x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველასთვის ცნობილია, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერი იმყოფებოდა საქართველოში

imageსპეციალურად მისთვის გამართულ ვახშამზე ტეტჩერი გამოვიდა დაუგეგმავი სიტყვით, რომელსაც სრულად გთავაზობთ ქვემოთ:

"მახსოვს, რომ მოვილაპარაკეთ — დღეს ჩვენ სიტყვებს არ წარმოვთქვამდით, იქნებოდა მხოლოდ სადღეგრძელოები, მაგრამ ასეთი ბედნიერი და საინტერესო დღის შემდეგ, რომელიც მე თქვენს რესპუბლიკაში გავატარე, უბრალოდ არ შემიძლია, არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა აღფრთოვანების გამოსახატად.

როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე ადგილის მონახულება შემომთავაზეს, დავფიქრდი, სად წავსულიყავი. რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწეს, ლორდ ვაითლოუს, რომელიც შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აქ, და მან მითხრა, რომ არის ერთი ადგილი, სადაც უნდა წავსულიყავი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე — ეს საქართველოა, და, აი, მე აქ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო.

მე ვიცი, რომ თქვენი ქალაქის სახელწოდება ნიშნავს თბილს. და ეს თქვენ მართლაც წარმოაჩინეთ თქვენი სტუმართმოყვარეობით და ამ წარმოუდგენელი ვახშამით.

მე თავად დავრწმუნდი თქვენი ქვეყნისა და თქვენი დედაქალაქის არაჩვეულებრივ სილამაზეში. თქვენ, უეჭველია, ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი კულტურა მსოფლიოშია ცნობილი. მე მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ რიტორიკის საუცხოო სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში შეიქმნა, ესე იგი, ათას ხუთასი წლის წინ და რომ მის მოწაფეთა შორის ბევრი ბერძენი იყო.


ის, ვინც გადააჭარბა ბერძნებს ორატორულ ხელოვნებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. და ახლა მესმის, თუ რატომ არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი შევარდნაძე, რომელსაც მე პატივს ვცემ, ასეთი მჭერმეტყველი.

თქვენი შესანიშნავი XII საუკუნის ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" ორასი წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ჩვენმა ჯეფრი ჩოსერმა გამოსცა თავისი "კენტერბერიული მოთხრობები" და თქვენს ლიტერატურულ ტრადიციას დღესაც განაგრძობენ თქვენი კინემატოგრაფისტები.

მე დღეს ვიყავი მცხეთაში და ვიხილე, რომ — თუ შეიძლება ასე ითქვას — დღესაც ჩვენ გზას ტაძარში მივყავართ.

მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენ ჩაის დიდი მოყვარულები ვართ. ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს — წმინდა გიორგი.

საუბედუროდ, მან ვერ დაგვიცვა ამასწინათ მომხდარი უბედურებისგან — თქვენს შემთხვევაში — მიწაზე, ჩვენს შემთხვევაში კი — ზღვაზე. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ღრმა თანაგრძნობა თქვენი რესპუბლიკისადმი და განსაკუთრებით იმ ოჯახების მისამართით, რომლებიც დაიღუპნენ ან სახლ-კარი დაკარგეს წყალდიდობისა და ზვავების ჩამოწოლის დროს. ამჟამად, მიყენებული ზარალის შემდეგ, როდესაც თქვენ წინაშე დგას მეურნეობის აღდგენის უზარმაზარი ამოცანები, და როდესაც ცხოვრება ხელახლა უნდა დაიწყოს, ჩვენ თქვენთან ვართ.

ჩემი ამჟამინდელი მოგზაურობა საბჭოთა კავშირში შთამბეჭდავი იყო. ამავე დროს იგი იყო იმედისმომცემი. და მან დიდი კმაყოფილება მომანიჭა, ყოველ შემთხვევაში, თქვენი რესპუბლიკის დათვალიერების დროს, ბატონო თავმჯდომარევ.

საბჭოთა ხელმძღვანელობასთან ჩემი მოლაპარაკების დროს განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ მშვიდობიანი სტაბილურობა მსოფლიოში.

მე ინტერესით გავეცანი "გარდაქმნის" მიღწევებს, რასაც ამჟამად საბჭოთა კავშირი ახორციელებს. მე ვისწავლე სიტყვები "პერესტროიკა“ და "გლასნოსტი“და ახლა უკეთ მესმის მათი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, რიგ საკითხებში გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ჩვენ და თქვენი ხელმძღვანელები შევთანხმდით ზოგიერთ ფუნდამენტურ მომენტზე. ჩვენ გვსურს, გვქონდეს უფრო უსაფრთხო მსოფლიო. ორივე ქვეყანას გვსურს, ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და შევამციროთ შეიარაღების მოცულობა. ჩვენ გვსურს, ჩვენი ურთიერთობა ავაგოთ ურთიერთპატივისცემისა და გაგების საფუძველზე.

დღეს მე შინ ვბრუნდები. მივემგზავრები მიღწეული წინსვლით, საბჭოთა კავშირის უკეთესი გაგებით კმაყოფილი და მისი ხალხის წარმატებებით აღფრთოვანებული. და განსაკუთრებული თბილი მოგონებები მიმყვება ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის, კაცთმოყვარეობის შესახებ, რაც მე ვიხილე აქ, თქვენს რესპუბლიკაში.

გთხოვთ აწიოთ ჭიქები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის სადღეგრძელოდ. ნება მიბოძეთ გადღეგრძელოთ თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის, ვადღეგრძელო დიდი ერი, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში და რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.

4
310
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
310
  
2021, 21 აპრილი, 22:33
რაღაცნაირად არუშავს :)
2021, 21 აპრილი, 22:31
რაღაცნაირად :)
2021, 21 აპრილი, 22:30
ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ირლანდიელების მიმართ განხორციელებული სისასტიკის გამო, რისთვისაც რკინის ლედი უწოდეს, ღაღაცნაირად გულში მეღუჭუნება
0 1 4