x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ვიბადებით თუ არა ჩვენი პიროვნებით თუ ის მას შემდეგ გვიყალიბდება, რაც ჩვენს გარშემო ხდება?
ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ პიროვნების თვისებებზე, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმება თვისებაში? როგორ განმარტავენ ამ ტერმინს პიროვნების ფსიქოლოგები? სწორედ ჩვენი პიროვნება გვეხმარება უნიკალურ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ყველას ვერ თანხმდება იმაზე, თუ რამდენი განსხვავებული თვისება არსებობს. ზოგი მას პიროვნების ძალიან ვიწრო და სპეციფიკურ თვისებებად შლის, ზოგი კი ამჯობინებს თვისებებს ბევრად უფრო ფართოდ შეხედოს. ფსიქოლოგიაში ყოველთვის დიდი ხანია მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი პიროვნება. არის თუ არა ჩვენი მოქმედებები, ქცევები და სხვებთან ურთიერთობები განსაზღვრული ჩვენი ბუნებით, თუ გარემო, კულტურა, რელიგია და წარსული ურთიერთობები განგვსაზღვრავენ. რას იტყოდით, თუ ვინმეს გვთხოვს ჩამოთვალოთ პიროვნული ნიშნები, რომლებიც საუკეთესოდ აღგვწერენ? ჩვენ ძალიან სწრაფად ჩამოვთვლიდით ისეთ სხვადასხვა თვისებებს, როგორიცაა კეთილი, აგრესიული, თავაზიანი, მორცხვი ან ამბიციური. თუ ჩვენ შევადგენდით პიროვნების ყველა მახასიათებლის ჩამონათვალს, ეს ალბათ მოიცავდა ასობით ან თუნდაც ათასობით სხვადასხვა ტერმინს, რომლებიც გამოიყენება პიროვნების სხვადასხვა ასპექტების აღსაწერად. ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა შექმნა პიროვნების თვისებების სია, რომელიც მოიცავდა 4000-ზე მეტ ტერმინს. ფსიქოლოგიის ისტორიის მანძილზე განიხილებოდა საკითხი, თუ რამდენი პიროვნული თვისება არსებობს, მაგრამ დღეს ბევრი ფსიქოლოგი ეყრდნობა პიროვნების დიდ ხუთეულს. ფროიდი ფიქრობდა, რომ ჩვენი პიროვნებები შინაგანად ვითარდება იმ ეტაპების მიხედვით, რომლებსაც გავდივართ ზრდასთან ერთად, კერძოდ, ჩვენი ფსიქოსექსუალური განვითარება. სკინერმა კი საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, რომ ჩვენ გარემო პირობების შედეგი ვიყავით. არც ერთი იყო გადაჭრით სწორი და არც მეორე მცდარი.

რომ ვუპასუხოთ პირვანდელ კითხვას, როგორც წესი, თვისებები განისაზღვრება სხვადასხვა მახასიათებელად, რომელიც ქმნის ადამიანის პიროვნებას. თვისებების თეორია გვთავაზობს აზრს, რომ ჩვენი პიროვნებები შედგება მრავალი სხვადასხვა ფართო ნიშნისგან. მაგალითად, ექსტრავერსია არის პიროვნების განზომილება, რომელიც აღწერს, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები სამყაროსთან. ასევე, ზოგიერთი ადამიანი ძალიან ექსტრავერტული და კომუნიკაბელურია, ზოგი კი უფრო ინტროვერტი და თავშეკავებული. საკმაოდ ცოტა ხნის წინ ითვლებოდა, რომ პიროვნული ნიშნები ძალიან ცოტათი იცვლებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგიერთმა ახალმა ლონგიტიდურმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ პიროვნების ზოგიერთი ცვლილება დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც. პიროვნების ნიშნები ძალიან კომპლექსურია და კვლევის თანახმად, ჩვენს თვისებებს აყალიბებს როგორც მემკვიდრეობა, ასევე გარემო ფაქტორები. ეს ორი ძალა ურთიერთქმედებს მრავალფეროვანი გზით, ჩვენი ინდივიდუალური პიროვნებების ჩამოსაყალიბებლად.

  • ბუნება გულისხმობს ყველა გენსა და მემკვიდრეობით ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენზე - ფიზიკური იერიდან დაწყებული, პიროვნული მახასიათებლებით დამთავრებული.
  • აღზრდა გულისხმობს ყველა იმ გარემოს ცვლადს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე, მათ შორის ადრეული ბავშვობის გამოცდილება, ჩვენი აღზრდა, სოციალური ურთიერთობები და გარშმო არსებული კულტურა.

