x
image
ქეთი გაბინაშვილი
მოხუცი მეზღაპრე - კაცი, რომელიც „ანათებს“ პატარა ქალაქს
პატარა ქალაქს უცნაური მხატვრები ჰყავს- ჩიტებს აფერადებენ; პატარა ქალაქში შეიძლება გადააწყდეთ ფიქრიან სპილოს; არც თავზე აბაჟურიანმა კაცმა უნდა გაგაკვირვოთ; ამ ქალაქში დონოზავრიც ცხოვრობს, რომელსაც „წითელი ბურთი“ შეჰყვარებია; თუ თეატრს ესტუმრებით და კარგად დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ მსახიობს, რომელსაც თქვენი სურვილების გაცოცხლება შეუძლია; აბა რა პატარა ქალაქი იქნება თეთრსულელების გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, პატარა ქალაქშივე არიან ჭვარტლიწმენდიებიც, ცისრტყელას რომ ცეცხლს უკიდებენ... პატარა ქალაქს პატარა სადგურიც აქვს და რაც მთავარია, ბიჭი, ბიჭი, რომელსაც სიზმრებიდან ყვავილები გადმოაქვს, რათა ღამის მგზავრებს დაურიგოს. მაგრამ რეალური პატარა ქალაქის ბიჭი, უკვე დიდი ხანია თეთრი წვერისა და თეთრი თმის მიღმა იმალება და მისი ყვავილები, დილით აღარ ქრება, რადგან შესწევს უნარი შენი გულის ყველაზე ნათელ მდელოებში შემოაღწიოს, გადარგას და ახეიროს, რათა ყოველთვის, როცა წლები მოგეძალება და დაგავიწყდება, ვინ იყავი, რა გსურდა და საით მიდიოდი, იმ ყვავილების სურნელმა გაგიფანტოს ბნელი და დაგაბრუნოს, ყველაზე ნათელსა და ფერად სამყაროში - ბავშვობაში.

გურამ პეტრიაშვილი ქეთი გაბინაშვილი

ქვეყნის მთავარი მეზღაპრის ცხოვრება ისე აიწყო, რომ მუდამ ცეცხლწაკიდებულ ცისარტყელაზე უწევდა ცეკვა, მაგრამ მაინც ვერაფერმა აიძულა მიწაზე დაშვებულიყო. 80 წლის ასაკში ცხოვრობს ბავშვად და ბავშვებისთვის. და საიუბილეო წიგნის გამოსაცემად ემზადება, რომლითაც იტყვის, ვინ არის სინამდვილეში. მანამდე კი, სანამ პატარა ქალაქის დიდი თუ პატარა მკითხველი მორიგ ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება, გურამ პეტრიაშვილს ცხოვრების გზაზე შეხვედრილ ყველაზე მნიშვნლოვან ადამიანებსა და გამოწვევებზე ვესაუბრეთ.


-ჩემი მშობლები სოფლის სკოლის მასწავლებელები იყვნენ. ეს ძალიან დიდი ამბავია, მე-19 საუკუნის დასაწყისში, სწორედ სოფლის მასწავლებელმა აიტაცეს ილიას მოწოდებები და მათ შეიტანეს ქვეყნის გადარჩენაში ყველაზე დიდი წვლილი, რადგან გაზარდეს თაობა, რომელსაც სამშობლო უყვარდა. სამი წელი დედაჩემი და მამაჩემი ეთინუკად ოსებს ასწავლიდნენ, არ უნდოდათ არაქართულ გარემოში გავზრდილიყავი და ბიცოლაჩემს მიმაბარეს. ეს თითქოს საგანგებოდ გააკეთეს, რომ ჩემში ქართული სულს ამოეხეთქა. ძალუაჩემი ელო საოცარი სილამაზის ქალი იყო, იმან უამრავი რამ მასწავლა. და კიდევ მყავდა მამიდა ოლია, ისე რრმად არიან ეს ადამიანები ჩემს არსებაში, ჩემს ზღაპრებში, თუ რამე გამიკეთებია, ეს ორი ადამიანი ყველაფერშია.


გურამ პეტრიაშვილი ქეთი გაბინაშვილი

-პედაგოგების ოჯახში ალბათ წიგნი მთავარი ღირებულება იყო.

