x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
Nina Ricci - სამოდელო სახლი და მათი ცნობილი სუნამოები

Nina Ricci - სამოდელო სახლი და მათი ცნობილი სუნამოები


ის მოდის ისტორიაში ნოვატორობით ან პროვოკაციულობით არ შესულა. მის შემოქმედებაში ქალი ყოველთვის რომანტიული და მგრძნობიარე არსებაა, რომელიც არასდროს სცილდება თავის ქალურ საწყისსა და ბუნებას.

მარია ადელაიდა ნეილი 1883 წელს დაიბადა იტალიაში. ოჯახური გარემოებების გამო 13 წლის გოგონა პარიზში აღმოჩნდა, სადაც დარჩა კიდეც სამუდამოდ. მარიას შინაურები მოფერებით „ნინას“ ეძახდნენ, ამ სახელითვე გაიცნო იგი მსოფლიომ.

14 წლის მარიამ ერთ-ერთი სამოდელო სახლის სამკერვალოში დაიწყო მუშაობა. ნიჭიერებისა და შრომისმოყვარების წყალობით, იგი ნელ-ნელა ადის კარიერულ კიბეზე და ყალიბდება ნამდვილ დიზაინერად.


22 წლის ასაკში მარია ცოლად გაჰყვა თავის თანამემამულე იუველირ - ლუი რიჩის, თუმცა ქორწინება უიღბლო გამოდგა და მეუღლეები მცირე ხანში განქორწინდნენ. ქალს ყოფილი ქმრისგან დარჩა ვაჟიშვილი - რობერტი და გვარი - რიჩი.

1908 წელს მარია რიჩი სამოდელო სახლის Raffin - ის დიზაინერი გახდა. იგი ოცი წლის განმავლობაში აქ ქმნიდა თავის მოდელებს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სახლი გაკოტრდა და მარია უმუშევარი დარჩა.

ამ დროისთვის რობერტ რიჩი ენერგიული, თამამი იდეებით აღსავსე და რაც მთავარია, კომერციული ალღოთი გამორჩეული ახალგაზრდა მამაკაცია. ვაჟს 50 წლის დედა ნაადრევად პენსიაზე გასასვლელად არ ემეტებოდა. ამასთან, კარგად ხედავდა - მარიას პროფესიულ პოტენციალს მომავალი ნამდვილად ჰქონდა. მან მოახერხა მშობლის დარწმუნება და რიჩებმა 1932 წელს გახსნეს საკუთარი სამოდელო სახლი - Nina Ricci. თავდაპირველად, ისინი საქორწილო კაბებს კერავდნენ (სხვათაშორის, თანამედროვე პატარძლებს დღესაც აბედნიერებენ), თუმცა მოგვიანებით ქალის ტანსაცმელის მთლიანი ხაზი შეიქმნა.

დედა-შვილისგან არაჩვეულებრივი ტანდემი გამოვიდა: ნინა ულამაზეს მოდელებს ქმნიდა, რობერტი კი ჭეშმარიტად კომერსანტის მარიფათიანობით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ახერხებდა პროდუქციის რეალიზაციას. რობერტ რიჩმა ნინა რიჩის ატელიე იმპერიად გადააქცია.

რა გახდა Nina Ricci -ის წარმატების საიდუმლო? ნინა არასდროს ქმნიდა ესკიზებს, ის პირდაპირ მანეკენებზე და მოდელებზე ჭრიდა თარგებს, რათა დარწმუნებულიყო სილუეტის სრულყოფილებაში. უნაკლო თარგები, ფერთა შეხამებისას ზომიერება, დეტალებისადმი უდიდესი ყურადღება - ეს გამოარჩევდა ნინა რიჩის კოლექციებს სხვა დიზაინერების კოლექციებისგან. მას მოსწონდა ქალური სილუეტის ხაზგასმა და მიაჩნდა, რომ ვალდებული იყო თითეულ კლიენტს დახმარებოდა საკუთარი სილამაზის გახსნასა და წარმოჩენაში. ამიტომ რიჩის მოდელებში ყოველთვის იგრძნობოდა ქალური ელეგანტურობა. მისთვის უცხოა ეპატაჟი, ეგზოტიკიკა ან პომპეზურობა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამოდელო სახლის კლიენტურის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა Nina Ricci -ის დაბალმა ფასებმაც. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი მხოლოდ ძვირფას ქსოვილებს იყენებდა და ოსტატობითაც, თავის თანამედროვე კოლეგებს არაფრით ჩამოუვარდებოდა, სხვებთან შედარებით ფასი ყოველთვის ორჯერ, სამჯერ ნაკლები ჰქონდათ პროდუქციაზე.

1950 წლისთვის, ნინამ სამოდელო სახლი სამართავად რობერ რიჩს გადასცა. 1970 წელს ფრანგული მოდის ერთ-ერთი ლეგენდა - ნინა რიჩი გარდაიცვალა.

დღეისთვის ბრენდი აწარმოებს ტანსაცმელს, ქუდებს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, საათებს, სათვალეებს, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც Nina Ricci -ის პარფიუმერული ხაზი რჩება.

რობერტ რიჩს ჰქონდა ამბიცია - სახელგანთქმული ყოფილიყო როგორც ბრენდის კაბები, ისე მისი სუნამოებიც.

