x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
დაბადების რიგის გავლენა პიროვნების ფორმირებაზე
ფსიქოლოგების დაკვირვებით და სხვადასხვა კვლევების მიხედვით, დაბადების რიგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც განსაზღვრავს პიროვნების ხასიათსა და მის ცხოვრების წესს, ანუ, დაბადების რიგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რაც შემდგომ დიდ გავლენას ახდენს ამ ადამიანის მომვალაზე, ურთიერთობებზე და კარიერაზეც კი. ამ საკითხს დიდი ხანია რაც განიხილავენ ფსიქოლოგები და მეცნიერები. ბავშვობიდანაც კარგად გვახსოვს, რომ ზღაპრებში მეფის ვაჟებისა და ქალიშვილების ბედი წყდებოდა მათი დაბადების რიგით. თუ ამას გავითავლისწინებთ, გასაკვირი არც კია, რომ ოჯახს ყველაზე დიდი როლი აქვს ადამიანის ფორმირებაში და შესაძლოა ერთსა და იმავე ოჯახში დაბადებული ბავშვები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ.

პირველი შვილი - როგორც წესი, პირველები არიან უფრო წესების მიმდევრები, ეჭვიანები, სერიოზულები, მაღალი თვითშეფასების მქონენი. ვინაიდან ისინი გამუდმებით ეხმარებიან უმცროს და-ძმებს, შესაძლოა ჩამოყალიბდნენ უფრო ისეთ ადამიანებად, რომლებსაც სხვების დახმარების, ლიდერობის და წინ წაძღოლის გამოკვეთილი სურვილები აქვთ. როგორც წესი, მშობლები პირველ შვილებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და მზრუნველობით ეკიდებიან. ბავშვის ყველა პატარა წარმატებასაც კი დიდი სიხარულით აღნიშნავენ და ნერვიულობენ, თუ რომელიმე მიღწევა უფრო გვიან გამოვლინდა. როგორც წესი, მათ განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ პირველი ბავშვის მიმართ და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ, რაც მათ ერთგვარი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ ამყოფებს. მაშინ კი, როცა მეორე ბავშვის გაჩენის შემდგომ ეს ზეწოლა მცირდება და მშობლების ყურადღება მეორე შვილზეა მიმართული, პირველი შვილი შოკირებული რჩება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენტული გარემო და-ძმებს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველები გამუდმებით ცდილობენ მშობლების სიყვარულის ხელახლა მოპოვებას და იმ პრივილეგიების შენარჩუნებას, რაც მათ მეორე შვილის დაბადებამდე ჰქონდათ, რის გამოც, ისინი ხშირად ასაკისთვის შეუფერებელ პასუხისმგებლობებს იღებენ საკუთარ თავზე.

მეორე და მომდევნო ბავშვები - პირველ ბავშვებს, მეორე და მომდევნო ბავშვების დაბადების შემდეგ, როგორც წესი, უჩნდებათ სურვილი, რომ დაიბრუნონ ის ძველი დიდება, რომელიც დედისერთობისას ჰქონდათ. პირველ შვილს შესაძლოა ჰქონდეს სიყვარულის დანაკლისის განცდა დედისგან, რომლისთვისაც ის უკვე ერთადერთი შვილი აღარ არის. ალფრედ ადლერი ამას უმცროსი დედმამიშვილისგან უფროსის „ტახტიდან გადმოგდებას“ უწოდებდა. შემდგომი ბავშვის დაბადებით გაჩენილმა კონკურენციამ და ამით გამოწვეულმა შიშმა, რომ მისთვის ჩამორთმეული იქნება მთელი რიგი პრიორიტეტებისა, შესაძლოა პირველ ბავშვს უბიძგოს უინიციატივო და ნაკლებად რისკიან პიროვნებად ჩამოყალიბებისკენ.

შუათანა ბავშვი - შუათანა ბავშვებისგან შესაძლოა პიროვნებათა ძალიან ფართო და მრავალფეროვანი სპექტრი განვითარდეს. ის ჩვევები, რომლებიც შუა ბავშვებს უყალიბდებათ გამოწვეულია იმით, რომ ისინი სინამდვილეში სრული ყურადღების ცენტში არასოდეს ყოფილან. პირველი ბავშვები, როგორც წესი სხვებზე ადრე აღწევენ დასახულ მიზნებს, მაშინ როცა შემდგომი შვილები ოჯახის გამრთობის როლშიც კომფორტულად გრძნობენ თავს. შუათანა ბავშვებს, როგორც წესი, არ ახასიათებთ მიკუთვნებულობის განცდა. ისინი მუდმივად იბრძვიან მშობლების ყურადღების მოსაპოვებლად, თუმცა მაინც რჩებიან უგულებელყოფილები, ან აღიქმებიან, როგორც პირველი ან მათ წინ მყოფი შვილის განმეორება. შუათანა ბავშვებს, როგორც წესი, დაუცველობის შეგრძნება ახასიათებთ, რაც, ცხადია, გავლენას ახდენს მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ეს კი, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს მათ ურთიერთობებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში შუათანა ბავშვი ცხოვრებისადმი ძალიან უიმედოდ, სკეპტიკურად არის განწყობილი. ეს ბავშვები უფრო მეტად დეპრესიისკენ და მარტოობისკენ არიან მიდრეკილები. როგორც წესი, შუათანა ბავშვს აქვს ბიძგისა და სტიმულის დანაკლისი და ცდილობს, რომ ყველაზე უფროსი დედმამიშვილის ცხოვრების გზას გაჰყვნენ. ზოგჯერ შუათანა ბავშვები მოხარულებიც კი არიან, რომ თვითონ არ არიან პირველი მიმღწევები და უფროსი ბავშვის მიერ წინასწარ გაკვალულ გზას მიჰყვებიან. მიჩნეულია, რომ შუათანა ბავშვები ბუნებრივი მედიატორები არიან. ისინი თავს არიდებენ კონფლიქტებს, თანატოლებთან გამოირჩევიან ძალიან მეგობრულობით და შესაბამისად ჰყავთ ბევრი მეგობრები.