-სამი ძმა ვიყავით. არც ერთს მშობლებისათვის პრობლემა არ შეგვიქმნია, ძალიან ბეჯითად ვსწავლობდით. არასოდეს გვჭირდებოდა მშობლის მითითება სწავლასთან დაკავშირებით. წიგნის კითხვა გვიყვარდა, ფილოსოფია გვაინტერესებდა მე და ჩემს შუათანა ძმას. უმცროსი ფეხბურთელი იყო, ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 4 არასდოს მიმიღია, ყველა საგანს ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკა მიყვარდა და სკოლის დასრულების შემდეგ, სწორედ მათემატიკურზე ჩავაბარე. მერე ყველაფერი აგვერია. მამა გარდაიცვალა და დადგა ურთულესი პერიოდი. მე სტუდქალაქში ვცხოვრობდი. ვცხოვრობდი ძალიან რთულად, ჩემი ამოცანა იყო, როგორმე გადავრჩენილიყავი და არ მოვმკვდარიყავი. მთელი დღეები ვეძებდი სად შეიძლებოდა უფრო იაფად მეჭამა. ვიპოვე ლენინის მოედანზე აკეთებდნენ შიგნეულის ღვეზელებს, 7 კაპიკი ღირდა ერთი ცალი. ჩემი მეგობრები ამას თუ წაიკითხავენ, ალბათ მათთვის წარმოუდგენელი იქნება, რადგან მაშინ მე რა გამოწვევების წინაშეც ვიდექი, არავინ იცოდა. გარეგნულად ჩვეულებრივ ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, კინოში დავდიოდი და რაღაცებსაც ვწერდი.


-მათემატიკის ფაკულტეტიდან კინო სამყაროში როგორ აღმოჩნდით?


-სტუდენტობისას ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, „ატამანი“ გვყავდა ერთი ძალიან მაგარი გოგო -მედეა, რომელმაც სულ იცოდა სად რა კინო გადიოდა. ერთხელ ერთმა სტუდენტმა გვირჩია, ასე ძალიან გიყვართ კინო და არ გინდათ მიშა კველევას ლექციებს დაესწროთო? გაგონილი მქონდა მიხეილს შესახებ, ლიტერატურის პროფესიორი იყო. სურვილი გამოვთქვი მის ლექციას დავსწრებოდი. ლექციის დაწყებიდან მხოლოდ 10 წუთი ვხედავით მიშას, მერე ის გამოიცვალა, თითქოს ხმაც აღარ იყო მისი, ტანსაცმელიც სხვა ეცვა და ბოლოს ის იქცა ბოდლერად, რომელზეც საუბრობდა. იმ ღამეს არ დამიძინია და მთელი რვეული გავავსე ლექსებით. მეორე დღეს ეს ლექსები მიშას მივუტანე. წაკითხვის შემდეგ დამიბარა და მკითხა: შენ თუ იცი, რა კარგი პოეტი ხარო. ამ სიტყვებმა ისე შთამაგონა, ისეთი ძალა და სტიმული მომცა, იმ წუთას ვინმეს რომ ეთქვა, გაფრინდი, გურამ, ფანჯრიდანო, ალბათ გაფრენასაც შევძლებდი. მიშა მერე ჩემ აღმზრდელად იქცა.


-მიხეილ კვესელავამ შეცვალა თქვენი ცხოვრების მიმართულება?


- იმავე დღეს, როდესაც მიხეილ კვესელავამ კარგი პოეტი მიწოდა, დედაჩემთან მივედი და ვუთხარი, მათემატიკურს თავს ვანებებ-მეთქი. მეოთხე კურსზე ვიყვი უკვე. მთხოვა დედამ, მოდი ჯერ ჩაამთავრე ეს კურსიც და მერე ისწავლე, სადაც გინდაო. დედაჩემი მარტოხელა იყო, სამ შვილს გვზრდიდა, 70 მანეთი ჰქონდა, ფოსტის გამგე იყო იმ დროს, ძლივას მივდიოდით, ძლივს ვარსებობდით და მე ვეღარ დავუმატებდი ჩემს პრობლემებს. დავასრულე მათემატიკური. მერე თენგიზ აბულაძის ჯგუფში ვსწავლობდი კინო რეჟისურას. მიშა კვესელავა კინოსტუდიის დირექტორი იყო. მან მომაწყო ლანა ღოღობერიძესთან რეჟისორის თანაშემწედ. ჩემი მოვალეობა იყო მსახიობები მიმეყვანა გადაღებაზე. პირველ ფილმშიც ლანამ გადამიღო. ვერ ვიტყვი, როცა მიღებდა, ამ მცდელობისგან შედეგის მოლოდინი ჰქონდა-მეთქი. მაგრამ ლანა ღოღობერიძის შემდეგ, თითქმის ყველა კინორეჟისორმა გადამიღო. ალბათ ესეც მოდაა.


-მოდაზე უფრო მეტად, ნიჭის ამბავი უნდა ყოფილიყო ეგ...