ოჯახი

აღზრდის მნიშვნელოვნებას ხაზი პირველად ჯონ ლოკმა გაუსვა. სწორედ ლოკს ეკუთვნის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანი „სუფთა დაფის“ (tabula rasa) სახით ევლინება ქვეყანას, ყოველგვარი გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების გარეშე. განვითარების პროცესში კი გარემო ფაქტორები და გამოცდილება აყალიბებს და წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე. იმ მეცნიერებს, რომლებიც ლოკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებენ და ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ბუნების როლს მთლიანად უარყოფენ, ემპირისტებს უწოდებენ. ემპირისტებისაგან სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან ნატივისტები. ნატივისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ქცევას და განვითარებას ბუნება, გენეტიკა და ევოლუციური მემკვიდრეობა განსაზღვრავს. ხოლო თეორეტიკოსს ჯონ უოტსონს მიაჩნდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება მიუხედავად მათი გენეტიკისა. ფსიქოლოგიის ნატივისტური თეორიის მაგალითია ჩომსკის კონცეფცია ენის შემსწავლელი მოწყობილობის შესახებ (LAD). ამ თეორიის თანახმად, ყველა ბავშვი იბადება ინსტინქტური გონებრივი შესაძლებლობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ და განავითარონ ენა.



პიროვნება თითოეული ჩვენგანის მთავარი ნაწილია, ის განსაზღვრავს ჩვენს განწყობას, ჩვენს ქცევას, ურთიერთობებს და ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ფაქტობრივად, ჩვენი პიროვნება გვქმნის იმას, ვინც ვართ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, არის თუ არა ჩვენი პიროვნება ჩვენი წინაპრებით განპირობებული თუ ის მხოლოდ ბუნების შედეგია. ალბათ ყველას ძალიან ხშირად გაგვიგონია შემდეგი ფრაზები „რაც დედა ის შვილი“, ან „ნამდვილად მამამისის შვილია“, ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი დნმ-ის 50% მოდის თითოეული მშობლისაგან. თუ პიროვნების ჩამოსაყალიბებლადბუნება უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენი პიროვნება ყალიბდება ჩვენი ცხოვრების დასაწყისში და მათი შეცვლა მოგვიანებით რთული იქნება. თუ აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენი გამოცდილება, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენი პიროვნებები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. პიროვნებას არ განსაზღვრავს რომელიმე ცალკეული გენი, არამედ მრავალი გენის ერთად მოქმედი მოქმედება. გარდა ამისა, ერთად მუშაობისასაც კი, გენები არ არიან ისეთი ძლიერები, რომ მათ შეძლონ ჩვენი პიროვნების კონტროლი ან შექმნა. ზოგი გენი ზრდის მოცემულ მახასიათებელს, ზოგი მუშაობს იმავე მახასიათებლის შემცირებაზე მსგავსი კომპლექსური ურთიერთობა იძლევა საბოლოო შედეგს. გარდა ამისა, გენეტიკური ფაქტორები ყოველთვის მუშაობენ გარემო ფაქტორებთან პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. კარლ იუნგს სჯეროდა, რომ არაცნობიერი, რომელიც განაპირობებს ჩვენს ქცევას, ურთიერთქმედებას და წარმოადგენს ჩვენი პიროვნების ფუნდამენტურ ნაწილს, ნაწილობრივ შედგება წინაპრების მოგონებებისაგან და ეს გავლენას ახდენს ჩვენს პიროვნებაზე და ქცევაზე.


