x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508849
რა სთხოვა ომარ ფხაკაძემ ვასილ მჟავანაძეს? - სამი საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ველომრბოლელის ცხოვრებიდან
image

12 აგვისტოს დაიბადა ლეგენდარული ველომრბოლელი ომარ ფხაკაძე. პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში და პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც სატრეკო ველორბოლაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა.


გთავაზობთ სამ საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და სპორტული კარიერიდან.


***



58 წლის წინ - 1965 წლის 10 სექტემბერს ომარ ფხაკაძემ იტალიელი და ფრანგი სპრინტერების ჰეგემონია დაამხო. ამ დღეს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ნახევარფინალში ომარმა საფრანგეთის სიამაყე, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დანიელ მორელონი (ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერაში ოლიმპიური თამაშების ხუთი (სამი ოქროსი) და მსოფლიოს ჩემპიონატების 16 (რვა ოქროსი) მედალი მოიპოვა) დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ტურინის სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ეს იყო საბჭოთა ველოსპორტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, რადგან მანამდე საბჭოეთიდან ამგვარ სიმაღლეს არავინ შესწვდენია. იმავე წელს ჟურნალისტებმა ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის და საქართველოს #1 სპორტსმენად დაასახელეს.

image


***

1965 წელს სან-სებასტიანში მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ შინ რომ დაბრუნდა, ომარი ცეკას პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს მიუწვევია. გამომშვიდობებისას, რას მთხოვო, უკითხავს რესპუბლიკის ხელმძღვანელს, კარგი იქნება, თბილისში ველოტრეკს თუ აგვიშენებთო, - უპასუხია ომარს.


- ეგ არ არის ძნელი საქმე. კიდევ მთხოვე რამე.


- აქტიური სპორტიდან რომ წავალ, იმ ველოდრომზე მამუშავეთო... - არადა, უბინაობის გამო მაშინ ომარ ფხაკაძე ნათესავთან ათევდა ღამეს.


მსოფლიოს ჩემპიონის თხოვნა მართლაც დააკმაყოფილეს - 1975 წელს თბილისში გაიხსნა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ველოსტადიონი, რომლისგანაც დღეს აღარაფერი დარჩა...

image

***კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ომარ ფხაკაძეს ხარებას როლის განსახიერება შესთავაზა ფილმში „ხარება და გოგია“. ბევრი იუარა ომარმა, რაღა დროს ჩემი არტისტობააო, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია და დაითანხმა... მოგვიანებით გიორგი შენგელაია იტყვის, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო.


რეჟისორმა საოცარი სიზუსტით განსაზღვრა ომარისა და ხარებას ხასიათის განუმეორებელი მსგავსება. ასე შემოგვინახა კინოფილმმა არამარტო ლეგენდარული სპორტსმენის სახე, არამედ მისი რაინდული ხასიათი.


ომარ ფხაკაძე 1993 წელს, უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიცოცხლის ბოლო დღეებს რომ ითვლიდა, თურმე, ვაჟიშვილს შეეჯიბრა მკლავჭიდში და აჯობა. თითქოს ყველასთვის სურდა დაემტკიცებინა, რომ სიკვდილს არ ნებდებოდა.


ლეგენდარული სპორტსმენი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

0
647
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0