x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
TOP 10 ფილმი, რომელიც ჰოლივუდს არ გადაუღია
image



  • „განქორწინება“ 2011
  • არის ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის საკმაოდ დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის, ნადერი და სიმინის შესახებ, რომლებიც ირანიდან წასვლას აპირებენ, რომ უკეთესი ცხოვრება ჰპოვონ. ბოლო მომენტში ნადერი ავადმყოფ მამას ვერ დატოვებს და მასთან დარჩენას გადაწყვეტს. ფილმი იწყება სასამართლოთი სადაც ისინი ერთმანეთს ეყრებიან. სიმინს იმედი აქვს, რომ მათ 11 წლის ქალიშვილთან ერთდ ქვეყნიდან გაემგზავრება, მაგრამ ჩანს რომ სასამართლო მის საწინნააღმდეგოდ ვითარდება. შვილს სურს, რომ დედა სახლში დაბრუნდეს. გამომდინარე იქიდან რომ ნადერს არ შეუძლია სამსახურის მიტოვება მამისათვის დამხმარედ ორსულ, მეტად მორწმუნე ქალს დაიქირავებს. რის შემდეგაც იწყება 2 ოჯახის ურთულესი ცხოვრების უფრო მეტად გართულება...

    ძალიან საინტერესოა საფინალო სცენაც, (რომელსაც არ მოგიყვებით), სადაც მაყურებელს საშუალება აქვს თავად აირჩიოს სასურველი ფინალი.


    ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, ნომინირებული იყო ასევე ოსკარზეც.


  • „კანი რომელშიც მე ვცხოვრობ“ 2011
  • ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ფსიქოლოგიური დრამაა, ასევე თრილერიც.

    პლასტიკური ქირურგიის გენიოსმა, ექიმმა ლედგარდმა, (ვისაც განასახიერებს ანტონიო ბანდერასი) გენეტიკური ექსპერიმენტების გზით, შექმნა ხელოვნური ადამიანის კანი. იგი მოინადირებს იმ ნაძირალა მექალთანეს, რომელმაც დიდი ხნის წინ მისი სულიერად ავადმყოფი ქალიშვილი გააუპატიურა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა. ექიმის სისასტიკეს და შურისძიების სურვილს საზღვარი არ აქვს. სულით ხორცამდე ნატურალ მექალთანეს შეუცვლის სქესს, გარდაქმნის უმშვენიერეს ქალად და დაკავდება მასთან სექსუალური აქტით წლების განმავლობაში. უმძიმესია ყურება მოძალადისა, რომელსაც ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნია, თუმცა თავის მოკვლის საშუალებასაც კი არ აძლევენ.



  • „იდა“ 2013
  • დანიურ-პოლონური ფილმი, პაველ პავლიკოვსკის რეჟისორული ნაწარმოებია.

    ფილმის სიუჟეტი ვითარდება პოლონეთში, 1962 წელს. ობოლი გოგონა ანა გაზარდეს მონაზვნებმა. სანამ ის მონაზვნად აღიკვეცება, ანა გადაწყვეტს შეხვდეს ერთადერთ დარჩენილ ნათესავს ვანდას. გოგონა იგებს ბიძაშვილისგან, რომ ისინი ებრაელები არიან. ანა და ვანდა სამოგზაუროდ წავლენ, რათა ოჯახის ტრაგიკული ბედის შესახებ მეტი ინფორმაცია შეიტყონ.

    სხვაობა ანასა და ვანდას შორის ძალიან დიდია, ისევე როგორც დემონსა და ანგელოზს შორის, ვანდა თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს, იყენებს მაკიაჟს, არ ერიდება ქუსლიან ფეხსაცმელსა და დეკოლტეს, მავნე ჩვევებიც მრავლად ახასიათებს, არ ერიდება მამაკაცებთან ფლირტს. განსხვავებით ანასაგან, რომელიც ამ დიდ მოგზაურობაშიც კი მონოზონის სამოსგაუხდელად მიემგზავრება.

    ვანდასთან ურთიერთობა ერთ-ერთი დიდი გამოცდაა გოგონასათვის, რომელიც სულ მალე მონაზვნად აღიკვეცება...

    შეძლებს კი ის გაუმკლავდეს ხორციელ ვნებებს?

