x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რას გულისხმობს სამუშაოს მოტივატორები და ჰიგიენური ფაქტორები?

ფრედერიკ ჰერცბერგმა ჩამოაყალიბა მოტივაციის თეორია, რომელშიც ხაზს უსვამს სამსახურით კმაყოფილების როლს მშრომელთა მოტივაციის განსაზღვრისას. მან აღნიშნა, რომ ტრადიციული, ერთგანზომილებიანი მიდგომა სამუშაო კმაყოფილებისადმი, რომლის კონტინიუმიც იწყება და მთავრდება სამუშაოთი კმაყოფილებით და უკმაყოფილებით, არასწორია და ისინი ორი განსხვავებული და დამოუკიდებელი განზომილებაა. ჰერცბერგი პროფესიონალი მუშაკების გამოკითხვით მივიდა მოსაზრებამდე, რომელსაც ორფაქტორიანი თეორია ეწოდება. მან აღმოაჩინა, რომ თითოეული ფაქტორი თავსდებოდა ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში. ზოგიერთი ფაქტორი, არსებობის შემთხვევაში, იწვევდა სამუშაოთი კმაყოფილებას და ჰერცბერგმა მათ მოტივატორები უწოდა, ხოლო დანარჩენი ფაქტორები, არარსებობის შემთხვევაში ჩანდა, რომ იწვევდა სამუშაოთი უკმაყოფილებას და მათ უწოდა ჰიგიენური ფაქტორები. მოტივატორები სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული ფაქტორებია, მაგალითად, სამუშაოს ტიპი, სამსახურთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გრძნობა, აღიარების, განვითარების და პერსონალური მიღწევების შანსები. ჰიგიენები დაკავშირებულია იმ კონტექსტთან, რომელშიც ადამიანები ასრულებენ თავიანთ სამუშაოებს. საერთო ჰიგიენური საშუალებები მოიცავს შეღავათებს, სამუშაო პირობებს (ფიზიკური და სოციალური პირობების ჩათვლით), ზედამხედველობის ტიპს, საბაზო ხელფასს და კომპანიის პოლიტიკას.

ჰერცბერგის ჰიგიენებისა და მოტივატორების ცნებების საილუსტრაციოდ, განვიხილოთ საშუალო სკოლის პედაგოგისა და სამედიცინო დახმარების სპეციალისტის სამუშაოები. არც ერთი სამუშაო არ არის განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი. ზედმეტი საათების განმავლობაში სიცოცხლის გადასარჩენად დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა არ არის ძალიან მიმზიდველი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორ სამსახურში ჰიგიენური პირობები დაბალიდან საშუალომდეა. მოსალოდნელია, რომ პედაგოგები და მედპერსონალი ხშირად აცხადებდნენ უკმაყოფილებას დაბალი ანაზღაურებისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო, თუმცაღა მასწავლებლისა და მედპერსონალის თანამდებობებზე პასუხისმგებლობის მაღალი დონეა, ვინაიდან ახალგაზრდა გონების განვითარება და სიცოცხლის გადარჩენა ევალებათ. უფრო მეტიც, როგორც მასწავლებლები, ასევე მედპერსონალი თვლიან რომ აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. ეს არის ის მოტივატორები, რომლებიც ჰერცბერგის აზრით, სამსახურებრივ კმაყოფილებას გამოიწვევს და შეინარჩუნებს მოტივაციის მაღალ დონეს ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

ჰერცბერგის თეორია მიუთითებს იმაზე, რომ თუ მენეჯერებს სურთ, რომ თანამშრომლები კმაყოფილები და მოტივირებული იყვნენ, ორი რამ უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, სამუშაო უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად, მომუშავეებს უნდა ჰქონდეთ ჰიგიენის ძირითადი ფაქტორები, ანუ, მათ უნდა მიიღონ სათანადო კონპენსაცია და უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხოებით. ამასთან, ამ ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება მხოლოდ ხელს უშლის უკმაყოფილებას; ეს არ იქნება აუცილებლად მოტივაციის მიმცემი მუშაკებისთვის. იმისათვის, რომ მომუშავებმა უფრო მეტი ძალისხმევა და ენერგია ჩადონ მათ სამუშაოებში, უნდა არსებობდეს მოტივატორები: სამუშაო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მათში პასუხისმგებლობის გრძნობას უნდა აღვივებდეს და უნდა უზრუნველყოფდნენ აღიარების და დაწინაურების შანსებით.

სამწუხაროდ, კვლევამ დიდად არ დაუჭირა მხარი ჰერცბერგის თეორიას. სირთულეები გაჩნდა ჰიგიენებისა და მოტივატორების მკაფიო გარჩევაში, მაგალითად, ხელფასი, რომელიც უნდა იყოს ჰიგიენა, რადგან ის ექსტრინსიკულია, ზოგჯერ შეიძლება მოქმედებდეს როგორც მოტივატორი, რადგან ანაზღაურება შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოჩენილი თანამშრომლების აღიარებისთვის და მიუთითებდეს ინდივიდუალურ სტატუსს ორგანიზაციაში. ასევე, შემოთავაზებულია, რომ ჰერცბერგის თეორია უფრო მეტად ეხება თეთრსაყელოიან (არაფიზიკური საქმიანობა), ვიდრე ცისფერსაყელოიან მუშაკებს (ფიზიკური საქმიანობა).image

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
გუგეშაშვილი მარიამი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0