-არა, მე ვერ შევატყე, რომ რამე ნიჭიერად მეთამაშოს. რასაც მეტყოდნენ, იმას ვაკეთებდი. განსაკუთრებით მაინც გოდერძის ფილმები მიყვარს, გოდერძი მიყვრს საერთოდ. ორ ფილმში ვარ გადაღებული მასთან: „ადამიანთა სევდა“ და „წერილი ნაძვებს“. ლექსი მაქვს ნერგი, ჩამეძინა მინდორში ერთხელ და რომ გავიღვიძე, ვნახე დაბნეულ ვიღაც მებაღეს, ზედ ჩემს მკერდზე პაწაწინა ნერგი დაერგო. ეს ნერგი იზრდება... გოდერძიმ მითხრა, შენი ლექსი რომ წავიკითხე, იმიტომ გადავიღე ეს ფილმიო. მიყვარს ეს ფილმი, მგონია, რომ სადაც მითამაშია, ეს ყველაზე კარგი ფილმია. არ იყო დატვირთული რაღაც სისულელებეთ, ხანდახან რეჟისორს ამბიცია უჩნდება, ჭკვიანი იყოს, რაღაცებს იგონებს. გოდერძის არაფერი სჭირდებოდა, არც ცდილობდა. რაც იყო, იმად რჩებოდა.. ხელოვნებაში ყველაზე საზიზღარი ეგაა, როდესაც ცდილობ ითამაშო.

გურამ პეტრიაშვილი ქეთი გაბინაშვილი

-თქვენ თავადაც იღებდით ფილმებს და სცენარებზეც მუშაობდით.


-მე კინორეჟისორი არ ვარ. მივხვდი ამას. კინორეჟისორი მოგკლავს, სანამ თავისას არ მიაღწევს, მე ორი დუბლი ცხოვრებაში არ გადამიღია, რატომ ვაწვალო-მეთქი კაცი, მერიდებოდა. რაც შეეხება კინოსცენარებს, ეს უფრო კარგი პროცესია, მაგრამ ვერ დავუდე გული.


-მერე იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე“ ხელის მოწერა.


- 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, მოგეხსენებათ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრეს. ერთ დღეს გამოუშვეს ორივე. ქუჩაში შემხვდა მერაბი, გადამეხვია და მითხრა: როგორ ხარ, ლომოო? ზვიადთან ავედით სახლში, ზვიადიც ჩამეხუტა და როგორ ხარ, ჩვენო ვეფხვოო, მკითხა. ახლა რომ ვხვდები ნებისმიერ ოსკარსა და ნობელს აღემატებოდა ჩემთვის ამ ორი ადამიანის სიტყვები. ეს მოვლენები რომ დაიწყო, მე უკვე შემდგარი ადამიანი ვიყავი, „პატარა ქალაქის ზღაპრები“ დაწერილი მქონდა, ძალიან ბევრ ღირსეულ კაცს ვიცნობდი და ვმეგობრობდი, მაგრამ ეს ორი კაცი, სულ სხვა მოვლენა იყო... მათ თითქოს საქართველოს მატიანედან გადმოაბიჯეს გაბრწყინებულებმა. ღმერთისგან უხვად ბოძებული ნიჭი ჰქონდათ, რაღაც ზებუნებრივი, გენია იგრძნობდა მათ თითოეულ ქმედებაში.


-რაც შემდეგ მოხდა, არის ჩვენივე ბრალი, რომ „დიდკაცებს ვერ ვეგუებით“ თუ გარეშე ძალების გავლენა იყო?


-ყველაფერი ერთად იყო. ზვიად გამსახურდია 14 წლის იყო სკოლაში საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი რომ შექმნა. ზვიადი, მერაბი, გურამ დოჩანაშვილი... სულ პატარა ბიჭები იყვნენ. ამას უყურებდნენ ადამიანები, რომელთა ყოფა ია-ვარდით იყო მოფენილი, მსახიობი დედების გავლენებით სარგებლობდნენ, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ამ დროს გამოჩდნენ ბავშვები, რომლებიც მათი კომფორტის ზონის დარღვევას აპირებენ. მათ შორის, ვინც იარაღი პირველად აიღო ხელში, ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭს ღმერთი გაძლევს, კაცობა კი უნდა გამოიმუშავო. ეს ყველას არ შეუძლია. დრო დროებითია. ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი. ცალსახად ვერასდროს იტყვია, რომელი ერი მამაცია და რომელი ლაჩარი. ჩვენ თვალწინ დღეს ახალი ისტორია იწერება. ერი, რომელიც აქამდე თითქოს არაფერიც არ ყოფილა, ვეფხვივით იბრძვის საკუთარი მიწის დასაცავად, ჩვენ კი, დავჩაჩანაკდით თითქოს. იმ საზოგადოებისაგან, რომელიც დიადი საქმეებისათვის იყო ანთებული, დღეს მივიღეთ ახალგაზრდობა, რომელიც ემიგრაციაში მოსაპარად მიდის. თუ შესაძლებლობა აქვს იპარავს, თითქოს აღარც ღმერთი იყოს, აღარც ზნეობა...


