x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134698
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508918
"ეს არავინ იცის თურმე რა არის და დედამ მოიგონა რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით" - მეგი საჯაიას მოგონებები აფხაზეთზე

imageპირობითი ფოტო. "ქართველის სახლი. დანგრეულია აფხაზეთის ომის დროს. გალი, აფხაზეთი, საქართველო". ფოტო აღებულია Google map-დან. ფოტო ეკუთვნის G Geo-ს




ფსიქოლოგი მეგი საჯაია აფხაზეთის შესახებ თავის მოგონებებზე პოსტს აქვეყნებს და ჰყვება როგორ ჩამოუყალიბდა იდენტობა ბავშვობიდან დღემდე "ლტოლვილის" სტატუსის ქვეშ და რამდენად რთული და უსამართლო იყო მისთვის ეს სტატუსი.





"უწაწია


იცით რა არის უწაწია?


ძალიან მინდა ეს სტატუსი ბევრმა თქვენგანმა წაიკითხოს. კარგა ხანს მერიდებოდა ამის თქმის და გამხელის..



ამბავი1: 5 წლის ვარ, ან ოთხის. ვცხოვრობთ პატარა სახლში. მე, დედა, მამა და ჩემი და. იღება ეზოს კარი და შემოდის სრულიად უცხო ქალი. მე და ჩემი და ვიმალებით. ქალი გულში გვიხუტებს და გვეფერება, ტირის. გვეუბნება რომ ჩვენი ბებიაა.

ეს მამაჩვენის დედაა. ჩვენ ის ადრე თვალით არ გვინახავს და არ ვეკარებით.


ამბავი 2: ამ ამბიდან გადის ალბათ ერთი წელი, ან მეტი. ჩემი ბაბუები გადაწყვეტენ რომ აფხაზეთიდან ფეხით ჩამოიყვანონ ძროხა ჩვენთვის. რათა გვქონდეს სარჩო, შიმშილით არ დავიხოცოთ და რძის პროდუქტები მაინც ვჭამოთ. აქედან ერთ-ერთ ბაბუას, მამის მამას იქამდე არ ვიცნობ. შემოდიან ეზოში და მოჰყავთ ძროხა. ფეხით კვეთენ საზღვარს და ფეხით მოდიან ჩვენამდე. ეს კადრი ახლაც თვალწინ მიდგას.


ამბავი 3: მე ვიცი, რომ "აფხაზეთიდან ვარ", ოღონდ ვერ ვიგებ რა არის ეს აფხაზეთი. ვერ ვიგებ რატომ მეძახის სკოლის პირველ წლებში ყველა."ლტოლვილს". რატომ დამცინიან რომ "სახლიც არ მაქვს და არ ვიცი საიდან ჩამოვედი." მაქვს საშინელი პროტესტის გრძნობა რომ არ ვარ მე იმ სადღაც აფხაზეთიდან და ვცხოვრობ აქ. ჩვეულებრივი მათნაირი ბავშვი ვარ. მაგრამ არა, "ტალახიანი ლტოლვილი" ვარ მაინც მათთვის. მშობლების გარკვეული ნაწილი პროტესტ გამოთქვამს, რატომ მომანიჭეს წამყვანის სტატუსი მე, ვიღაც ლტოლვილს“ როდესაც კლასში უამრავი ადგილობრივი ბავშვია.


ამბავი 4:აფხაზეთი ვიცი, ბებია ბაბუის ისტორიებიდან. ვიცი ფოტოებიდან. ვიცნობ დედიკოს ყველა კლასელს და კურსელს. რადგან ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად, მათზე ვისმენ ამბებს. ვიცი მათ გაკვეთილებზე რა ხდებოდა, ვიცი ყველა კუთხე კუნჭული გალის. აფხაზეთი ჩემს ცნობიერებში სულ არის. მაგრამ არის პროტესტიც. ვიცი სოხუმის სანაპირო. ვგრძნობ სანაპიროზე მოხარშული ყავის სურნელს. რადგან დედა, ყველა ამბავს უდიდესი სითათუთით გვიყვება.


ამბავი 5: აფხაზეთი ვიცი ბებოს და ბაბუას დატვირთული ჩანთებიდან. რომელშიც ხან წიგნები ალაგია, ხან საკვები. სოფლის პროდუქტები აფხაზეთიდან ზურგით ნაზიდი... უზარმაზარი ბიბლიოთეკა წამოიღეს საკუთარი სახლიდან. თითოეული წიგნი მიყვარს. 500-მდე წიგნი. მათ ირგვლივ ადამიანები ნაღმებზე ფეთქდებოდნენ. ბებო ბაბუს კი წიგნები გადმოჰქონდათ სიცოცხლის ფასად. თითოეული ნივთი ძვირფასია ჩემთვის მათი გადმოტანილი.


