x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ალექსითიმია
ალექსითიმია


ჩვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს ის თუ როგორ აღვიქვამთ, ვმართავთ, გამოვხატავთ ემოციებს. ჩვენი ცხოვრების გარკვეული მომენტში ყველა განვიცდით უკიდურეს მწუხარებას, შიშს, სტრესს, სიხარულს და სიყვარულს. როცა რაღაც კარგი ხდება სიმსუბუქესა და სიხარულს ვგრძნობთ, ხოლო როცა ძვირფას ადამიანს ვკარგავთ ან განვიცდით მარცხს უარყოფითი ემოციების, გრძნობების მორევში ვიძირებით. ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა თუ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდით. წარმოიდგინეთ, რამდენად დამაბნეველი იქნებოდა თქვენთვის თუ ვერ ამოიცნობთ მოწყენილი ხართ თუ ბედნიერი? ეს ის არეული და დამაბნეველი სამყაროა, რომელშიც ალექსითიმიის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც არ შეუძლიათ სიტყვიერი ფორმა მისცენ მის გრძნობებსა და გამოცდილებას.


ალექსითიმია განისაზღვრება, როგორც პიროვნების მახასიათებელი, რომელიც ხასიათდება განცდილი ემოციების აღწერისა და ამოცნობის დაქვეითებული უნარით ან სრული უუნარობით. ალექსითიმიის ძირითადი მახასიათებელია ემოციების ამოცნობის, პიროვნებათშორისი ურთიერთობის დისფუნქცია. ალექსითიმიის მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ სხვისი ემოციების გაგება, ეს ხელს უშლის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ნაცნობებთან კომუნიკაციაში. ისინი აანალიზებენ, რომ ყველასაგან განსხვავებულები არიან, ამიტომ ცდილობენ განმარტოვდნენ რათა უხერხულ სიტუაციებს აარიდონ თავი, ხშირია გაუგებრობები და შეთხვევები, როცა მათ გულცივ და ამპარტავან ადამიანებად მიიჩნევენ, ამიტომაა რომ ისინი მიდრეკილნი არიან სოციალური იზოლაციისა და მარტოობისკენ.


პირველად ეს ტერმინი გამოიყენა ფსიქიატრმა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ლექტორმა პიტერ სიფნეოსმა. თავის ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის საშუალებით მან აღმოაჩინა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიტყვებით ვერ აღწერდნენ გრძნობებს. პიტერის თქმით ბიოლოგიურ დონეზე აღიქვამენ ემოციებს, მაგრამ არ შეუძლიათ საუბარი მათზე. ტვინის ის ნაწილი სადაც ემოციები წარმოიქმნება და ის ნაწილი, რომელიც მათ დამუშავებას ახდენს ნორმალურად მუშაობს თუმცა ორ ნაწილს შორის არ არის აუცილებელი კავშირი.



ალექსითიმიის შესწავლა მნიშვნელოვანი ამოცანაა თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის. დღემდე სინდრომის ზოგიერთი ასპექტი გაუგებარი და უცნობია. განასხვავებენ მის ორ ფორმას, პირველად და მეორად ალექსითიმიას.


პირველად ალექსითიმიას კავშირი ბიოლოგიურ ფაქტორებთან აქვს, რომელებიც ხშირად დაბადების მომენტიდანვე იჩენს თავს. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: ინფორმაციის გადაცემის პრობლემები ლიმბურ სისტემასა (პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე) და თავის ტვინის ქერქს შორის. ორ ნახევარსფეროს შორის კომუნიკაციის სირთულეები. მარჯვენა ნახევარსფერო მონაწილეობს ემოციების იდენტიფიკაციასა და რეგულაციაში, ხოლო მარცხენა ძირითადად პასუხისმგებელია ენაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველადი ალექსითიმია დაბადებიდანვე ჩნდება ეს დაკავშირებულია თანდაყოლილ და მემკვიდრეობით ფაქტორებთან, რომლებიც შეიძლება მშობლებისგან შვილებზე გადავიდეს მემკვიდრეობით. ამასთან, ის შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით, სიცოცხლის განმავლობაში ისეთი დაავადებების გამო, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, თავის ტრავმა ან ინსულტი.


მეორეული ალექსითიმია გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, რომელიც მოხდა ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ჩვეულებრივ, ეს სიტუაციები ბავშვობაში გვხვდება, მაგრამ პიროვნების ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერმა ექსტრემალურმა გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს ალექსითიმია. ხშირ შემთხვევაში ეს ტრამვული გამოცდილებებია, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა, შევიწროება ან გაუპატირუება. ადამიანი, რომელიც მეორადი ალექსითიმია განუვითარდა გაუცნობიერებლად იშორებს ემოციებს, რათა არ დაიტანჯოს საშინელი ტრამვისაგან გამოწვეული ემოციებით. მეორად ალექსითიმიას ხშირად თან ახლავს ისეთი ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა პოსტტრამვული სტრესი ან დეპრესია. ის ასევე შეიძლება წარმოიშვას გარკვეულ პრობლემებთან, როგორიცაა ანორექსია, დამოკიდებულება( მაგალითად:საკვებზე ან აკლოჰოლზე) ან სიბრაზის მართვის სირთულეები.


ალექსითიმია ოფიციალურად არაა აღიარებული, როგორც მენტალური დარღვევა. მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში(DSM-5), ამიტომაც ბევრი გამოკვლევა არ ჩატარებულა თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. პირველადი ალექსითიმია პრაქტიკულად არ ინკურნება, ხოლო მეორეულს მკურნალობენ. თერაპიებით შესაძლებელია ალექსითიმიით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა. გამოიყენება გეშტალდთერაპია, არტთერაპია და ჰიპნოზი. ამ ყველაფრის მიზანია ასწავლოს პაციენტს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. დიდი ყურადღება ეთმობა ფანტაზიას, რაც ემოციების გამოხატვის სპექტრის გაფართოებას უწყობს ხელს. რაც შეეხება მედიკამენტებს მეცნიერები ერთ დასკვნაზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ არის თუ არა მედიკამენტური მკურნალობა ეფექტური. მკურნალობის პერიოდში უდიდესი როლი ახლობელ ადამიანებს აკისრიათ, რადგან მათი მხარდაჭერა და თანადგომა უმნიშვნელოვანესია, რათა ალექსითიმიის მქონე ადამიანებმა თავი დააღწიონ მარტოსულობას, ჩაკეტილობას და დაბნეულობითა და გაუგებრობით აღსავსე მდგომარეობას.






0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0