თუმცა, ხშირად ამტკიცებენ, რომ ჩვენს პიროვნებაზე გავლენას ახდენს უფრო გარემო, ვიდრე გენეტიკა. ჩვენი პიროვნების დიდი ნაწილი ემყარება ჩვენი შესაძლებლობების, შემეცნებითი შესაძლებლობებისა და სოციალური ინტერესების ადაპტაციას. ეს ადაპტაცია, რომელიც გვაყალიბებს, მხოლოდ ჩვენი გარემოსთან ურთიერთქმედების საფუძველზე ისწავლება. გარემო გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში; ზოგი მდიდარია, ზოგიც ღარიბი. ზოგიერთი ადამიანი თბილისში გაიზარდა, ზოგი სოფელში. ზოგს ოთხი და ჰყავს, ზოგს საერთოდ არ ჰყავს და-ძმა. მაგრამ, ეს მართლაც ახდენს გავლენას ჩვენს პიროვნებაზე და მოგვიანებით ქცევაზე? კვლევებმა აჩვენა, რომ პიროვნებას ასევე ქმნის კულტურული განვითარება და ურთიერთქმედება, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული. აყვანილი ბავშვების ჩამოყალიბებაშიც კი უფრო დიდი წვლილი აღმზრდელებს ჰქონდათ, ვიდრე გენეტიკას. გარემო, რომელშიც იზრდება ადამიანი, უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებაზე. ისინი, ვინც ბავშვობაში განიცდიან ძალადობას ან უგულებელყოფას, უფრო ხშირად ეძებენ არაჯანსაღ ურთიერთობებს ან აქვთ ნდობის პრობლემები. გარდა ამისა, ბავშვს, რომლის მშობლებიც ზედმეტად ანებივრებენ, უფრო მეტად აქვს კომპლექსი ან სხვების მიმართ ემპათიის ნაკლებობა. ადამიანის ბიოლოგიურმა ბუნებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის გარემოს გამოცდილებაზე. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული თვისების მიმართ გენეტიკური განწყობა, ვთქვათ აგრესიულობა, შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული გამოცდილება (მათ შორის, შესაძლოა, უარყოფითი რეაქციები მიიღონ მშობლებისგან ან სხვებისგან). ანდა, ადამიანი, რომელიც იზრდება სითბოსა და კომუნიკაბელურობისკენ მიდრეკილებით, შეიძლება ეძებოს და უფრო პოზიტიური სოციალური რეაგირება მიიღოს თანატოლებისგან. ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ შეიძლება, განამტკიცოს ინდივიდის საწყისი მიდრეკილებები. ზოგადად, განათლებამ ან ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ შეიძლება ასევე შეცვალოს ბუნების გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიცვლებით და ვვითარდებით, პიროვნების გრძელვადიანი კვლევების დროს გამოვლინდა, რომ პიროვნების ზოგიერთი ძირითადი ნაწილი სტაბილური რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. სამი ასპექტი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, არის შფოთის დონე, მეგობრული დამოკიდებულება და რომანტიკული ურთიერთობების სურვილი.


დღეს ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ ბუნებაც და აღზრდაც ახდენს გავლენას ქცევასა და განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ადამიანი უკიდურეს ნატივისტულ ან რადიკალურ ემპირიკოსულ მიდგომას მიმართავს, მკვლევარები და ექსპერტები კვლავ მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად მოქმედებს ბიოლოგია და გარემო ქცევაზე. დღესღეობით მეცნიერები ნაკლებად იზიარებენ ცალსახა, რადიკალურ პოზიციას ბუნება-აღზრდის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანის ქცევა ზედმეტად მრავალფეროვანია და შეუძლებელია მისი მხოლოდ ერთი, რომელიმე ფაქტორით ახსნა. ამ შემთხვევაში ბუნება და აღზრდა განუყოფელია.




გამოყენებული ლიტერატურა (APA):

  • Moore, D. S. (2003). The dependent gene: The fallacy of nature vs. nurture. New York, NY: Henry Holt.
  • Putt, G. (2013, October 20). Nurture Over Nature: Mental Illness and Traumatic Life Events.
  • Cherry, K. (2020, October 04). Nature vs. nurture, and the other issues in developmental psychology.
  • Harper, H. (2019, March 29). Nature vs nurture: How does our personality develop?
  • Bouchard, T.J. Jr, Lykken, D.T., McGue, M., Segal, N.L., Tellegen, A (1990). Sources of human psychological differences: the Minnesota Study of Twins Reared Apart. Science. 1990; 250(4978): 223–228.
  • Matthews, G., Deary, I.J., & Whiteman, M. C. Personality Traits. Cambridge: Cambridge University Press; 2010.
  • Roberts, B.W., Wood, D., & Caspi, A. The development of personality traits in adulthood. In O.P. John, R.W. Robins, & L.A. Pervin (Eds.), Handbook of Personality: Theory and Research, pp. 375-399. New York: The Guilford Press; 2008.
  • Walinga, J., & Stangor, C. (2014, October 17). 12.3 is personality more nature or More Nurture? Behavioural and molecular genetics.
0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:მართა ბურნაძე
მართა ბურნაძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0