x
image
თეონა გორდეზიანი
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი დასაფიქრებელი ამბავი...
ამბავი კი დაიწყო ასე:
დარეკა ერთ დღეს დედას ტელეფონზე მისმა ბიძაშვილმა იმერეთიდან, ნოდარი ბიძიამ.
საერთოდ, ეს ჩვენი ქართული ხან გურული, ხან კახური, ხანაც იმერული კილოთი ლაპარაკი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, განსაკუთრებულად მიყვარდეს ჩემი ხალხი. დედამიწის არც ერთ განვითარებულ და ყველაზე დავარცხნილ ქვეყანაში არ არსებობს ვინმემ მსგავსი მშობლიური აქცენტით მოგიკითხოს, იუმორზე აღარაფერს ვამბობ, ერთი გურული ანეგდოტი მირჩევნია მთელი ჰოლივუდის კომედიებს ერთად აღებულს.
ჰოდა აი ასე უცებ, მოწმენდილ ცაზე დარეკა ნოდარი ბიძიამ და თქვა რომ სამი დღით თბილისში ჩამოდის ნატო მისი შვილი და ანუ ჩემი ნათესავი დედას მხრიდან.
ჩამოდის და ჩვენთან გაჩერდება.
ნატო ბოლოს ბავშვობაში მყავდა ნანახი, არც მახსოვს როდის. შავგვრემანი, ძალიან პუტკუნა და წითელლოყებიანი გოგო იყო, კეთილი და ხითხითა.
წლებია არაფერი აღარ ვიცოდი არც ნატოზე და არც მის ოჯახზე, დედა კონტაქტობდა მათთან და მეც დიდად არ ვინტერესდებოდი, ბუნდოვნად მახსოვს, დაკიდებდა ხოლმე ტელეფონს და მეტყოდა: გაიგეე, ნატოს შვილიშვილი გასჩენია. ნოდარი თურმე ვეღარ დადის, საწყალი.
ჰოდა მეც ცალყბად რაღაცას ვუპასუხებდი და ასე,
ერთი, რაც ზუსტად მახსოვდა ის იყო რომ ბავშვობაში ნატოს ნატოიას ვეძახდით ბავშვები.
და ერთი კვირის წინ ჩამოვიდა ნატოია ქალაქში გამოკვლევებზე.
მოვიდა ჩვენთან უშველებელი ჩანთით, ეხლაც არ ვიცი როგორ ასწია და მოერია.
როცა შენ უკვე შენი საკუთარი რუტინა გაქვს, გაქვს აწყობილი შენი გრაფიკი რაც არ უნდა არანორმალური იყოს ის, როცა ზიხარ შენს ნაჭუჭში და ეს ერთიდაიგივე ყოველი დღე შენთვის უკვე ნორმაა
იქ, იმ სამყაროში ნატოიას შემოსვლა, რბილად რომ ვთქვა არ მესიამოვნა.
ეს ნიშნავდა რომ, მე უნდა გამეცინა იქ, სადაც არ მეცინება, გამეღიმა ზრდილობიანად მაშინ, როცა სულაც არ მეღიმება და იმიტომ რომ სახლში უცხო ადამიანია, მე უნდა მქონოდა სულ უხერხულობის განცდა, მთელი სამი დღე.
ნინოია, ქალური ამბები მაქვს ახლა გამოსაძიებელი მე და ანალიზები უნდა ჩავაბარო, კარგ ექიმთან მომასწავლესო, მითხრა ნატომ.
და აი ასე, მოულოდნელად ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა გოგო, რომელიც არ მინახავს საუკუნეა და რომელიც ჩემი სისხლი და ხორცია.
ამოვალაგე ჩანთა
ტილოსაც კი, რომელიც ქილებს ზემოდან ეფარა, ნატოს სახლის სუნი ჩამოჰყვა.
კომპოტები, ტყემალი, საწებელი, ყველი, ჩირი, თაფლი.
ღმერთო, რათ უნდოდა ამდენი.
თან გამიხარდა, თან შემრცხვა.
თვითონ მოიკლო, მე მომცა. თან რა მძიმეა ეს ჩანთა, როგორ ათრია აქამდე, პრობლემებიც ჰქონია ქალური.
