x
გიორგი გახარია --ოპოზიცია თუ პსევდო ოპოზიცია?

ორი დღეა რაც გიორგი გახარიამ დაიწყო "დამოუკიდებელი" პოლიტიკოსის ცხოვრება. დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა ქონდა ვინც მიადევნა თვალი რაღაც დასკვნებს გამოიტანდა. პირადად მე ვიხილე სუსტი პოზიციებით მოსული პოლიტიკოსი, რომელსაც ყველა მიმართულებით ქონდა გარღვევა. მე ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდი გახარიას ოპოზიციურ ამბიციებს, იმიტომ რომ, ფუნდამენტურ საკითხებში აქვს წინააღმდეგობა: მისი პოლიტიკური კაპიტალი დაგროვდა ქართული ოცნების მმართველობით, რომლის ლიდერი თავად გახლდათ, შესაბამისად როგორ უნდა გააკრიტიკოს ქართული ოცნება, თუ მან თავისი მმართველობის კრიტიკას არ შეეხო? გიორგი გახარიას ოპოზიციაში მოღვაწეობა ოგზიმორონია, რადგან მან ოპოზიციური პლატფორმის დასაკავებლად საკუთარი თავი უნდა გაანადგუროს!
გიორგი გახარიამ თავი აარიდა 20 ივნისის ღამის კრიტიკას, ეს გასაგებიცაა რადგან თავს ხომ ვერ ამხელს დანაშაულში, ამიტომ ის იძულებულია ხელისუფლების პოზიცია გაიმეოროს და ნიკა მელია დაადანაშაულოს პარლამენტის აღების მცდელობაში. როცა მოთხოვეს კონკრეტული დროის დასახელება, თუ როდის მოუწოდა მელიამ შეჭრისკენ და როდის მოხდა შტურმის დაწყება, პასუხს თავი აარიდა. არა დამაჯერებელია ბუნდოვანი მეხსიერებით თავის არიდება, იმიტომ რომ გიორგი გახარია რამოდენიმე თვე ემზადებოდა ოპოზიციაში ოფიციალურად მოსასვლელად და 20 ივნისის ღამე გარწმუნებთ დეტალურად გაიარა, მათ შორის ყველა შესაძლო უხერხული კითხვა. როგორც ჩანს ღრმა მომზადების მიუხედავად, ყოფილ პრემიერს უბრალოდ არგუმენტები არ აქვს და ცდილობს კითხვებს ზოგადი პასუხებით თავი აარიდოს. გიორგი გახარიამ ვერ დაასახელა კონკრეტული მბრძანების გამცემი პირი, მაშინ როცა ბრძანება მისი პრეროგატივა გახლდათ. გამოდის დარბევა პოლიციელთა თვითნებობა გახლდათ რაც კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა გახარიასთვის.
გიორგი გახარიამ პრაქტიკულად ვერ უპასუხა გადადგომის მიზეზებს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტება იყო აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდული. გახარიამ კვლავ სცადა ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს მხოლოდ ხელისუფლებას ქონდა ისეთი პასუხსიმგებლობის ხარისხი რომ ის გადადგა, რადგან სისიხლის სამართლის დამნაშავის დასჯა გახდა პოლიტიკური საკითხი, ძალადობრივ დაკავებას კი შესაძლოა მოყოლოდა შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ხოლო ჩვენმა პრემიერმა თავი მიუძღნა ქვეყანას და გადადგა რათა ქვეყნის მტერ ნაციონალურ მოძრაობას არ ესარგებლა. აბსურდული ოგზიმორონი სრულიად გაუგებარია, რადგან რეალურად პრემიერი მინისტრის გადადგომა ბევრად დიდ კრიზისს ნიშნავს ხელისუფლებისთვის, ვიდრე შსს მინისტრის გადადგომა.
სამარცხვინო იყო მისი პასუხი არაფორმალური მმართველობის შესახებ. დაისვა კონკრეტული კითხვა: არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, გიორგი გახარიამ ამ კითხვას უპასუხა ზოგადი სოციალური ფილოსოფიით, თურმე ეს ჩვენი კულტურის ნაწილი ყოფილა და ინსტიტუტების გაძლიერებაა საჭირო. გახარიამ სცადა საზოგადოებაზე გადაბრალება და კონკრეტულ კითხვას არ უპასუხა.
გიორგი გახარიამ მიანიშნა ნეპოტიზმსა და კორუპციაზე ხელისფლებაში. ამ მინიშნებას არ ახლდა კონკრეტული არგუმენტები და ფაქტები. სავარაუდოდ ამ თემას უნდა ჰქონოდა ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ჩადგომის მნიშვნელობა, ეს რბილი მინიშნება უნდა გაგვეგო როგორც დაპირისპირების საკვანძო უბანი. მაგრამ გიორგი გახარია, ზოგად პოლიტოლოგიური სპეკულაციებისგან შორს არ წასულა, არც ერთი ფაქტი, არც ერთი მაგალითი, მხოლოდ დიდაქტიკა.