ნაბოლარა - ნაბოლარა ბავშვები ხშირად წვეულებების მეფეები არიან. ყველაზე ხშირად, ისინი არიან ერთგვარი გამრთობები, რომლებსაც არ ეშინიათ ახალი გამოცდილებებისა თუ რისკების. ისინი, ასაკის მიუხედავად, ოჯახისთვის რჩებიან პატარებად, ნაბოლარებად, სხვებზე მეტად კომუნიკაბელურებად და მომხიბვლელებად. ნაბოლარები როგორც წესი სასიამოვნო და ლაღი მეგობრები არიან. მათ ყველაზე კარგად გამოსდით, რომ იყვნენ მანიპულატორები, როცა სხვა დედმამიშვილები თუ მშობლები მათგან რაიმეს მოითხოვენ. ნაბოლარებს ხშირად ექცევიან, როგორც ბავშვებს, რის გამოც, ცხადია, რომ სხვებზე უფრო მეტად არიან განებივრებულები, ვიდრე სხვა დანარჩენი დედმამიშვილები ოჯახში. ეს განებივრება, ადლერის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქციელია მათ შორის, რაც კი მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს. განებივრება ხელს უშლის ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ხელს უწყობს ეგოიზმის და უპასუხისმგებლობის განვითარებას მაშინაც, როცა ისინი მოზრდილობაში შედიან.

ოჯახი


ცნობილ ფსიქოლოგთა შეხედულებები:

ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი ალფრედ ადლერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე დაბადების რიგის გავლენა შეისწავლა. კვლევა მან დედისერთა ბავშვის ფენომენზე დაკვირვებით დაიწყო. დედისერთას ვინაიდან ოჯახში უნიკალური პოზიცია უკავია. მას არ ჰყავს არც დები და არც ძმები, რომლებისთვისაც კონკურენციის გაწევა მოუწევდა, ამიტომ მთელი ბავშვობის განმავლობაში ის ოჯახის ყურადღების ცენტრშია. მას უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, სჩვევია მშობლებით მანიპულაცია და აქვს მოთხოვნილება, რომ აუცილებელია, მისი მიღწევები აღიარონ. შესაბამისად ბავშვებს უყალიბდებათ ერთადერთობის განცდა და მშობლებს მოგვიანებით ამ ერთადერთობის დაბალანსირებისთვის სხვადასხვა გზის ძებნა უხდებათ. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა მანამდე გრძელდება, სანამ დის ან ძმის დაბადება არ დაარღვევს ერთგვარ სამყაროს წესრიგს და “დედისერთა ბავშვის მსოფლაღქმას”. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ პირველის მდგომარეობას ადლერი “გვირგვინჩამორთმეული მონარქის” მდგომარეობას ადარებს და აღნიშნავს, რომ ეს გამოცდილება შესაძლოა ძალზე მატრავმირებელი აღმოჩნდეს, თუ მშობლები სათანადოდ არ მოიქცევიან. ადლერი მიიჩნევს, რომ დაბადების რიგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ არჩევანს. მისი თეორია თანამედროვე მკვლევარებმაც განავრცეს და გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე დაბადების რიგითობა. ადლერმა თავისი გამოკვლევით შეიმუშავა იდეა, რომ დაბადების რიგს შეუძლია რომ იმოქმედოს ბავშვის პიროვნებაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ადლერს ასევე სჯეროდა, რომ ამან შეიძლება გარკვეულწილად განსაზღვროს ბავშვის პიროვნება და მას მიაჩნდა, ასევე რომ ბავშვის გარემოცვასაც აქვს გავლენა. ამ თვალსაზრისით მკვლევარების აზრი ორადაა გაყოფილი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ნაწილის აზრით კი, პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებასთან დაბადების რიგითობა კავშირში არ არის. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: გენეტიკა, გარემო, კულტურა და სხვა. ცნობილი ფსიქოლოგი გორდონ ოლპორტი ამბობს, რომ ერთსა და იგივე ცეცხლს შეუძლია მოხარშოს კვერცხი და გაადნოს კარაქი. ასე, რომ ერთსა და იმავე ოჯახში, დაახლოებით ერთნაირ პირობებში აღზრდილ ადამიანებს ხშირად სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ. ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქოანალიზის სკოლის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის აზრით კი, პოზიცია, რომელიც უკავია ოჯახში ბავშვს, მის სქესს, და-ძმების რაოდენობას, მათ შორის ასაკობრივ სხვაობასაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ფროიდს მიაჩნდა, რომ რაც უფრო მცირე იყო ასაკობრივი სხვაობა და-ძმებს შორის, მით უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთის განვითარებაზე. უფროსი დედმამიშვილი უმცროსებისთვის მისაბაძი მაგალითია და მისი არსებობა მათ განვითარების დაჩქარებისკენ უბიძგებს. მაგალითად, უფროსების მიბაძვით უმცროსები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, სიარულს, წერა-კითხვას. თუმცა მკაცრად განსაზღვრული რეკომენდაცია ამის თაობაზე არ არსებობს.




გამოყენებული ლიტერატურა (APA):

  • Dean, M. (2018, February 18). Birth Order Theory: Insights Into Your Personality.
  • Hartmann, C. (2019, August 08). Does Birth Order Affect Personality?
  • Sajaia, M. (2019). First child, second child, youngest child...
0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:მართა ბურნაძე
მართა ბურნაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0