და აი ამ წუთიდან დაიწყო ქარიშხალი ჩემს დამდგარ ცხოვრებაში.
შემოვიდა ნატო, შეხედავ ას კილოზე მეტია, ლოყები უღაჟღაჟებს, გადატკიცინებული, ერთი ნაოჭი არა აქვს, ლაპარაკობს ყვირილით, ხელიდან გართმევს ყველაფერს და მტკიცედ აქვს თავში ჩამჯდარი რომ უნდა მოგეხმაროს.
ასე დააბარა მამამ, ნოდარი ბიძიამ გააფრთხილა ნინოს მიეხმარე, არ შემარცხვინოო.
ჰო, სამკურნალოდ და გამოსაკვლევადაა ჩამოსული, მაგრამ უნდა მოგეხმაროს. უნდა დაგასვენოს, იმიტომ რომ იცის დაღლილი ხარ.
ნატო რომელიც: სახლს უვლის, ბავშვებს უვლის, ქმარს უვლის, სამზარეულოს უვლის, ალაგებს, ხეხავს, შვილიშვილს ამეცადინებს, ყანას უვლის, ქათმებს უვლის, ყურძენს კრეფს და ღვინოს დაწურვაში ეხმარება კაცებს.
ჩამოდის თბილისში ექიმთან და უნდა მომიაროს ახლა კიდე მეც.
ჯერ მე გადამკოცნა, ჩამიკრა გულში, ერთი თვის წინ მოვიხადე მაგი ვირუსი და ნუ გეშინია ჩემიო, დამამშვიდა. არადა სულაც არ შემშინებია.
მერე გაქანდა და დედაჩემს ისე მოეფერა, როგორც მხოლოდ შვილს ეფერებიან.
დაჯდა, მიიჩოჩა სკამი და დედას მოუყვა ყველაფერი, რაც მოხდა ამ წლებში, თან მისი ხელი ეჭირა, არ უშვებდა.
მერე გავედით სამზარეულოში, მეთქი ნამგზავრი ხარ, გაჭმევ.
კინაღამ გაგიჟდა, რას ქვია მაჭმევო.
თავად ამოალაგა ჩანთა, დააბინავა ყველაფერი, მერე გააწყო სუფრა, მერე აალაგა, დარეცხა ჭურჭელი, მოწმინდა იატაკი, თავისი ხელით აჭამა დედაჩემს სადილი, გარეცხა რაც ზედ ეცვა, ის ტანსაცმელი ხელით, გაფინა
მერე იბანავა, გამოიცვალა და წავიდა ექიმთან.
ეს ყველაფერი ისე სწრაფად ქნა, ისე დამაჭედა ადგილზე რომ, რამდენჯერაც წამოვიწიე მისახმარებლად, ხელით დამსვა უკან, ხმა ვეღარ ამოვიღე, არ ხუმრობდა.
გამოცვალა ჭაღში პატრონა, ისე უცებ აირბინა კიბის ხუთივე საფეხური, გული მიკანკალებდა. ერთხელ ავედი ამ მონჯღრეულ კიბეზე ნათურის გამოსაცვლელად და მთელს ოჯახს ვუხმე რომ ხელით დაეჭირათ. საღამოს ყველა დაქალს მოვუყევი მე დღეს ნათურა გამოვცვალე მეთქი.
თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება სამი დღე,
ის იღვიძებდა დილის ექვსზე, მე ვიძინებდი მაგ დროს.
მე ვიწექი, ის დაქროდა.
ის იწვა, მე კინოს ვუყურებდი ღამე.
არც ერთხელ არ დამჯდარა, მხოლოდ ჭამის დროს, ისიც სულ ალბათ ათი წუთით.
რა ვიცი აბა, სად არ მიჭამია მჭადი
უბრალო, ჩვეულებრივი მჭადი, მაგრამ არსად არასოდეს მსგავსი ნატო რომ აცხობდა.
ჩემს თვალწინ ბადრიჯანი შეწვა, მერე სუნელები მოაყარა, მწვანილი. არაფერი განსაკურებული
მაგრამ სიცოცხლეში ეგეთი გემრიელი ბადრიჯანი არ გამისინჯავს, არც ფრანგულ, არც ჩინურ და არც იაპონურ რესტორანში, არც ქართულში.
