x
საომარი მდგომარეობის ეკონომიკა და ძალაუფლება კონტროლის მიღმა
image

საომარი ეკონომიკის სამეცნიერო განმარტება დღემდე აკადემიური დისპუტია და, სოციალური მეცნიერებების ქვე-მიმართულებებთან ასიმილაციის პროცესში, სხვადასხვა სახეს იძენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საომარი ეკონომიკის შინაარსობრივი სტრუქტურა უცვლელი რჩება, ნებისმიერი დეფინიციით. საომარი ეკონომიკა გულისხმობს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლას, საომარი გამოწვევების შესაბამისად (Fadwa, 2019). საომარი ეკონომიკის ფაზებიდან გამოიყოფა შემდეგი:

  • მთავრობები რესურსების მობილიზებას და ალოკაციას ახდენენ სამხედრო-სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე (Horwitz & Mcphilips, 2013) - მშვიდობის პერიოდში ხსენებული რესურსები მიმართულია სოციალური, ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვის პროგრამებისკენ. შესაბამისად, ფინანსური რესურსების აკუმულირება ხდება ხსენებული მიმართულებებიდან;
  • საომარი ეკონომიკის მდგომარეობაში, ერთ-ერთი, ყველაზე სენსიტიური მოვლენაა გადასახადების მატება - ზოგიერთ ქვეყანას საკანონმდებლო დონეზე აქვს მოწესრიგებული გადასახადის ზრდის ტემპები, თუმცა გამოწვევად რჩება მიზნობრიობის დადგენა. როგორც წესი, ფინანსური შესაბამისობის შემოწმება, ძირითადად, ხდება ომის შემდგომ პერიოდში (Bank & Stark, 2008);

რესურსების ცვლილება არ უნდა იქნას აღქმული მხოლოდ ფინანსური ცვლილებების ამპლიტუდით. რესურსები ძირითადად უკავშირდება საკვებ პროდუქტებსა, ტექნოლოგიებსა და მედიკამენტებს, რომელიც არმიის ქმედითუნარიანობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, ეკონომიკური ზრდის ტემპების სისწრაფეც, რომელიც პოსტ-საომარ კონდიციებში რამდენჯერმე იზრდება. პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, განსაკუთრებით ‘’დიდი დეპრესიის’’ გაკვეთილებმა ნათელი მემკვიდრეობა დაუტოვეს იმ ქვეყნებს, რომლებიც საომარი ეკონომიკური პოლიტიკის კომპლექსურობის გამოწვევების წინაშე დგანან.

მეცნიერები დღემდე ვერ ადგენენ აკადემიურ ჩარჩოს, რომლითაც საომარი ეკონომიკის მედეგობა გაიზომება. მაგალითად, რობერტ ჰიგსის აზრით შეუძლებელია მაკროეკონომიკური პარამეტრებით შეფასდეს საომარი ეკონომიკის მდგომარეობა (Higgs, 2006). ამ მოსაზრებას ამყარებს, რომ საომარი ეკონომიკური მდგომარეობა წარმოშობს ჩრდილოვან ბაზრებს, იზრდება კორუფციული რისკები და გადასახადების დამალვის ალტერნატივები რაც სამართლებრივი პარამეტრებიდან აბსოლუტური გადახვევაა (Goodhand, 2010).

ჩემი ჰიპოთეზა მდგომარეობს შემდეგში - რაც უფრო სწრაფია საომარი ეკონომიკის მდგომარეობაში რესურსების მობილიზაცია, მით უფრო მცირდება სახელმწიფოს ძალა ეკონომიკაზე, პოსტ-საომარ მდგომარეობაში.განვითარებადი ქვეყნებისთვის საომარი ეკონომიკური პოლიტიკა მეტწილად გეოგრაფიულ და რეგიონულ მოთამაშეებს ეყრდნობა, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ნორმატივებში აქცევს ხსენებულ მიმართულებას. უფრო ზუსტად, ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის განზომილებაში გადადის სადაც მაკონტროლებელი ძალა ნაწილობრივ ან საერთოდ არ არსებობს.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოვლენების შემდგომ იაპონიაში ეკონომიკური რყევების წინაშე დადგა, რამაც არაერთი პოლიტიკური ხედვა/მიდგომა წარმოშვა. მაგალითად, მაღალი ინფლაცია ბრალდებოდა მოთხოვნის ექსცესიურობას, მაშინ როცა რეალური პრობლემა მიწოდების წყაროების არარსებობა გახლდათ. აგრეთვე, ანტი-ინფლაციურ პოლიტიკის შემუშავებისას ყურადღების მიღმა რჩებოდა სამუშაო ძალა და ინვესტიციების ნაკლებობა. ვერ ვიტყვით რომ იაპონური პოლიტიკური კულტურა ეკონომიკური ცოდნის დეფიციტს განიცდიდა (რა ფაქტორსაც, ხშირად, კოლაფსურ შედეგებამდე მიჰყავს განვითარებადი ქვეყნები), თუმცა პოსტ-საომარი ეკონომიკური გამოწვევების მართვისთვის.

