x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"შე ბიძინას მონაო - წინამ, ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო, არა ბიჭოს მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო" - ავტობუსში მომხდარი ინცინდენტი
image
-მაიტა ერთი, უფროსო, ბილეთი ამიღეო - ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს. ამან - ჩემ გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, დაადე და აიღეო. იმან - შენ რო ამიღო, არ გეკადრებაო? ამან - ეგ რა შუაშიაო, სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო. შენ რაღას მიკეთებ აქ რო დამდგარხარ იმასავითო. ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონა დგახარო. შენ ეხლა ცოტა ასტაროჟნად იყავიო. შენ თვითონ მოიქეცი სპაკოინად და არავინ არაფერს გეტყვისო. შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე ვინა ვარო. აი ჩემ ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო.
-რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? - გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი. შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო -კონტროლიორმა. შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო-პირბადეჩამოწეულმა. ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო - მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა. ქალი დაუკვირდა.
- დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო - უკანა რიგებიდან გამოსძახათ კაცმა. შენ შენნაირები დააწყნარეო - წინა რიგებიდან შეეხმიანნენ. რა ამბავია ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო - უკანა რიგებმა.
სამსახურში თორე ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო - წინა რიგებმა.
ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე იბლატავეო - უკანამ.
ზედვე გეტყობა რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო - წინამ.
ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო, არა ბიჭოს მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო - უკანა რიგებმა.
ერთი სტალინი წამოახედაო - შუა რიგებმა.
-რა გაჩხუბებთ ხალხო, ქართველები არა ვართო? - ჩემ მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო.
ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო - ჩემ მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო - მარცხენამ.
რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო - მარჯვენამ. შეაყარე კედელს ცერცვიო - მარცხენამ.
ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო - მარჯვენამ.
-ეხლა სუყველა გაჩუმდით, თორე გავაჩერებ ავტობუსსო - მძღოლს ამოასხა. გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და რულს ხელი მოკიდე, თუ ძმა ხარო. მიტრიალდა და მოკიდა.
სკოლისჩანთამოკიდებულ გოგოს სიცილი აუტყდა, დედამისმა - ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა.
-ზაური, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო - ქალმა ჩასძახა ტელეფონს. ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო - კონტროლიორმა ჩაიქირქილა. შენ გირჩევნია ბილეთებს მიხედოო - ქალმა. ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო - კონტროლიორმა და დაიწყო ისევ თავიდან.
მე არ ჩავრეულვარ. მდუღარეყავაგადასხმული ხელი მეწვოდა და ჩემი გამჭირვებოდა.
(უცნობი ავტორი)
0
541
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0