x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ იწყება! - ყველაფერი, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ
image

გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და იწყებს ტრადიციულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“.


2023 წლის გამარჯვებულების გამოსავლენად პირველადი განაცხადების მიღება 24 ოქტომბრიდან დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება ვებგვერდზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ექნება.


პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რომანით, ასევე მოთხრობების კრებულით. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 21 წლის ასაკიდან ზევით და მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.



„გახდი ბესტსელერის ავტორი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერ წიგნებში.


მათ, ვისაც 2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება სურთ, უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:


  • გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;
  • კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);
  • საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოფსისი (WORD-ის დოკუმენტი, );
  • რომანის შემთხვევაში: ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში - 2-3 მოთხრობა, WORD დოკუმენტი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple)

მომდევნო ეტაპი არის განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა, რომლისთვისაც შემდეგი ნაბიჯების გავლა დაგჭირდებათ:


  • ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 24 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge.
  • ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
  • გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

გასათვალისწინებელია, რომ კონკურსზე არ განიხილება:


  • რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები;
  • არასრულყოფილი განაცხადები;
  • ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;
  • ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.

ასევე, საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე (www.palitral.ge ) განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს.


6 დეკემბერს 1-ლი ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, საიდანაც ათი მკითხველის რჩეული გახდება, დანარჩენს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.


აღნიშნული კონკურსანტები შესაბამის შეტყობინებას გამომცემლობიდან მიიღებენ. მათ 7 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, კონკურსის ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:


  • 1-ელ ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების ან კრებულის სრული დამუშავებული ვერსია;
  • ნაწარმოების/კრებულის მოკლე შინაარსი (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე);

გასათვალისწინებელია, რომ მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით. მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 10 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს, 1-ელ თებერვალს კი მაქსიმუმ 3 გამარჯვებული გამოცხადდება. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.


დამატებით დეტალებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს გამომცემლობა „პალიტრა L“ მიაწვდის ინფორმაციას. კონკურსი არის უნიკალური შანსი მათთვის, ვისაც სურს თავისი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას წარუდგინოს და მათი აღიარება მოიპოვოს.



R




0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0