იდეოლოგიური მიდგომებით, საომარი ეკონომიკის მართვას ეტატისტური სახელმწიფოები უფრო მარტივად ახერხებენ, ვიდრე, ლიბერალური. გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამხედრო დისციპლინად ქცეული კარანტინი უფრო მარტივად მისაღები გახლდათ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. უფრო ვიწრო კლასიფიკაციით შეგვიძლია წამოვაყენოთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საომარი ეკონომიკის პირობებში, ცენტრალიზებული ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებში რესურსების მობილიზება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფოს ძალაუფლების კონცენტრაცია დაბალია. ამის საპირწონედ, პოსტ-საომარ გარემოებაში მეორე კატეგორიის სახელმწიფოები უფრო მეტად

საომარი ეკონომიკის გამოწვევები დროში ცვლადი და განვითარებაზე ორიენტირებულია -მსგავსად ეკონომიკური კრიზისებისა ის ბრუნდება, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორითაც ისტორიას ახსოვს. მაგალითად, მაშინ როცა სატელეკომუნიკაციო ანძები მტრის სამიზნე იყო, ბეჭდვითი მედია ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ფორმა, სოციალური ქსელებისა და ციფრული ტექნოლოგიებით მსგავსი გამოწვევები დაძლეულია. ამას ემატება ხელოვნური ინტელექტისა ინტეგრირება სამხედრო ტექნოლოგიებში, რომელიც ადამიანური მსხვერპლის შემცირების კონცეფციაზე უფრო მეტადაა აგებული, ვიდრე ძალთა ბალანსის პროპორციულობაზე. მეტიც, კომპრომეტირებული ინსტიტუტების გავლენა საომარი ეკონომიკის პროცესზე ტექნოლოგიური რევოლუციების კვალდაკვალ მცირდება.

ჯერი უკრაინაზეა, რომელსაც მძიმე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება მოუწევს, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. პირველ რიგში, საომარი ეკონომიკური მდგომარეობისგან ‘’დამფრთხალი’’ ინვესტიციების შემობრუნება და კორუფციული არხების გაკონტროლებაა აუცილებელი. მეორე მსოფლიო ომის პოსტ-საომარმა ეკონომიკურმა სურათმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის მოლოდინი 1.5-ით მეტი უნდა იყოს საომარ მდგომარეობამდე. უკრაინას კონტროლს მიღმა დარჩება ინფლაციის და ფასთა მატების დონეები და გამოსავალი სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საომარ ეკონომიკას მკაცრი დეტერმინატები აქვს და სისტემურ მიდგომებს მოითხოვს, შესაბამისად, უკრაინა შემდგომი გამოწვევების წინაშე დადგება:

  • საომარი რესურსების ეფექტიანი მართვა - საერთაშორისო მხარდაჭერის მეშვეობით უკრაინაში თავს იყრის მოწინავე თავდაცვითი ტექნოლოგიები, რომელიც სტრატეგიული ეკონომიკის ბალანსზე აღირიცხება. სამომავლოდ, ხსენებული ტექნიკა თავდაცვის აქტივი უნდა იყოს და არა ეკონომიკის;
  • კორუფცია და ჩრდილოვანი ბაზრები - მართალია ორივე მათგანთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მაგრამ საომარ ეკონომიკურ მდგომარეობაში მძიმედ აისახება ეროვნული კაპიტალზე;
  • ინდუსტრიული და ტექნიკური ცვლადების გააქტიურება.

პოსტ-საომარ ეკონომიკურ მდგომარეობაში, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ სამომხმარებლო პროცესზე უპირატესი საინვესტიციო გარემოა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობას მოუწევს ცხოვრების დაბალ სტანდარტებში ყოფნა. სახელმწიფოები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ხელშსახები და საგრძნობი ეკონომიკური სარგებლიანობა გრძელვადიან პერსპექტივაშია მიღწევადი, ამიტომ, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ნებისმიერი მოქმედება მხოლოდ შეაფერხებს პროგრესს.

ეკონომიკური პოლიტიკა დინამიურია თავისი მრავალფეროვანი მახასიათებლიდან გამომდინარე. ეკონომიკის, როგორც მოვლენას მხოლოდ ომი უტოლდება თავისი რეზონანსით. სტატიაში მოყვანილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის აქტივაციას ან/და დეაქტივაციას უწყობს ხელს საომარ პერიოდში. აგრეთვე, სტატიაში საომარი ეკონომიკის ობიექტები დანახულია იმ პერსპექტივიდან, რომლის გაკონტროლებაც მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი ან შეუძლებელია.

გამოყენებული ლიტერატურა

Bank, S. A., & Stark, K. J. (2008). War and Taxes. Journal of Scholarly Perspectives, 69-81. Retrieved from https://escholarship.org/content/qt0562w1nq/qt0562w1nq.pdf?t=mnar8n

Fadwa, B. B. (2019). Basics of Economy Wars. Journal of Global Economics, 7, 1-4. doi:10.4172/2375-4389.1000330

Goodhand, J. (2010). From war economy to peace economy? State reconstruction and international engagement in Afghanistan (pp. 1-20). London: LSE Research Online. Retrieved from https://core.ac.uk/download/pdf/6610156.pdf


Higgs, R. (2006). Depression, War, and Cold War: Studies in Political Economy. Oxford: Oxford University Press. Retrieved from http://www.untag-smd.ac.id/files/Perpustakaan_Digital_2/POLITICAL%20ECONOMY%20Depression, %20War, %20and%20Cold%20War%20Studies%20in%20Political%20Economy.pdf

Horwitz, S., & Mcphilips, M. J. (2013). The Reality of the Wartime Economy: More Historical Evidence on Whether World War II Ended the Great Depression. The Independent Review, 17, 325-347. Retrieved from https://www.economicsandpeace.org/wp-content/uploads/2015/06/The-Economic-Consequences-of-War-on-US-Economy_0.pdf



0
10
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0