს“ სტადიონმა კვლავ სტუმართმოყვრულად გააღო კარი, დაიწყო ახალი ცხოვრება. მის სარბიელზე საბჭოთა სპორტის მატიანეში შესანიშნავი ფურცლები ჩაიწერა. ქართველ ფეხბურთელთა არაერთი თაობა მომწიფდა და დავაჟკაცდა აქ. დღევანდელი ზეიმის ნამდვილი სამკაულია თბილისელ დინამოელთა სანუკვარი გამარჯვება სსრ კავშირის თასის გათამაშებაში“.


თ. მენთეშაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს, თბილისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, თერჯოლის, გარდაბნისა და რესპუბლიკის სხვა რაიონების მშენებლებსა და მემონტაჟებს, ახალგაზრდობას, რომელიც ხელს უწყობდა ამ თანამედროვე სპორტული კომპლექსის შექმნას.


„ჩვენი სტადიონი, - თქვა ამხ. მენთეშაშვილმა, - სამუდამოდ დარჩება სსრ კავშირის ხალხთა ურღვევი მეგობრობის ძეგლად. აქ ქართველების გვერდით შრომობდნენ რუსები და უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები, აფხაზები და ოსები. მუდამ ვგრძნობდით ჩვენი უკიდეგანო სამშობლოს ბევრი ქალაქიდან მეგობართა მრავალმხრივ დახმარებას.


ამხ. მენთეშაშვილმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის „დინამოს“ სტადიონს მიენიჭა ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელი. დამსწრენი ამ სასიხარულო ცნობას მქუხარე ტაშით შეხვდნენ.



სიტყვა ეძლევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ვ. კუპრაძეს. მან სპორტის მრავალრიცხოვან მოყვარულებს მიულოცა ჯანმრთელობის ეს შესანიშნავი კომპლექსი და გამოთქვა რწმენა, რომ გულშემატკივრები გაუფრთხილდებიან მის კეთილ სახელს, გამოიჩენენ მაღალ დისციპლინასა და ქცევის კულტურას.



შეკრებილთ მიმართა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნ. გაფრინდაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთელებმა პარტიისა და მთავრობის ზრუნვას უნდა უპასუხონ მწვანე მინდვრებზე ახალი გამარჯვებებით. მან მოუწოდა „დინამოს“ ყველა გულშემატკივარს თანაუგრძნონ საყვარელ კლუბს არა მარტო მისი წარმატებების დღეებში, არამედ მაშინაც, როცა გუნს ძნელი დღეებიის გადატანაც მოუხდება.



რესპუბლიკური სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დ. პერტენავამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტადიონის შექმა გულისხმობს ახალი ტრადიციების წარმოშობასაც, ზრუნვა ფიზიკური კულტურის განვითარებისთვის რესპუბლიკის თითოეული ოჯახის, ყველა ქალიშვილისა და ჭაბუკის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.


საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტმა კ. მასტიცკიმ დიდი მადლობა გადაუხადა პარტიასა და მთავრობას იმისთვის, რომ ისინი დაუცხრომლად ზრუნავენ საბჭოთა ახალგაზრდობის ფიზიკურიმ და სულიერი განვითარებისთვის.


ქართული სპორტის სადიდებლად გულში ჩაწვდომი სტრიქონები წაუკითხა შეკრებილთ პოეტმა ი. ნონეშვილმა.



წარჩინებულმა მშენებელმა გ.გელაშვილმა მაყურებელთა ტაშის გრიალში ახალი სპორტული კომპლექსის დირექტორს ბ. პაიჭაძეს გადასცა სტადიონის სიმბოლური გასაღები. ჩაიბარა რა ეს გასაღები, წარსულში სახელგანთქმულმა ქართველმა ფეხბურთელმა თქვა: „ დაე, თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა თაობამ აჯობოს ძველს ისევე, როგორც ახალი სტადიონი სჯობს „წინამორბედს“.


საქართველოს სსრ სახელმწიფო ალმის აღმართვის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენებს, სტადიონის მოწინავე მშენებლებს, მათ შორის ბ. პაიჭაძეს, ნ. გაფრინდაშვილს, ოლიმპიურ ჩემპიონებს ვ. სანეევსა და ა. ანპილოგოვს, თბილისის „დინამოს“ კაპიტანს ვ. ჭელიძეს, მხატვრული ტანვარჯიშის ოსტატს ლ. დოლიძეს, მსოფილიო ჩემპიონს იუნიორთა შორის მოჭიდავე გ. მაკასარაშვილს, ამ კომპლექსის წარჩინებულ მშენებელს გ. გელაშვილს.


ჟღერს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნები. აღმოსავლეთის ტრიბუნაზე გამოჩნდა წარწერა „ლენინი“.


სამი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს ახლადგახსნილ სტადიონზე თბილისის "დინამო" თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალის გამეორებით მატჩში მიიღო "კარდიფ სიტი", სტუმრად დინამომ ბრიტანელებთან მატჩი 0:1 დათმო, სახლში კი, რომელსაც 80 000 მაყურებელი ესწრებოდა, დინამომ 3:0 მოიგო გოლები გაიტანეს:ვლადიმერ გუცაევმა (23 წ.) დავით ყიფიანმა (73წ.) და ფირუზ კანთელაძემ (80წ. პენალტით) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.


ნოდარ ახალკაცის გუნდი ამ მატჩში ასეთი შემადგენლობით გამოვიდა:


დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი (ზურაბ წერეთელი 44), დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი.

image

0
533
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0