x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ოჯახის როლი პიროვნების ფორმირებაში
ადამიანი რომ თავისი არსით სოციალური წარმონაქმნია, ამას არისტოტელე ჯერ კიდევ ძვ. წ. 384 წელს ამბობდა. საუკუნეების განმავლობაში არ წყდებოდა კამათი დიდი მოაზროვნეებისა და ფილოსოფების მიერ, ადამიანის წარმოშობისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. ზოგი თვლიდა, რომ მხოლოდ თანდაყოლილი, ბიოლოგიური ძალები წარმართავდნენ პიროვნების მოქმედებას, ზოგიც მხოლოდ სოციალურ ანუ გარეგან ძალებს მიაწერდა პიროვნების ფუნქციონირების ამა თუ იმ საკითხებს. საბოლოოდ, დადგა დრო, როდესაც მეცნიერთა ნაწილი შეჯერდა აზრზე, რომ ადამიანი არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური არსებაც არის და ორივე ფაქტორი უდიდეს როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.

აღზრდა – ეს არის პიროვნების ფორმირების მიზანმიმართული პროცესი, რომელიც ამზადებს ბავშვს სოციალური და კულტურული ცხოვრებისათვის. იგი მრავალმხრივი და რთული პროცესია, რომელშიც ბევრი მონაწილეა ჩართული. ის სტრატეგიები და მიდგომები, რომლებსაც მშობლები ირჩევენ აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და განსაზღვრავს მის ფსიქიკურ სიჯანსაღეს.

ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ამ დროს დედასა და პატარას საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მომიქცევის სისტემა ერთიანია. შესაბამისად, ხდება ემოციების დედიდან შვილზე გადაცემა. ეს ერთიანობის შეგრძნება არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ფენომენს დედა-შვილის მიჯაჭვულობა ჰქვია და ამიტომ სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული. როგორც ვიცით, ბავშვი გარესამყაროს შეიმეცნებს და მასთან ურთიერთქმედებს მიბაძვით. ეს ბიოლოგიური ფაქტორია და შეინიშნება არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველთა ნაშიერებშიც. ბიოლოგიური თვალსაზრისით, მიბაძვა თვითგადარჩენის პოზიტიური ხერხია. 5 წლის ბავშვისთვის ავტორიტეტად მშობლები მოიაზრებიან. პატარები მათგან ითვისებენ საზოგადოებაში მოქცევის წესებს, მორალურ კანონებსა და დოგმებს.

ჯანსაღ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.



ოჯახი


ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში არსებობს ასეთი ტერმინი - “იდენტიფიკაცია”, რაც ნიშნავს საკუთარი თავის სხვა ადამიანთან მიმსგავსებას, გაიგივებას. განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობს, რომ ბავშვი ყოველთვის ცდილობს დაემსგავსოს, მიბაძოს დედას ან მამას. იდენტიფიკაცია სწორედ მშობელთა დამოკიდებულების მიხედვით ვლინდება ან ირღვევა. თუ ერთ-ერთი მშობელი ბავშვის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობს ან გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მეორე მშობლის მაგივრობასაც გასწევს, ამგვარ პოზიციას სასიკეთო არაფერი მოჰყვება არც ბავშვისთვის და არც მშობლისთვის. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა მეუღლესთან განქორწინებული ერთ-ერთი მშობელი გამუდმებით ჩააგონებს თავის შვილს, რომ “მამა ცუდია”, ბავშვი გრძნობათა ქაოსს განიცდის. დედის შეგონებების წყალობით ბავშვს ხასიათი რადიკალურად ეცვლება, გაღიზიანებული, ჭირვეული და აგრესიული ხდება. როცა მშობლებს ერთიანობის გაცდა არა აქვთ, როცა არ გააჩნიათ საერთო შეხედულებები და მომავლის გეგმები, ისინი ორ მოწინააღმდეგედ იქცევიან. ბავშვი კი დილემის წინაშე დგება - ვისთან იყოს. ამიტომაც, ყოფილმა პარტნიორებმა აუცილებელია იზრუნონ შვილების სრულფასოვან ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო თბილი და მზრუნველი გარემო, შეძლონ შვილების ინტერესების ხელშეწყობა და მათ აღზრდა-განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა.