ხელში აყვანილი გაიყვანა დედაჩემი აბაზანაში და თან ღიღინებდა, თან ბანდა, მერე გამოიყვანა და როგორც პატარა ბავშვს, ისე გაუმშრალა თმა, ორივე ხელით უჩეჩავდა სველ თმას პირსახოცით, თან ღიღინებდა.
- ასე იყო ჩემი დედამთილიც, ექვსი წელი მე ვუარეო,
და აი მანდ დავუშვი მე საბედისწერო შეცდომა.
გავეხუმრე, მეთქი ეჰ ნეტა მე მაბანავოს ვინმემ, ისე ვარ უკვე, არაფრის თავი აღარ მაქვს მეთქი, გავიცინე და
სანამ სიტყვა დავამთავრე, იღლიაში ვყავდი ამოდებული ბევრად კი არ ჩამოვრჩები მეც ნატოს წონაში, და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, უკვე შამპუნს მასხამდა თავზე, თვალები დახუჭე, თვარა დაგეწობაო.
სამი დღით დაირღვა ჩემი მყუდროება.
რაღაცნაირი სხვა სიცოცხლე შემოიტანა ამ გოგომ ჩემს სახლში, თან რომ გაღიზიანებს, თან რომ გსიამოვნებს, არ ვიცი.
მეშლებოდა ნერვი იმაზე ჩემს დადებულ და ადგილმიჩენილ ჭიქას სხვანაირად და სხვა ადგილზე რომ დებდა,
მეშლებოდა ნერვი ჭურჭელს სხვანაირად რომ რეცხავდა,
გავბრაზდი, როცა ფარდები ჩამოხსნა და მომიწია ჭიდაობა სარეცხის მანქანაში რომ არ უნდოდა შეყრა.
მაწყდებოდა ნერვი ღამე რომ დაბალ ხმაზე მიწევდა ჩემი სერიალის ყურება.
ვბრაზობდი, აივანზე რომ მიხდებოდა ღამე გასვლა მოსაწევად, ჩემს ოთახში ეძინა ნატოს.
ჭკუიდან გადავყავდი მის ხმამაღალ ლაპარაკს ტელეფონზე და ტუალეტში ვიკეტებოდი, რომ ჩემი დაქალისთვის ჩუმად მომეყოლა დაჯღანულს, ვაიმეე წავიდეს რაა, აღარ შემიძლიაა ნუუუ.
მესამე დღეს მოვიდა ნატო ექიმიდან.
ხელში ბევრი პარკებით. საჩუქრები ვუყიდე ჩემებსო.
თვალები უბრწყინავდა, სათითაოდ დამათვალიერებინა ყველაფერი.
ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, ქმრისათვის ნაყიდ წინდებს რომ მანახებდა
მერე უცებ გამინათდა მეც გონება, გამოვაღე ჩემი გარდერობი და რაც ბოლო წლებში საჩუქრებად მივიღე და რისთვისაც ხელი არ მქონდა დაკარებული, ყველაფერი გარეთ გადმოვყარე, ოთხი გოგო ყავს ნატოს. უმცროსი მეათე კლასშია. ორიც შვილიშვილი.
იყვირა, იწივლა, მაინც ჩავულაგე.
როგორ მომნატრებია რაიმეს გაცემა.
მანახა ანალიზების პასუხები, მითხრა რომ გაზაფხულზე ისევ უწევს ჩამოსვლა, კონტროლზე. რომ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა.
- პატარაზე წავიმკურნალებო, ჩემი კაცი და მამაჩემი შემიჩნდა, თორე სად მეცალა მე ამისთვისო.
მერე ჩაქანდა აფთიაქში, იყიდა წამლები და რომ ამობრუნდა, გაბადრულმა მომიყვა:
- იგი ვნახე ახლა პადიეზდში, უძინართა მზეში რო კაცი გამოდის, მსახიობიო. კი, იგი იყო, ვიცანიო, ჯოხით ამოდიოდაო.
ბატონი გუჯა ბურდული შეხვედრია, ჩემი კარის მეზობელი გახდა ცოტა ხნის წინ.