ინტერვიუს დარჩენილი ნაწილი მოკლებული იყო კონკრეტიკას და მოიცავდა ზოგად პოლიტიკურ დისკურსებს, ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციის ზოგად პრობლემებზე. თითქოს ამ ზოგად საუბარს მიჩვეულები არ ვართ, რომ რუსეთ საქართველოს ურთიერთბებში საჭიროა დეოკუპაცია და ასე შედეგ. სრულიად უშინაარსო იყო პასუხი ანაკლიის პორტზე რომელსაც არ ახლდა კონკრეტული ფაქტები. ასევე ზოგადი პასუხით შემოიფარგა ნამოხვან ჰესის ხელშეკრულებაზე.
ასევე უპასუხოდ დატოვა კარტოგრაფების საქმეც, რადგან მისი პასუხები იყო არა კონკრეტული გამოდიოდა ზოგადი დრამატიზაციის და აბსტრაქტული მსჯელობის წიაღსვლებიდან.
გიორგი გახარიამ ფრიად უცნაური პოლიტიკური პლატფორმა დაიკავა რომელიც რამოდენიმე წინააღმდეგობას შეიცავს.
1. გიორგი გახარია ქართული ოცნების დეკლარირებული ოპოზიციაა და ამის მიუხედავად რჩება ოპოზიციის ოპოზიციად. მისი პოლიტიკური პლატფორმა მოიცავს ისეთ წინააღმდეგობას, როგორიცაა 20 ივნისის ღამის სახელისუფლებო პოზიციის დაცვა, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციის პათოსთან და შეუძლებელს ხდის მასთან თანამშრომლობას.
2. გიორგი გახარია პრაქტიკულად არ უპირისპირდება ხელისფლებას არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში როგორიცაა: არაფორმალური მმართველობა, ნამოხვან ჰესი, კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტი და ოპოზიციად დეკლარირების მიუხედავად, მხოლოდ კორუპციის ზოგადი პრობლემა დაასახელა ისიც კონკრეტული ფაქტების გარეშე, გაუგებარია რაში არ ეთანხმება ხელისუფლებას.
საინტერესოა საზოგადოების რა სეგმენტს უმიზნებს გიორგი გახარია:
1. გიორგი გახარიამ პრაქტიკულად გამორიცხა ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის მოლოდინი რომელიც ასახავს ხელისფლების მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს არაფორმალურ მმართველობასა და დემოკრატიის პრობლემებს. პარტია "საქართველოსთვის" არც ცდილობს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიმპატიების მიმხრობას, რადგან ამ შემთხვევაში უნდა გაანადგუროს საკუთარი პოლიტიკური აჯენდა, რადგან უნდა ამხილოს ხელისუფლება 20 ივნისის ღამის დანაშაულში. ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა და შედეგით მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები ისარგებლებენ.
2. გიორგი გახარია ირჩევს ქართული ოცნების ამომრჩეველთა სეგმენტს, რომელიც იმედგაცრუებულია ხელისუფლებით. ქართულ ოცნებაში პოლიტიკური ლიდერის კრიზისია. ირაკლი ღარიბაშვილი არ სარგებლობს დიდი მხარდაჭერით, თუ გავითვალისწნებთ აუდიო ჩანაწერების ინციდენტს მისი იმიჯი ცალსახად დაზიანებულია.
არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პსევდო-ოპოზიციური პროექტი?
1. თუ დავიჯერებთ რომ არის, მაშინ ვაწყდებით წინააღმდეგობას: გიორგი გახარია ვერ შეძლბს ოპოზიციის აუდიტიორიის შესუსტებას, რადგან მისი პოლიტიკური პლატფორმა პრო-სახელისფლებოა, შესაბამისად მისგან ოპოზიცია რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ხმებს შეათხელებს არ გამოვა;
2. გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზთა აბსტრაქტულობა მიმანიშნებს რომ კონფლიქტი რეალურია და დემარში არ გახლავთ შეთანხმებული. ერთი რომ, დემარშის შედეგად ქართული ოცნება აუნაზღაურებლად დაზარალდა (დღემდე ვერ აგვარებს სოლიდური ლიდერშიპის პრობლემას), მეორეც, გიორგი გახარია პოლიტიკურ განცხადებებში პრაქტიკულად იგივე ქართული ოცნებაა, შესაბამისად მისი პოლიტიკური კაპიტალი სწორედ ამ უკანასკნელის რესურსით იარსებებს და არა რეალური ოპოზიციური საზოგადოებით.
გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დაპირისპირებაც აბსოლუტურად რეალურია, უბრალოდ გაუგებარია გიორგი გახარიას მეამიტობა, განა რა იფიქრა, რომ ამ კითხვებს ზოგადად უპასუხებს და აწი დავაცლით ოპოზიური პარტიულ ცხოვრებას, შემდეგ ოპოზიციაც დაიჯერებს, მერე მამალიც იყივლებს, ძაღლიც იყეფებს და სოფელის აშენდება?
მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ეს ისტორია არის შეურაცხყოფაზე პასუხი და გახარია კონტროლიდან გამოსული ბოტია, ამიტომაც არ აქვს დალაგებული პოლიტიკური აჯენდა. მისთვის თვითმიზანია ბიძინასთან ქართულ ოცნებასთან დაპირისპირება, მაგრამ საკმარისად გონიერია რომ ის ტოტი არ მოჭრას რაზეც ზის, ამავე დროს იმ მტრებთან არ დახურდავდეს ვინც მას არასდროს ენდობა. ამიტომაც გახარიას ვერ იხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ ვერ იხილავთ ასევე ხელისუფლებასთან.image
0
9
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0