x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ გვილოცავს ქართველების მეგობარი რამიელა ალიევა ქართული ენის დღეს და რა ამბავი გადახდა ქართულის შესწავლის დროს ...
image

საქართველო მეგობრული ქვეყანაა... მინდა ასე იყოს და მჯეროდეს და ვიმედოვნებ ასეცაა. საქართველოში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანელები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები არიან.

უყვართ, აფასებენ, სტკივათ, იზიარებენ...ყველა იმ ბედნიერებასა თუ პრობლემას, რომელიც საქართველოში ხდება...

მე ვიცი ბევრი არაქართველი, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ ან თავის მშობლიურ მხარეში აგრძელებს. ამ ფორმით ხედავენ მათ პირად განვითარებას. ზოგი ბრუნდება, ბევრი ალბათ არა...


თუმცა მე ასევე ვიცი და ვიცნობ ბევრ არაქართველს, რომელთაც უდიდესი სიყვარული აქვთ, აგრძელებენ აქ სწავლას და ყველანაირ განვითარებას, პირადულ ზრდას თუ კარიერულს, საქართველოში და ქართველების გვერდით ხედავენ ...

მინდა ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეთ ასეთი აზროვნების ადამიანებს, რომ იპოვონ ძალა და ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეეწინაღმდეგონ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების ან მეგობრების აზრებს, რომლებიც ურჩევენ რომ სწავლა მოსკოვში ან სადმე სხვაგან გააგრძელონ. ადამიანები, რომლებიც ჩვენთან იბადებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, ჩვენ ჰაერს სუნთქავენ... ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენი სამშობლო ისეთივე მშობლიური უნდა იყოს მათთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის.

მე ბევრი მოსწავლე მყავს, უკვე შემდგარი და განვითარებული. ვამაყობ მათი წარმატებებით და მომავალი მიზნებით... იმედი მაქვს ისინიც იამაყებენ მათი გადაწყვეტილელებით, იმით რომ მეგობრად საქართველო და ქართველები აირჩიეს...


სიტყვები, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ერთ აზერბაიჯანელ გოგონას რამილა ალიევას ეკუთვნის. მას მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი წერილის წაკითხვა ნებისმიერ უცხო ადამიანს დაუტოვებს დადებით შთაბეჭდილებას ამ პიროვნების მიმართ. მინდა ქართული ენის დღე ამ წერილით მივულოცო ყველას!


ქართულის სწავლა რომ დავიწყე წერის დროს "ჯ" და "ჭ" მეშლებოდა სულ... დედაჩემს ვურეკავდი, დედა ამ სიტყვაში რომელია, ბაფთიანი თუ ჯოხიანი... აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, აზერბაიჯანულენოვან გარემოში ვცხოვრობდი. ქართული ანბანი ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა ყველა რვეულში ვხატავდი ასოებს, ანბანი ვიცოდი, სიტყვები არა... ერთხელ სამარშრუტო ტაქსში დამავიწყდა სიტყვა გააჩერეთ, ბოლო გაჩრებამდე გავყევი და მერე ისევ უკან დავბრუნდი იმავე მარშრუტით, პატარა ვიყავი და ალბათ კითხვა მომერიდა.
ქართული ენა რთული ენაა არაქართულენოვანისთვის... სალაპარაკო ენა როცა ვისწავლე გამოიკითხეს, ჩემთვის იპოვეს მასწავლებელი, რომელზეც ამბობდნენ ყველაზე კარგად ასწავლის აბიტურენტებს. მესამე გაკვეთილი იყო აბო თბილელის წამება. ქართული ენის მასწავლებელი ისე არაჰუმანურად მოიხსენიებდა სხვა ერის, სხვა რელიგიის ადამიანებს, კულტურას. მეოთხე გაკვეთილზე არ წავედი, შემეშინდა.
გაუცხოება სულ იყო, დღესაც არის. ეს არც თქვენი ქართველების ბრალია, არც ჩემი - საქართველოს აზერბაიჯანელის... მიზეზები ბევრია, მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა... ვისაუბრებთ კიდევაც. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რას განიცდიდა ის პატარა მუსლიმი გოგო რომელსაც უბრალოდ ქართულის სწავლა უნდოდა და იმისგან ვინც ქართულს ასწავლიდა ისმენდა უსაზღვრო ზიზღს მისგან განსხვავებულების მიმართ. თან თემა იყო აბო თბილელის წამება...
იმ პატარა გოგოს, რომელიც ახლა ამ სტატუს წერს გაუმართლა, მერე შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც მას სიყვარულით ასწავლეს ქართული. შეხვდა ადამიანი რომელიც ვეფხისტყაოსანი შეაყვარა, ალუდა ქეთელაურის მაგალითზე ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარა, მაგრამ ყველას ხომ შეიძლება არ გაუმართლოს ისე როგორც მე გამიმართლა.
ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით ❤
ხშირად მათთვის თქვენ პირველი ქართველი ხართ ვისთანაც ურთიერთობა აქვთ ❤
გილოცავთ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს!
image












0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0