ღმერთო, რა ბედნიერი იყო იმით, რაც ჩემთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა.
მეორე დილას, რომ გავიღვიძე ნატო არსად აღარ იყო.
სამზარულოში დამხვდა ყველაფერი გაწყობილი.
ნამცხვარი გამოუცხვია, ხილით. ხელი რომ დავადე, ჯერ კიდევ თბილი იყო.
დილაუთენია ამდგარა და გაპარულა არ მინდოდა შემეწუხებიეთ გაცილებაზეო.
დავურეკე და რიკოთს იყო გაცილებული.
რანაირი გოგოა ეე
ჩამოვიდა, აგვრია, დაგვალაგა, მოგვიარა, გვაჭამა, გვაბანავა, მოგვეფერა და
წავიდა ჩუმად.
შევედი დედასთან, დავხედე.
ტუმბოზე წამლებთან ერთად, იქვე იდო ნატოს თმის სამაგრი. პლასტმასის დიდი წითელი პეპელა. წკაპით შესაკრავი.
და გამახსენდა
როცა ნატო დედასთან ჯდებოდა, ის ხელს კიდებდა ამ თმის სამაგრს და ნატო ხმამაღლა ეკითხებოდა მოგწოონს,
დედაც თავს დაუქნევდა და უღიმოდა.
ბურთი გამეჩხირა ყელში.
გამახსენდა წინა დღეს, ჩემს მეგობართან ერთად როგორ ვხარხარებდი ტელეფონზე, აუ ერთი-ორი ცალი ნატო მოგცა და უბორკა და სადილი, ჩათვალე გკიდია მეთქი.
მე დეპრესიული, გადაღლილი, ცინიკოსი.
რაღაცნაირი მე
რომელსაც საყვარელი კაცისათვის საუკუნეა წინდა არ მიყიდია.
და ქოთქოთა ჩემხელა ნატო, რომელმაც ჩემზე ასჯერ მეტი იცხოვრა
ასჯერ მეტ ადამიანს მოუარა და კაციშვილთან არ დაუწუწუნია.
დაცარიელდა სახლი და ჩემი ჭიქაც იქ დავდე, სადაც სულ იდო.
ჩემი წესრიგი დავაბრუნე და
აღარ მომეწონა სიჩუმე.
ნეტავ რატომ აქვს უბრალო ადამიანებისათვის ბედნიერებას სხვა ფერი და სხვა გემო.
ალბათ იმიტომ რომ შორს არ მიდიან, იქვე უბრალო რამე რუმეებში პოულობენ თავის წილ ბედნიერებას.
იმ ხილის ნამცხვარსაც ნატოს სახლის გემო და სუნი ჰქონდა სიმყუდროვის.
მეორე დღეს მომენატრა.
ავიღე ტელეფონი, დავდე
დავრეკე მაინც ბოლოს და შვილიშვილმა მიპასუხა
ძინავს ბებოსო
და ტელეფონი მისცა ნატოს ქმარს.
მისგან გავიგე, თურმე მომატყუა
ჰისტოლოგიის პასუხს ელოდა ამდენი დღე
და არ იცოდა თავისი განაჩენი
მე არ მითხრა რომ არ მენერვიულა.
მე გამიფრთხილდა.
და დღეს დავრეკე შიშისაგან მოკუნტულმა
და გავიგე რომ
რომ პროგნოზი საიმედოა. რომ არ არის ავთვისებიანი.
მივუტრიალდი დედას, რომელსაც არაფერი აღარ აღელვებს და დავუყვირე.
- გადავრჩით დეე, ნატო იცოცხლებს დედაა, ჩვენი ნატო დეე
რა გააღვიძა ამ გოგომ ჩემში, ეხლაც არ ვიცი სახელი, ალბათ სიტყვა ნათესავის მივიწყებული სიტკბო. ჩვენი ნატო ხომ ყველას ყავს სადღაც
სადღაც იმერეთში, სადღაც სვანეთში, სადღაც გურიაში, კახეთში, სამეგრელოში.
გავედი სამზარეულოში და ჩემი ჭიქა იქ დავდე, სადაც ნატო დებდა ხოლმე, ზედა თაროზე.
image
ნინო ახობაძე
0
220
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0