    ფილმს აქვს მრავალი ჯილდო, ასევე ნომინირებული იყო ოსკარზეც, ზაზა ურუშაძის ფილმ, „მანდარინებთან“ ერთად.


  • „დაბრუნება“ 2006

  • კიდევ ერთი ფილმი ჩემი საყვარელი ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარისა, რომლის თითქმის ყველა ფილმიც შედევრად მიმაჩნია. ამ ფილმის განსაკუთრებული ფასეულობა დედისა და ქალიშვილის ურთიერთობის განსაკუთრებული და სიღრმისეული წარმოჩენა მგონია.

    სიუჟეტი ვითარდება სამხრეთ მადრიდში მცხოვრებ ექსცენტრულ ოჯახში, დედა (პენელოპა კრუსი) ცდილობს დაიცვას 14 წლის ქალიშვილი, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა, მას შემდეგ, რაც მასთან მარტო დარჩენის ჟამს გოგონასთან არამამობრივი ალერსით დაკავებას შეეცადა.

    პარალელურად, არანაკლებ დრამატული და საინტერესო ამბები ხდება თავად რაიმუნდასა და თავის ნათესავებს შორის, საბოლოოდ ირკვევა მისი წარსულის ბნელი საიდუმლოც.


  • „მეოცნებენი“ 2003
  • გილბერტ ადერის რომანის ეკრანიზაცია, (თუმცა, ჩემი აზრით ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როდესაც ფილმი წიგნს სჯობს), ადერი თავად იყო ფილმის სცენარისტი და განაცხადა კიდეც, რომ ყველა „შეცდომა“ რაც წიგნში დაუშვა ფილმის სცენარში გამოასწორა.

    ფილმი საფრანგეთის იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ნაწარმს წარმოადგენს, მისი რეჟისორია ბერნარდო ბერტოლუჩი. მთავარ როლებს კი თამაშობენ ისეთი განუმეორებელი მსახიობები, როგორებიც არიან ევა გრინი, მაიკლ პიტი და ლუი გარელი.

    ფილმის სიუჟეტი ვითარდება პარიზში, 1968 წელს. პოლიტიკური არეულობის და სექსუალური თავისუფლების დროს. ამერიკელი მეთიუ, დემონსტრაციაზე გაიცნობს მდიდარი ინტელექტუალების შვილებს ტყუპ და-ძმას - ტეოს და იზაბელს. ისინი დაითანხმებენ მათიუს, რომ მათთან გადავიდეს საცხოვრებლად. ტყუპების ექსცენტრიული ცხოვრებით მეთიუ უმალვე მოიხიბლება და მათი ცხოვრების ტემპის აყოლას იწყებს. აღმოაჩენს, რომ და-ძმა საკუთარ თავს ერთ მთლიანობად მიიჩნევს, არა უბრალო ტყუპებად, არამედ სიამის ტყუპებად. მეთიუ გრძნობს ნელ-ნელა როგორ უყვარდება ორივე და რომ ტყუპების სიყვარული მას ჭაობში ითრევს.



  • „მელანქოლია“ 2011
  • ლარს ფონ ტრიერის მეტად საინტერესო, ფანტასტიკურ-დრამატული ჟანრის ნამუშევარია.

    ფილმი დაყოფილია პატარა თავებად, სადაც ყველა პერსონაჟის შინაგან სამყაროს ეხდება ფარდა, პირველი ნაწილი იწყება ჯასთინისა და მაიკლის ქორწილით, რომელიც ჯასთინის დის მდიდრულ სახლში იმართება. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება საბოლოოდ მაინც ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს.

    და რაც ყველაზე მთავარია, ამდროს პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება.

    ფილმში კარგადაა აღწერილი ადამიანთა გრძნობები, განცდები და ქმედებები, მაშინ, როდესაც სამყაროში საყოველთაო მღელვარება სუფევს


  • „ცარიელი სახლი“ 2004
  • კორეელი რეჟისორის კიმ კი-დუკის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის 4 პრიზის მფლობელია. ფილმი იაპონიისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ნამუშევარია.