როდესაც ამა თუ იმ სამოდელო სახლს ხანგრძლივი ისტორია აქვს, თავდაპირველი და გვიანდელი არომატები, როგორც წესი, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუნებრივია, ბრენდები ცდილობენ ფეხი აუწყონ მოდურ ტენდენციებს, თანამედროვე მოთხოვნებს და მოცემული პერიოდის შესაბამისი კომპოზიციები შესთავაზონ მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით ყველაზე წარმატებულ სამოდელო სახლსაც კი გაუჭირდება არსებობა. ასეა Nina Ricci-ის შემთხვევაშიც.

Nina Ricci-ის პირველი სუნამო - Coeur Joie 1946 წელს დაიბადა პარფიუმერ ჟერმინ სელვიეს ავტორობით (ქალი პარფიუმერი იმ პერიოდისათვის ოდნავ უჩვეულოა). ესაა ყვავილოვანი არომატი ნოტებით: ნეროლი, ბერგამოტი, ზამბახი, ია, ჟასმინი და ვარდი.

1948 წელს რიჩებმა მეორე ყვავილოვანი სუნამო - L’Air du Temps წარმოადგინეს. პარფიუმერმა - ფრანსის ფაბრონმა (რობერტ რიჩის აქტიური ჩართულობით) შექმნა ყველა დროის ერთ-ერთ ულამაზესი არომატი, რომელშიც თავმოყრილია ვარდი, ჟასმინი, გარდენია, ატამი, მიხაკი, მუხის ხავსი. L’Air du Temps აღიარებულია კლასიკად. მისი წარმატება განაპირობა, როგორც უშუალოდ საუცხოო სურნელმა, ისე ფლაკონისა და მისი „მტრედებიანი“ თავსახურის დიზაინმა. ამ დროს, მოგეხსენებათ, სულ ახალი დამთავრებულია მეორე მსოფლიო ომი და ადამიანები მშვიდობასა და თავისუფლებას ეძებენ ყველგან. „დროების სულისკვეთება“ (დაახლოებით ასე ითარგმნება L’Air du Temps) სამოდელო სახლის სიამაყეა და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს დღესაც.

1973 წლით დათარიღებულ Farouche-ზე (ყვავილოვანი ალდეგიდები) ამბობენ, ნატიფი, დახვეწილი და ქალური არომატიაო, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენში თითქმის არავის არ იცნობს მას. საერთოდ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ Farouche უსამართლოდ დაუფასებელი სუნამოა, რომელიც სავარაუდოდ, L’Air du Temps-ის ჩრდილის ქვეშ დარჩა.

1987 წელს სამოდელო სახლმა არომატი Nina (ყვავილოვანი ალდეგიდები) წარმოადგინა. რა უნდა ისურვოთ, რომ პირამიდაში არ დაგხვდეთ? - ალდეგიდები, კალენდულა, მიმოზა, ბერგამოტი, ატამი, ლიმონი, ჟასმინი, ვარდი, მუხლის ხავსი, ვეტივერი, მუშკი.

და განა შეიძლება ამ სუნამოებზე ისაუბრო და მათი ბროლის გასაოცარი ფლაკონები არ ახსენო? Nina Ricci-ის ექვსი სუნამოსათვის Lalique -მა დაამზადა ჭურჭელი. ისინი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ და თავისი მაღალი ღირებულება აქვთ სუნამოს სითხის გარეშეც.

2001 წელს Nina Ricci-მ ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი სუნამო - Premier Jour გამოიტანა ბაზარზე. ყვავილოვანი, უნაზესი, გამჭვირვალე არომატი სიმშვიდეს, ელეგანტურობას და თავდაჯერებას ასხივებს მუდამ - 2001-შიც და 2021-შიც.

სამოდელო სახლმა მას შემდეგ, რაც შეწყვიტა 1987 წლის Nina-ს გაყიდვები, აუდიტორიას შესთავაზა სრულიად ახალი Nina (ყვავილოვან-ხილისებრთა ჯგუფის არომატი). ამ ორ „ნინას“ არაფერი აქვთ საერთო. 2006 წლის სუნამოს გურმანიკის ელფერი დაჰკრავს.

Ricci Ricci (2009 წ.) ყვავილოვან შიპრადაა მიჩნეული. მთლიანობაში, Ricci Ricci პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს გაცნობისთანავე.

სამოდელო სახლის ბოლო წლებში შექმნილი სუნამოებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა კოლექცია - L’Extase. პირველი არომატი გამოჩნდა 2015 წელს, რომელსაც შემდეგ 4 ფლანკერი მოჰყვა (მათ შორის მსგავსება იგრძნობა, განსხვავებულია მხოლოდ ერთი - 2018 წლის Chant d’Extase). ხუთივე სუნამოს ავტორი ფრანსის ქურქჯიანია, რაც უკვე ბევრს რამეზე მეტყველებს. L’Extase, L’Extase Caresse de Roses, Rose Extase, L’Extase Absolue - ყველა მათგანში ვარდების ზეიმია (პარფიუმერს უყვარს ვარდებით „ალქიმიკოსობა“), მაგრამ ყვავილთა დედოფალი აქ „მწვანე“ და ეკლიანი არაა. „ექსტაზებში“ ვარდი კარამელიზირებული, ხავერდოვანი და ბორდოსფერია.

imageimageimageimageimageimage





Nina Ricci-ს არომათეკაში 90-ზე მეტი სუნამო აქვს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია სამოდელო სახლს წარმატება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, ისინი კვლავაც გააგრძელებენ თაყვანისმცემელთა განებივრებას.



0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ბუნტი ბერია
ბუნტი ბერია
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0