x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სამხატვრო საბჭომ შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე დაამტკიცა"-როგორ მოხვდა ბორის წიფურია "შერეკილებში"

image

დღეს, 15 ივნისს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ მსახიობს ბორის წიფურიას, რომელმაც 30 -ზე მეტ ფილმში ითამაშა, ამის გარდა იგი იყო 1984-1990წწ. თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი და პოპულარული ტელე–შოუ "ფორტუნას" წამყვანი, რომელიც საზოგადოებრივ არხზე გადიოდა.


1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში "თამაში უყაიმოდ", შექმნა მნიშვნელოვანი სახეები ისეთმ ფილმებში, როგორიცაა მეწისქვილე ("დათა თუთაშხია", 1978), სელიმი ("მიზანი", 1979).ხიზანა("ზოგი ჭირი მარგებელია", 1984) და რა თქმა უნდა ხუტა პოლიციელი ("შერეკილები"-1977), ქვემოთ შეიტყობთ, თუ როგორ მოხვდა მსახიობი ფილმში, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა საკულტი კინოკომედიაში






image





ბორის წიფურიას მიაჩნდა, რომ ბედმა გაუღიმა, როცა ელდარ შენგელაიამ ფილმში “შერეკილები” გადაიღო. ის სინჯებისთვის სულ სხვა როლზე იყო მიწვეული, მაგრამ რეზო გაბრიაძის სცენარში სულ სხვა როლი აღმოაჩინა. სამხატვრო საბჭომაც შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე ბორის წიფურია დაამტკიცა. სანამ სამხატვრო საბჭო როლზე დაამტკიცებდა, ბატონი ბორისი ნერვიულობდა, განიცდიდა:

“მამამ დედას ჰკითხა, რა სჭირს, რატომ ნერვიულობსო. დედამ უპასუხა, თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ფილმისთვის სინჯი გადაუღეს და არ იცის, დაამტკიცებენ თუ არაო. რა ფილმიაო, იკითხა მამამ. “შერეკილებიო”, უპასუხა დედამ. დაამტკიცებენ ამ საცოდავს, აბა, რას იზამენ, რატომ ნერვიულობსო, დაამშვიდა მამამ დედა.”


image

“შერეკილების” გადაღების პროცესს ელდარ შენგელაია ასე იხსენებს:



“ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი. ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. ერთხელ “შერეკილების” გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე და მგონი, მაყურებელიც, კმაყოფილი ვართ. ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული, მაგრამ რეჟისორისათვის აუცილებლად მოიძებნება მის “სისულელეებში” ერთი-ორი კარგი იდეა.



“შერეკილებში” ხუტას როლზე (როგორც ეს საერთოდ მიღებულია კინოში) არაერთი ცნობილი მსახიობი “ისინჯებოდა”. სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც მხატვრის მიერ იყო არჩეული. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა, შეიგინა (ეს საერთოდ მას ეხერხება) და თქვა, მე თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო. გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი. უცბად გაიღო სარეჟისოროს კარი და ჩვენ წინ იდგა ჩვენი ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. კოსტიუმიც ხომ მონახა ძალიან სახოვანი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმიც გაუკეთებია, ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი: “ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!”

image

ჩავატარეთ სასინჯი გადაღება და სამხატვრო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ბორია როლზე. აუ, რა ხასიათი აქვს ჩვენს საყვარელ ბორიას! რის ვაი-ვაგლახით დავამთავრეთ გადაღება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ბორის წიფურიამ, ჩემი აზრით, შექმნა ცოცხალი, ორიგინალური და მართლაც დასამახსოვრებელი სახე…”


0
357
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0