x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
აუტიზმი
image


რა არის აუტიზმი?


აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში არსებული ცვლილებებით. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.

აუტიზმი პირველად ლეო კანნერმა აღწერა 1943 წელს ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით. სწორედ ამიტომ, აუტიზმს “კანერის სინდრომსაც’’ უწოდებენ. მან გამოჰყო აუტიზმისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი. ესენია:

  • სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა;
  • კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა;
  • ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა;
  • საგნებით გატაცება;
  • ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.

აუტიზმის სიმპტომები, როგორც წესი, ბავშვის ცხოვრებაში თავს იჩენს პირველი სამი წლის განმავლობაში. ნორმალური განვითარების შემთხვევაში ბავშვები აკვირდებიან სხვების სახეებს, იღიმიან. ეს ყოველივე კი აუტიზმის შემთხვევაში დარღვეულია.

8-10 თვის ასაკისათვის აუტიზმის მქონე ბავშვები ავლენენ სოციალური ინტერაქციის შემცირებას. შესაბამისად, არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე, არ გამოხატავენ სიამოვნებას და არ ინტერესდებიან ადამიანებით.

12 თვიდან 24 თვემდე ასაკში უკვე ვხვდებით სოციალური თამაშების დეფიციტს, როდესაც ბავშვი არ ცდილობს სხვისი მოქმედებების იმიტირებას და ურჩევნია განმარტოვებით თამაში. როგორც წესი, ამ დაავადების მქონე ბავშვები არ ითხოვენ დამშვიდებას, როდესაც რამეს იტკენენ და არ რეაგირებენ ადეკვატურად მშობლის ემოციის საპასუხოდ.

2 წლის ასაკისათვის უმეტესად არ რეაგირებენ, ან შესაძლოა შერჩევითად რეაგირებდნენ, სახელით მიმართვაზე. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ პირდაპირ მზერას, არ სურთ ინტერესის გამოჩენა სხვა ბავშვების მიმართ, ასევე, არ თამაშობენ იმიტაციურ თამაშებს მათთან ერთად. აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვებს არ მიაქვთ საჩვენებლად სხვადასხვა საგნები მშობლებთან, არ აქვთ სურვილი, რომ გაუზიარონ ემოციები ოჯახის წევრებს და ყურადღება მიიქციონ საკუთარ ქმედებებზე.

შესაძლებელია ბავშვის განვითარება მიმდინარეობდეს ტიპიურად 18-24 თვემდე და შემდეგ განვითარდეს ე.წ. უნარების რეგრესი. ამ შემთხვევაში, ბავშვი კარგავს უკვე განვითარებულ სამეტყველო თუ სოციალურ უნარებს.


აუტიზმის მიზეზები


აუტიზმი თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური დარღვევაა. მართალია, მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა, ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი ან ამ ფაქტორთა კომბინაცია. ესენია:

1) ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა;

2) გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა;

3) გარემოს მავნე ზემოქმედება.


რამდენად ხშირია აუტიზმი?


აუტიზმს ვხვდებით მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასასა და სოციალური მდგომარეობის პირებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდგომარეობის სიხშირემ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან იმატა. კერძოდ, აუტიზმის შემთხვევებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში მოიმატა 40-ჯერ. რაც შეეხება გენდერულ თვალსაზრისს, აუტიზმი 4-5-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.


დიაგნოსტიკა


რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ის მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. პროცესში ჩართულნი არიან ბავშვთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი. ბავშვს აფასებენ მის ქცევაზე დაკვირვების, მშობლების, მასწავლებელების ინტერვიუირების და ჩატარებული სხვადასხვა ფსიქომეტრული ტესტის მონაცემების საფუძველზე. უტარებენ ასევე მეტყველების განვითარების შესაფასებელ ტესტებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ინტელექტის კოეფიციენტის დადგენაც, რისთვისაც იყენებენ ვექსლერის ტესტებს.

ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო დროულად იწყება თერაპია, მით უფრო კარგი შედეგები აქვს მას. მიუხედავად ამისა, პროგნოზის გაკეთება მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ იგი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად, როგორებიცაა, სიმპტომთა გამოხატულების ინტენსივობა, პაციენტში რესურსების არსებობა და თერაპიის ეფექტურობა.


როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს?


მას შემდეგ რაც ბავშვს დაუდგინდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი, გუნდი იწყებს ინტერვენციის პროცესის დაგეგმვას. აუცილებლად არის ჩართული ქცევის გამოყენებითი ანალიზი ე. წ ABA თერაპია და, ასევე, დამატებითი თერაპიები საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, მეტყველების, ფიზიკური, ოკუპაციური და ხელოვნების თერაპია. მნიშნვნელოვანი ფაქტორია ექიმების მხრიდან პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი ყოველ 6-12 თვის ინტერვალში და საჭიროებისამებრ ADOS ტესტის ჩატარება მიმდინარე სიტუაციის უკეთ შესაფასებლად.

აუტიზმის მქონე ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვანი შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში. აუტიზმის მკურნალობის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მეთოდი არ არსებობს. მედიკამენტები ინიშნება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, თვითდამაზიანებელი ქცევის, შფოთვის და შიშების, ეპილეფსიური შეტევებისა და ყურადღების დარღვევის სიმპტომების შესამცირებლად.

ბავშვის ინდივიდუალური თერაპიის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ფსიქო-განათლება და მათი აქტიური ჩართულობა. მშობლების ფსიქო- განათლება და ტრეინინგი ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა აუტიზმის მკურნალობის პროცესში.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0