x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"იქნება, იქნება, ყველაფერი კარგად იქნება... როცა ჩვენ აღარ ვიქნებით!"



image
საუკუნე ჩაკეტილ წრეზე:
ბაბუაჩვენების ბაბუებს რას ეუბნებოდნენ ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ :
ბაბუაჩვენებს ეუბნებოდნენ მათი მამები, თქვენი იმედი გვაქვს, სხვა თაობა იზრდებით, სხვანაირები ხართ, ჩვენ რეპრესიაგამოვლილი ფსიქიკა გვაქვს და თქვენ შეცვლით ამ ქვეყანასო!
მამაჩვენებს ეუბნებოდნენ ბაბუაჩვენები, თქვენ სხვანაირი თაობა მოდიხართ, ჩვენზე ნიჭიერები, აქსელერანტები არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც და თქვენ შეცვლით ამ ქვეყანას, თქვენი იმედი გვაქვსო!
მამაჩვენები გვეუბნებიან ჩვენ- შვილებს, თქვენი იმედი გვაქვს, რაღაც განსაკუთრებული თაობა ხართ, თქვენ შეცვლით ამ ქვეყანას უკეთესობისკენო.

ეტყობა, სანამ მოსწავლეები და ახალგაზრდები ვართ, მანამდე კოჭებში სულ სხვა რამ "გვეტყობა", მერე კი თანდათან კვიცები გვარზე ვხტით, რადგან ნელ-ნელა კოლექტიური ქვეცნობიერი გვეხსნება, ვადაპტირდებით მამაპაპისეულ მანკიერებებთან და ვეწყობით ყოველი წინა თაობისგან გადმოცემულ ატიტუდურ მემკვიდრეობას.

ვერაფერსაც ვერ შეცვლიან შვილები, თუ მშობლებმა არ მისცეს მაგალითი, თუ მშობლებმა არ შეცვალეს თავიანთი ატიტუდები! ყველაზე ადვილია ცრუ იმედებსა და ილუზიაში თავის გადაგდება და პასუხისმგებლობის გადაბარება მომავალ თაობებზე. თავის დაძვრენის გზაა ეს და მარტივი გამოსავლის პოვნა! ნუღა იძახით მაინც, მომავალი თაობების იმედი გვაქვსო, თორემ ეს შეძახილიც მემკვიდრეობასავით რჩება ყოველი მომდევნო თაობის ცნობიერებას და ლექსიკას !
აი, ნახავთ, გავა დრო და ჩვენი შვილებიც თავიანთ შვილებს ასე ჩვენსავით აკიდებენ ტვირთს, რომელიც თვითონ ვერ ზიდეს, თუმცა დაუტოვებენ და მოამარაგებენ სახლებით, ავტომანქანებით, განძეულით, აწყობილი ბიზნესით. მორჩა! აქ მთავრდება ყოველი თაობის პასუხისმგებლობა შემდეგი თაობის მიმართ. ქვეყანა მშობელს თუ არ აინტერესებს, არც შვილებს დააინტერესებს და აქედან კიდევ რამდენიმე საუკუნე ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე იტრიალებენ ქართველები, თუ მანამდე არ გავქრით საერთოდ რუკიდან...

მომავლის პათოლოგიური და არარეალისტური იმედი კი არა, დღეს უნდა იმოქმედო თვითონ, დღეს უნდა გამოფხილზდე ხვალისთვის, აკეთო საქვეყნო და საერო საქმე და გქონდეს უკვე არა ავადმყოფური, არამედ შენი დღევანდელი ქმედებებითა და ბრძოლით საფუძველჩაყრილი ჯანსაღი და ს ა ფ უ ძ ვ ლ ი ა ნ ი იმედი!
დიდი ანტიპათია თქვენ, ვინც შვილებზე ამყარებთ იმედებს და თვითონ მხოლოდ საკუთარი ღობის გამაგრებაზე ფიქრობთ და ღობის იქით მთავრდება თქვენთვის ქვეყანა.
ავტორიტეტად "ეგებ" გალაკტიონი მოვიყვანოთ, რომელმაც თქვა აბსოლუტური სიზუსტით, ხელჩაქნევით, მარადიულ ქართულ კონტექსტში, და თქვა ზუსტად იქედან გამომდინარე, რასაც ქრთველში ხედავდა:
"იქნება, იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით!"
0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0