x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სისხლში ჩახშობილი უნგრეთის სახალხო აჯანყება და გამსახურდია-კოსტავას პროკლამაცია
image

65 წლის, 1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში დაიწყო საერთო სახალხო აჯანყება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ სისხლში ჩაახშო საბჭოთა ჯარმა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური აჯანყება კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ, რაც ოდესმე მოხდარა მისი 70 წლიანი არსებობის მანძილზე.





როგორც მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპა გააწითლა, მათ შორის იყი უნგრეთიც.1949 წელს ბოლშევიკების ხელისშეწყობით, უნგრეთის ხელისუფლებაში მოვიდა(უფრო სწორად მოიყვანეს და დასვეს) უნგრეთის მშრომელთა სახალხო პარტია, რომელსაც ხელმძღვენელობდა მათიაშ რაკოში და რომელმაც განვითარების გზად სოციალიზმი "აირჩია".



1953 წელს იოსებ სტალინის გარდაცვალებამ შემდეგ საბჭოთა კავშირში დაწყებულმა ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკამ ევროპულ კომუნისტურ პარტიებში გარკვეული ლიბერალიზაცია მოიტანა.ამას მოჰყვა საერთო დაძაბულობა და საპროტესტო გამოსვლები, მაგალითად თბილისში 1956 წლის 9 მარტს და პოზნანში (პოლონეთი)1956 წლის 28 ივლისს, რომელიც "შავი ხუთშაბათის" სახელით შევიდა ისტორიაში.




პოლონური მაგალითით გამხნევებულმა უნგრელმა სტუდენტებმა 1956 წლის ოქტომბერში საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს; ისინი საბჭოთა გავლენისგან თავისუფლებას, დემოკრატიულ რეფორმებს და რაკოშის მემკვიდრის, ენრიო გერიოს გადადგომას ითხოვდნენ.

image


1956 წლის 23 ოქტომბერს სტუდენტურ აქციას ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ 200 000-მდე დემონსტრანტი შეუერთდა. აქციაზე სტუდენტების და მწერლების მიერ 16 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები გაახმოვანეს. გერიომ რადიოგამოსვლაში საჯაროდ დაგმო საპროტესტო მოძრაობა. პასუხად დემონსტრატებმა ბუდაპეშტის ცენტრში დანგრეული ეკლესიის ადგილზე აღმართული სტალინის მონუმენტი დაამხეს.

image


სტუდენტების მეორე ჯგუფმა რადიომაუწყებლის შენობაში შესვლა სცადა ეთერის დათმობის მოთხოვნით, რასაც უნგრეთის უშიშროების პოლიციამ ხალხში სროლით უპასუხა. დემონსტრაცია საერთო აჯანყებაში გადაიზარდა. უნგრეთის დროშა, საიდანაც კომუნისტური ატრიბუტიკა ამოჭრეს, რევოლუციის სიმბოლო გახდა.


image

მთავრობის თავმჯდომარე ანდრაშ ჰეგედიუშმა მოსკოვს დახმარება სთხოვა; რამდენიმე საათში ბუდაპეშტში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, გიორგი ჟუკოვის ბრძანებით ტანკები შევიდნენ, მაგრამ უკვე შეიარაღებული უნგრელი რევოლუციონერების წინააღმდეგობას წააწყდნენ.

image



მღელვარება უნგრეთის სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც გავრცელდა. შეიქმნა მუშათა რევოლუციური საბჭოები, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების როლი იკისრეს და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.


image

აჯანყებულებმა პარლამენტის შენობაზე მიიტანეს იერიში. გერიო და ჰეგედიუში მოსკოვში გაიქცნენ. მთავრობის თავმჯდომარეობა გადაიბარა იმრე ნადიმ, რომელმაც მოსახლეობას მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდა და რეფორმების გატარების პირობა დადო. მიუხედავად ამისა, ბრძოლები აჯანყებულებსა და მეორე მხრივ, საბჭოთა ჯარებსა და უნგრეთის უშიშროების პოლიციას შორის, არ წყდებოდა. ყოფილი ოფიცრის ბელა კირაის მეთაურობით შეიქმნა ეროვნული გვარდია, რომელიც სასტიკად გაუსწორდა პრო-საბჭოთა კომუნისტებს.




24 ოქტომბერს შესრულებულ იქნა სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა: პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რეფორმატორი პოლიტიკოსი იმრე ნადი. რომელმაც მოსახლეობას მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდა და რეფორმების გატარების პირობა დადო.ნადმა მოლაპარაკებები დაიწყო საბჭოთა ჯარებთან. ორ დღის შემდეგ საბჭოთა არმიამ დატოვა ბუდაპეშტი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ტაქტიკური სვლა იყო.



ამბოხების საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა 1-ლ ნოემბერს. ნადმა გამოაცხადა, რომ უნგრეთი ნეიტრალური სახელმწიფო გახდება და გავა ვარშავის ხელშეკრულებიდან.




საბჭოთა მხარეს ეს აშკარად არ მოეწონა, საბჭოთა მთავრობას უკვე შეცვლილი ჰქონდა წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება; მოსკოვს უნგრეთის რევოლუცია სისხლში უნდა ჩაეხშო.

image

„უნგრელი ხალხის სოციალისტური მონაპოვრების“ "გადარჩენის" და უნგრელი "ხალხის თხოვნით" მოსკოვმა 12 საბჭოთა დივიზია გადაისროლა. ქვეყანაში ინტერვენტენის სამხედრო ძალების საერთო რაოდენობამ 30 000 ჯარისკაცს და 1 000 ტანკს გადააჭარბა.

image

სამი დღის შემდეგ ათასამდე საბჭოთა ტანკი შევიდა ბუდაპეშტში. იმრე ნადი უკანასკნელად გამოვიდა ბუდაპეშტის რადიოთი:


"დღეს დილით საბჭოთა ჯარებმა უნგრეთის დედაქალაქის იერიში დაიწყეს. ცხადია, მათი მიზანია ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდება. ჩვენი არმია წინააღმდეგობას უწევს საბჭოთა ჯარს. მთავრობა თავის მოვალეობებს ასრულებს."



ერთკვირიან ბრძოლებს 2500 უნგრელი და 700 საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, 11 ნოემბრისთვის საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ ჩაახშო აჯანყება.

image

უნგრეთის რევოლუციური მთავრობის ლიდერმა, იმრე ნადიმ თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარა, საიდანაც საბჭოთა წარმომადგენლებმა ხელშეუხებლობის პირობით გამოიტყუეს და დააპატიმრეს. 1958 წელს კი ჩამოახრჩვეს.


უნგრეთის რევოლუციას გარკვეული გამოხმაურება საქართველოშიც მოჰყვა, 1956 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეებმა, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ გაავრცელეს პროკლამაციები, რითაც უნგრელი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.ამ პროკლამაციის ასლი დღეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ინახება.




ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.


დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.


მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.


ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!


ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!


ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!


გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!


რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!


image

უნგრეთის სახალხო აჯანყებას საქართველოდან გაწვეული 23 ახალგაზრდა შეეწირა.

0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0