ამბავი 6: მალე სკოლაში უნდა წავიდეთ სექტემბერი ახლოვდება. დედა მამასთან გვტოვებს. თვითონ ბაზარში მიდის (ამას არ გვეუბნება, მერე ჩუმად ვიგებ საუბრიდან). ბაზარში მიდის და მიჰყავს ერთადერთი ინდაური რომ გაყიდოს და ტანსაცმელი გვიყიდოს. სიფრიფანა გოგო აკეთებს ამას 26 წლის. არ ავიწყდება ტკბილეული წამოგვიღოს და გაგვახაროს. ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის.


ამბავი 7: მეცხრე კლასში ვარ. რეგიონალური მაშტაბით ლიტერატურული კონკურსი ცხადდება. მოთხრობები აფხაზეთზე. ვწერ მოთხრობას და ვიმარჯვებ. ფინალურ ეტაპზე ზუგდიდში მივდივართ. მონაწილეები საკუთარ მოთხრობებს ვკითხულობთ. ყველა ტირის დარბაზში ჩემი მოსმენისას. ჟიური სახელს, გვარს და წარმომავლობას მეკითხება. ვეუბნები რომ მე სენაკელი ვარ. დარბაზში ვიღაც დგება. შორიდან ვერ ვარჩევ ვინ და სიტყვა ითხოვს. მამაჩემია, ამბობს რომ მე გალიდან ვარ და სენაკში უბრალოდ ვცხოვრობ. საშინელი პროტესტის გრძნობა მეუფლება. არ ვარ მე ეს საიდანღაც გალელი. არ ვარ...


შემდგომ წლებში ვცდილობ ჩემს ეთნიკურ, კულტურულ, სოციალურ იდენტობაში გარკვევას. ღრმა ბავშვობის მერე პირველად ჩავდივარ აფხაზეთში. გავდივარ წარმოუდგენელ რისკს, სიცოცხლის ფასად.(ამაზე ერთხელ აუცილებლად მოვყვები) და ფეხს ვდგამ ჩემს მისტიურ ოდაბადეში. ჰაერის პირველივე ჩასუნთქვიდან ვხვდები რომ მე აფხაზეთიდან ვარ.


იმ წუთიდან ყველგან და ყოველთვის მე აფხაზეთიდან ვარ და ვერავინ ვერ ახერხებს ლტოლვილი დამიძახოს, ვერავინ ახერხებს დამჩაგროს და დამამციროს.


იმ წუთიდან დღემდე არაერთი კვლევა, პროექტი და ისტორია მაკავშირებს აფხაზეთთან.


იმ წუთიდან დღემდე ათასობით ოჯახის ისტორიას ვისმენ და ყველა ჯერზე თავიდან ვკვდები


იმ წუთიდან დღემდე აფხაზეთის ყველა გაგონებაზე მაჟრიალებს, მაკანაკლებს, მეტირება, ენაც მებმის, მაგრამ ყოვლთვის ამაყი ვარ რომ მე აფხაზეთიდან ვარ.


...


მეორე კლასში ვართ. დედა სადილად გვეძახის. სტუმრად მამიდაშვილი გვყავს

- დედა, რა გვაქვს სადილად?

- უწაწია დედიკო

- ეს რა არის? კითხულობს ჩემი გაოცებული მამიდაშვილი. მე ის უფრო მაოცებს ჩემს მამიდაშვილს რომ უკვირს და არ იცის რა არის უწაწია. მეტიც ეს არავინ იცის თურმე რა არის და დედამ მოიგონა რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით.


უწაწია, ზეთში შეზავებული აჯიკაა და დიდ ხანს, დიდ ხანს იყო ჩემი ყველაზე საყვარელი ერთადერთი "კერძი"


...


დღეს 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. მადლობა ჩემს მშობლებს რომ გადაგვარჩინეს ცოცხლები, ჯანმრთელები და არაფერი, არაფერი დაგვაკლეს. ყველაზე ყველაზე მდიდარი მეგონა თავი და ახლა ვაცნობიერებ რა ჯოჯოხეთი გამოგვივლია.


ამ დროს აფხაზეთში მამა ინჟინერ-მშენებელი იყო, დედა მასწავლებელი. ორივე დასაქმებულნი. ცხოვრობდნენ ბედნიერად, ელოდნენ მეორე შვილს, იშენებდნენ აგარაკს... ომმა ყველა და ყველაფერი წაგვართვა.


მადლობა თითოეულ დევნილს რომ გადარჩნენ, რომ წარმოუდგენელი ტრაგედიის მიუხედავად დღემდე მოიტანეს აფხაზეთი და აფხაზეთელობა.


მე აფხაზეთიდან ვარ", - წერს საჯაია.




0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0