-ემიგრაცია ახსენეთ და თქვენს იძულებით ემიგრაციაზე მინდა ვისაუბროთ.


-ბრძანება იყო, სადაც გვნახავდნენ ძმებ პეტრიაშვილებს, ადგილზევე დავეხვრიტეთ. გარკვეული პერიოდი ვიმალებოდი მეგობრების სახლებში. მერე მივხვდი, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელბოდა და სხვების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ ვაგდებდი. ზვიადს ვკითხე რჩევა, მითხრა: შენ ცოლი გყავს უკრაინელი, წადი და იქ იყავი ჩემი ელჩი. საქართელოში ხომ იცავდი ენას და კულტურას, იქაც იმავეს გააგრძელებ. ეს გრძელი და ძალიან რთული 20 წელი იყო.


-ამ 20 წლის განმავლობაში ყოფილა წუთები, როდესაც არჩეული გზის სისწორეზე დაფიქრებულხართ? გინანიათ?


-ოო, არა! მე ვარ ჯიუტი და ერთგული, ვერავის ვერ ვუღალატებ, არ მინანია. ქართველს ყველა სხვა ქვეყნის შვილზე მეტად უჭირს საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტა. მაგალითად, კიევში არიან სომხები, საღამოობით ისინი ჯგუფად გამოეფინებიან, ლაპარაკობენ სომხურად, მოაქვთ ქუჩა, მაგრამ ისინი მაინც დარჩებიან უკრაინაში და იქნებიან და იქნებიან. ქართველი კიდევ იცი როგორია? ან მოკლავს დარდი სამშობლოზე, ან გადასხვაფერდება. დიდხანს ქართველად ვერ იქნები, ვერ დარჩები უცხო მიწაზე ქართველად თუ მუდმივად საქართველოზე წაოსვლაზე არ ფიქრობს. სულ აქაურობის დარდი თუ არ გაქვს. მე რომ მეფიქრა, რომ შემეცვალა ჩემი ორიენტაცია ეს წარმოუდგენელია. პირიქით, შეიძლება ცოტა თავხედურად, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სწორედ მე უნდა შემენახა ქართული სული.


-პოლიტიკოსი, ფეხბურთელი, მათემატიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პოეტი, მეზღაპრე.... მაინც ვინ არის გურამ პეტრიაშვილი?


-საიუბილეო წიგნს ვამზადებ ახლა და ალბათ ამ წიგნში გამოჩნდება, რად მიმაჩნია საკუთარი თავი. მაინც მე ვატყობა, რომ ყველაზე უფრო ჩემში მეზღაპრე ცხოვრობს. დროთა განმავლობაში თითქოს ფიზიკურადაც კი დავემსგავსე მეზღაპრეს.


-ეგპიუტერი ამბობდა: „ოდესმე ისე გაიზრდები, რომ კვლავ დაიწყებ ზღაპრების კითხვას“, სინამდვილეში ვისთვის იწერება ზღაპრები - ბავშვებისთვის თუ დიდებისთვის?


-ცხადია, ბავშვებისთვის, მაგრამ იმ დიდებისთვისაც, ვინც გულში ბავშვები არიან. მე, მაგალითად, გულში ბავშვი ვარ. კი, ცხოვრება რთულია და ზრდასრულებს აუხეშებს, მაგრამ ზოგიერთ მათგანში ჯერ ისევ არის სულიერი ძალა ალბათ, ისევ ზღაპრები იკითხონ.


-რა მოსდით ოცნებებს, როდესაც ბავშვები იზრდებიან? რატომ გვავიწყდება ვინ ვიყავით?


-ყველას არ ავიწდება, მაგრამ... იმათ ცხოვრება აიძულებთ... ბევრს აიძულებს, რომ რაღაცები დაივიწყოს.

ქეთი გაბინაშვილი გურამ პეტრიაშვილი

-ბატონო გურამ, თქვენს ცხოვებაში იყო ქალი, რომელმაც ვერ დაინახა, რომ „ანათებდით“?