    ტაე-სუკი ქალაქში დასეირნობს მოტოციკლით, არიგებს ფლაერებს სახლების კარებთან და მეორე დღეს უკან დაბრუნებული თუ აღმოაჩენს რომ ისინი ცარიელია იპარება სახლებში და ცხოვრობს იქ პატრონების დაბრუნებამდე. სძინავს მათ ლოგინებში, ჭამს საჭმელს მათი მაცივრიდან და ბინის ქირის გადახდის ნაცვლად, რეცხავს სარეცხს ხელით ან აკეთებს მცირე რემონტს. ერთ-ერთ მორიგ სახლში ის აღმოაჩენს სასტიკად ნაცემ გოგოს, რომელიც არაფერზე რეაგირებს. გოგონას ქმარი სასტიკი, პათოლოგიურად ეჭვიანი და მოძალადეა.

    ტაესუკის გოგონა თან გაჰყვება და იწყებს ცხოვრებას მისი უცნაური მაგრამ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით მანამ, სანამ არ გამოიჭერენ...


  • 5x2 2004
  • ფრანგული ფილმი ფრანსუა ოზონის რეჟისორობით. ფილმი დრამისა და მელოდრამის საოცარი სინთეზია.

    ფილმი დაყოფილია ეპიზოდებად, და რაც ყველაზე საინტერესოა ამაში, იგი თითქოს უკნიდან იწყება.

    ქრონოლოგიურად დალაგებულია წყვილის განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, პირველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა.

    ძალიან კარგად აქვს რეჟისორს გადმოცემული გრძნობების გახუნების, სიყვარულის გაფერმკრთალების, ურთიერთობაში დაგროვილი ყველა ბზარის მსხვრევის პროცესი...


  • „ფავნის ლაბირინთი“ 2006
  • ესპანეთისა და მექსიკის კოლაბორაციული ფილმი, მასში გაერთიანებულია ფანტაზიის სამყარო, დრამა და საომარი ჟანრი ერთდროულად.

    გილერმო დელ ტოროს გენიალური ფილმი. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო მართლაც რომ რეალურია და თავადაც შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში ის პრინცესაა.

    რეალურ სამყაროში კი ის დესპოტი გენერლის გერია, რომელსაც გაჰყვა ცოლად დედამისი მას შემდეგ რაც ქმარი გარდაეცვალა. დედა ორსულადაა ოფელიას პატარა ნახევარძმაზე, რომელიც გოგონას დაბადებამდე უკვე უყვარს და ზრუნავს დედის გართულებული ორსულობის შემსუბუქებას ახლად შეძენილი ზღაპრული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით.

    ამავდროულად დაუნდობელი გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება ადგილობრივი აჯანყებულების მიერ, რომლებიც ტყეში არიან გახიზნულნი.

    გოგონა შეიყვარებს კეთილ მოსამსახურეს რომელიც აჯანყებულებს მალულად ეხმარება და ინახავს მის საიდუმლოს.

    ფილმის ფინალური სცენა მაყურებელს აძლევს არჩევანის საშუალებას თავად გადაწყვიტოს როგორი დასასრული ექნება მას.

    ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ფილმის მეტად ემოციური საუნდთრექი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

    გილერმო დელ ტოროს ამ ფილმს სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად გააჩნია ოსკარიც სამ ნომინაციაში.


  • „ცხოველთა სამყარო“ 2018
  • ოდესმე გიფიქრიათ რომ ფილმი „ჯეირანზე“ (ან თუ გსურთ ჩანგჩუნგი უწოდეთ) მოგეწონებოდათ?

    თუ არა, მაშინ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ...

    იან ჰანის ცხოველთა სამყარო ჩინეთის პროდუქტია, მასში არაჩვეულებრივადაა აღწერილი ადამიანისა და ცხოველის ერთმანეთზე საოცარი მსგავსება. ნათლადაა განმარტებული რომ მთავარი არჩევანი სწორედ რომ ადამიანის გასაკეთებელია, მისი გადასაწყვეტია იქნება ადამიანი თუ დაემსგავსება პირუტყვს.


    ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც არასწორ ადამიანებს მიენდო და რომლის დედაც საავადმყოფოში ძლიერ დაავადებული წევს ცხოვრება გაუმრუდდება და

    ყელამდე ვალებში ჩაფლული მთავარი გმირი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს იდუმალ თამაშში სახელად " ბედის რიცხვები", რომელშიც მთავარი ფსონი

    სიცოცხლეა.


    0
    102
    2-ს მოსწონს
    ავტორი:მადამ ფისუნია
    მადამ ფისუნია
    102
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0