ოჯახი

ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და საკუთარ ქცევებსა და ხასიათს ხშირად სხვებზე დაკვირვებით ვაყალიბებთ. უფრო მეტიც, ყველა პრიმატი გადარჩენასა და წარმატებულად ფუნქციონირებას სოციალური იმიტაციის საშუალებით სწავლობს. მშობლებსა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობა დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ურთიერთობები ექნება მას მომავალში სხვა ადამიანებთან — მეგობრებთან, შეყვარებულებთან და პარტნიორებთან. გოგოები პარტნიორად ხშირად ისეთ ადამიანს არჩევენ, რომელიც მათ მამას ჰგავს. მაგალითად, თუ მამა კეთილი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, გოგო პოტენციურ პარტნიორში მსგავსი თვისებების ძებნას დაიწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს ადამიანი იმას ეძებს, რაც მანამდე გამოუცდია. ბიჭები კი ქცევებით მამას ბაძავენ. თუ მამა მოძალადე და დომინანტი იყო, დიდი შანსია, რომ ბიჭი მას დაემსგავსოს. ხოლო თუ მამა კეთილი და მზრუნველია, ბიჭები ამ თვისებებს ავლენენ. კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედების.

ცივილიზაციის ცვალებადობასთან ერთად, თანდათანობით შეიცვალა გარკვეული დამოკიდებულებები, შესაბამისად, შეიცვალა ქალისა და მამაკაცის როლი და ამ როლების გამოვლენა და დემონსტრირება შვილთან ურთიერთობაში. მაგალითად, თანამედროვეობაში მამაკაცი და ქალი ხშირად თვითონ თანხმდებიან, როგორ გადაანაწილონ როლები როგორც ოჯახურ ურთიერობაში, ასევე, შვილთან მიმართებაში. თანამედროვე მშობლები ინაწილებენ ნებისმიერ საქმიანობას ოჯახში ინდივიდუალური შეთანხმებისამებრ და ასევე, ნებისმიერ სააღმზრდელო პროცესს ბავშვთან მიმართებაში. რომელიმე მეუღლის დომინანტობის უკიდურესი გამოხატვა, არც ერთ შემთხვევაში არ მიიჩნევა ჯანსაღ ოჯახურ გარემოდ. არ აქვს მნიშვნელობა, ტირანიისკენ დედა იხრება თუ მამა, ასეთ ოჯახში ბავშვი ყველა შემთხვევაში ტრავმულ გარემოში იზრდება. რამდენადაც დედის კულტი საქართველოში ძლიერია, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ორმაგად მატრავმირებელი აღმოჩნდეს, როდესაც ოჯახში დედა იხრება ტირანიისკენ. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა, რომელიც აქტიურია, სოციალურად და ფინანსურად ძლიერად დგას ფეხზე, არ არის მისაღები ოჯახისთვის და შვილისთვის, პირიქით.


ოჯახი


მაშასადამე, ცხადია, იდეალური ოჯახი არ არსებობს. ყველა ოჯახს თავისი „რისკები“ და „რესურსები“ აქვს. იმისათვის, რომ ბავშვი იყოს ლაღი, ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება და ემპათიის უნარი, მასთან ურთიერთობისას, ოჯახშიც და სკოლაშიც, აუცილებელია მუდმივი დიალოგი. მნიშვნელოვანია მოზარდს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად, მიუხედავად იმასა, სწორს ამბობს თუ არა. საინტერესო, ასაკობრივად აქტუალური საკითხების განხილვა მოზარდს ეხმარება ანალიტიკურ აზროვნებას განვთარებში, რაც მას საშუალებას აძლევს პრობლემის მოგვარების მთავარ სტრატეგიად მსჯელობა და ანალიზის უნარი აირჩიოს.



გამოყენებული ლიტერატურა (APA):

  • ტალახაძე, ს., (2020). მშობლის როლი ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების საკითხებში.
  • ლინჩიკი, ნ., (2016). ოჯახის როლი პიროვნების თვითრეალიზაციის გზაზე.
  • ნოზაძე, შ. (2019). რა გავლენას ახდენს ოჯახური დავები და განქორწინება ბავშვის ფსიქიკაზე.
  • ბერიძე, ა. (2020). ოჯახის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში.
  • ბაბლუანი, ლ. (2020). ოჯახის როლი მომავალი თაობის განვითარებაში.
  • Eitel, J. (2019). Factors Affecting Early Childhood Development.
  • Collins, W. A., & Russell, G. (1991). Mother-child and father-child relationships in middle childhood and adolescence: A developmental analysis.
0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:მართა ბურნაძე
მართა ბურნაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0