-ეეე, შევთანხმდეთ, ქალებზე, ან ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, ან არაფერი ვთქვათ. რომანტიკოსი ვარ. მე იმდენი ქალი მყვარებია ჩემი გრძელი ცხოვრების მანძილზე... ზოგი ახლაც მიყვარს. არ მიყვარს ისეთი კაცები, რომლებსაც შეუძლიათ მსუბუქად რაღაც გადალახონ, რაღაც მძიმე უნდა იყოს შენში. ძირითადად ის სიყვარული, რასაც რამე მნიშვნელობა აქვს, შეიძლება გამოგონილიც კია. დიდი სიყვარული ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზ რაღაცებს გაკეთებინებს.


-სიყვარული ვახსენეთ და თქვენი ზღაპრები ნამდვილად უყვარს ქართველ მკითხველს. დღეს საქართველოში ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინ არის მთავარი მეზღაპრე, არ დაფიქრდება ისე უპასუხებს თქვეს სახელსა და გვარს. ამ სიყვარულის მოპოვება მარტივი იყო?


-მარტივად არ დამიწერია, ჩემი ზღაპრები დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა. ახლაც ასეა, ხან უყურებ და სკამი სკამია, მანქანა-მანქანა, ხე-ხე... არაფერი არაფერს გაუბნება. ხან კიდევ, ეს მარტო სკამი კი არაა, ის სკამია, რომელზეც 5 წუთის წინ სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალი იჯდა... თავიდან ვიღაცებმა თქვეს, თამაშობსო, იგონებსო. მერე აღარ ლაპარაკობდნენ. მიიღს თითქოს, მეც მიმიღეს. სკოლებში დავდივარ. ბავშვებს ვუყურებ და მათ ჩემი ზღაპრები იციან. იმ ბავშვების თვალებს რომ ვუყურებ, ეს რამხელა ბედნიერებაა. ამ ბოლო დროს ისეთი რაღაც გავიგე, შეურაცხყოფილი ვარ. დიდი ჰანს ქრისტიან ანდერსონი რომ არის, მეზრაპრეების მამა, რა უთქვამს იცი? ბავშვები არ მიყვარსო. ცოცხალი რომ იყოს, პასუხს მოვთხოვდი! აბა რა გიყვარს, კაცო?! იგონებდი, როცა წერდი?! ბავშვები რატომ არ უნდა გიყვრდეს, რა დაგიშავეს?! ახლა მე ვარ მაგის პრემიაზე წარდგენილი. მე მერჩივნა, ძალიან მინდოდა ჩემთვის ვინმეს მოეცა ასტრიდ ლინდგრენის პრემია. ჰოდა, მე თუ მომცეს ეგ ანდერსონის პრემია, იცი რა მაქვს გადაწყვეტილი? მის სახელს წავშლი და ჩავწერ ა ს ტ რ ი დ ლ ი ნ დ გ რ ე ნ ი. თან ასტრიდის თავსაც მივახატავ. რა საყვარელია არა?! ვერ გამოარჩევ მის პერსონაჟებს, რომელი რომელზე უკეთესია. ძალიან მიყვარს. მართლა ძალიან კარგი ვინმეა.


ნაქსოვი სვიტრეი. თოვლისფერი თმა და წვერი. ჭინკებით სავსე თვალები. ღიმილი, სულის სინათლეს რომ ასხივებს. სიყვარულის ხესენებაზე დაკარგული მოსვენება და აწითლებული ღაწვისთავები. სადღაც საზრაპრეთიდან მომავალი ხმა, ბებიისა და პაპას პატარა, შეშის ღუმლით გამთბარი ოთახის სურნელი რომ მოაქვს. ბევრი შოკოლადი და გაოცების უნარი, სულ უფრო ნეკლებად რომ შემორჩა ეპოქის „ჰომო ფაბერებად“ ქცეულს შვილებს... „თქვენც, ძალიან კარგი ვინმე ხართ, ბატონო გურამ!“- ვფიქრობ და მოუთმენლად ველი იმ ზღაპრის დასრულებას, რომელიც ჩვენ რომ დავიძინებთ იმ პატარა ბიჭივით უნდა გადმოიტანოს სიზმრებიდან. ჩვენ კი, ძალიან, ძალიან უნდა ვეცადოთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ოდესღაც ბავშვები ვიყავით და ის ზღაპრები თაიგულებივით გადავრგათ საკუთარ სიზმარში. რადგან „ასეა თურმე... სხვის სიზმარში დაბადებულ ყვავილს თუ შენს სიზმარში გადარგავ და დიდხანს მოუვლი, მაშინ მზის სინათლეზეც იცოცხლებს იგი, აღარ გაქრება და იქნება მუდამ“...


ქეთი გაბინაშვილი

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0