x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მე კონცეფცია. მათთვის, ვისაც საკუთარი თავისთვის დაგისვამთ კითხვა: "ვინ ვარ მე?"
image



თუ გინდა ისეთი ადამიანი იპოვო, რომელიც გვერდით დაგიდგება სიხარულსა თუ უბედურებაში, დაგეხმარება ყველა დაბრკოლების გადალახვაში და სრულ ბედნიერებას მოგანიჭებს, მაშინ დადექი სარკესთან და შენ თავს უთხარი გამარჯობა! /რიჩარდ ბახი/ ცოტა იუმორი რომ წავახმაროთ, დიდხანს თუ ასე გააგრძელე, ერთხელაც სარკიდან შენი ანარეკლი - გაგიმარჯოსო, გიპასუხებს... თუმცა ეს მხოლოდ ხუმრობით. რიჩარდ ბახის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია საკუთრი მე-ს გასააზრებლად.


“ ყველაზე მეტად ეს გახსოვდეს, რომ შენსა თავსა არ უღალატოდა მაშინ სხვასაც არ უღალატებ ” _ შექსპირი, “ჰამლეტი”,

გენიალური დრამატურგის ეს სიტყვები მე-ს არსს საუკეთესოდ გამოხატავს. ყველასთვის ცნობილია სიტყვა მე-ს მნიშვნელობა. მაგრამ უცნობია როგორ გვიყალიბდება მე-ს განცდა ან რისგან შედგება მე-კონცეფცია? საიდან ვიცით რომელი პიროვნული ნიშნებია ჩვენთვის დამახასიათებელი? Aან როგორ შთაბეჭდილებას ვახდენთ სხვებზე? თვითშეფასების რა დონე გვიყალიბდება? _ ეს ის კითხვებია, რაზეც პასუხის გაცემას ცდილობენ სოციალურ ფსიქოლოგიაში, რადგან “მე” სოციალური პროცესების ერთდროულად მონაწილეცაა და შედეგიც.

“მე”-ს ჩამოყალიბება

მე-ს განვითარება ცენტრალური საკითხია სიმბოლურ ინტერაქციონიზმში, რომლის ამოსავალი დებულებაა, რომ მე დაკავშირებულია საზოგადოებასთან ინდივიდთა ურთიერთქმედების მეშვეობით. გავადევნოთ თვალი ამ იდეის განვითარებას ადრინდელი ფსიქოლოგიიდან დღემდე. სოციალურ ფსიქოლოგიაზე დიდი გავლენა იქონია მე-ს განვითარების შესახებ ფილოსოფოსის, სოციოლოგის და ფსიქოლოგის ჯორჯ მიდის შეხედულებებმა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. თვითონ მიდზე კი გავლენა მოახდინეს მისმა თანამედროვე მოაზროვნეებმა ჯეიმსმა, დიუიმ და კულიმ. ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი პირველი მეცნიერია, ვინც მე-ს სისტემატურ ფსიქოლოგიურ შესწავლას შეუდგა. ჯეიმსი მიიჩნევდა, რომ მე-ს აქვს ორი ასპექტი: უნარი ჩამოიყალიბოს მე-განწყობები და გრძნობები (“მე”, როგორც სუ ბი ექ ტი ), და საკუთარ თავზე რეაგირების უნარი (“მე, როგორც ობიექტი ). ჯეიმსს სჯეროდა, რომ ადამიანი ფლობს სოციალურ მე-ს, რომელიც შედგება საკუთარი თავის მიმართ გრძნობებისგან, ხოლო ეს გრძნობები სხვების რეაქციებიდან მომდინარეობს. მე-ს ამ ორბუნებიანობამ და იდეამ, რომ “სხვები” ესოდენ მნიშვნელოვანნი არიან მე-ს ჩამოყალიბებისთვის, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჯორჯ მიდზე. ჯონ დიუი _ გამოჩენილი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი იყო. მას სწამდა, რომ აზროვნების უნარი ადამიანს ცხოველთა დანარჩენი სამყაროსგან განასხვავებს და განაცალკევებს. იგი შეისწავლიდა ცნობიერებას, რათა გაეგო როგორ “მუშაობს” ფსიქიკა. დიუის მიჩნდა, რომ ფსიქიკა ობიექტურად არსებული რაობა, სუბსტანცია კი არ არის, არამედ გარემოსთან შეგუების პროცესია, მოქმედების სხვადასხვა შესაძლებელ ფორმებზე ფიქრი და აწონ-დაწონვაა. დიუიმ გაიზიარა მიდის იდეა, რომ გონება სოციალურ ინტერაქციათა წყალობით წარმოიქმნება.


სარკული მე

სოციოლოგმა ჩარლზ კულიმ დახვეწა მე-ს გენეზისის შესახებ ჯეიმსის იდეა და სარკული მე-ს ცნება წამოაყენა. კულის თანახმად, მე-ს კონცეფციაში ყოველთვის ნაგულისხმევია სხვა ადამიანები: 1. წარმოვიდგენთ თუ როგორი ვართ სხვა ადამიანის თვალში; 2. წარმოვისახავთ სხვა ადამიანის მიერ ჩვენი ქცევის შეფასებას; 3. განვიცდით საკუთარი თავის მიმართ გარკვეულ გრძნობებს (სიამაყეს, უხერხულობას), რაც სხვათა მიერ ჩვენ შეფასებას ემყარება. კულის აზრით, ადამიანი რეაგირებს განწყობაზე, რომელიც ჰგონია, რომ აქვს მისადმი სხვას, და არა ნამდვილ განწყობაზე. ზუსტია იგი თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს _ სწორედ ეს ნავარაუდევი განწყობა განსაზღვრავს მე-განცდას.

მე-ს შესახებ მიდის შეხედულებები

მიდი ყოველთვის უსვამდა ხაზს სიმბოლოებით მანიპულირების ადამიანის უნარს. მეკონცეფცია ემყარება სიმბოლოებით მანიპულირებას, რაც ენის ფორმით ხორციელდება. სწორედ ამიტომ, მე-ს განვითარება ბავშვის მიერ ენის დაუფლებასთან ერთად იწყება. მიდმა გაიზიარა ჯეიმსის შეხედულება, რომ “მე” ერთდროულად სუბიექტიცაა და ობიექტიც. მე, როგორც სუბიექტი სპონტანური, ენერგიული და კრეატიულია, იგი ინდივიდის მოქმედებების აღმსრულებელია; ამისგან განსხვავებით, მე, როგორც ობიექტი კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის დამახასიათებელი განწყობებისა და მოლოდინების მოწესრიგებული ერთობლიობა, რაც ქცევას მიმართულებას ანიჭებს. მე, როგორც სუბიექტი და მე, როგორც ობიექტი ერთიანი და განუყოფელია ანუ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როლის აღება. კულის მსგავსად, მიდიც ფიქრობდა, რომ ადამიანი თავის თავს ხედავს არა უშუალოდ, არამედ მისივე საზოგადოების წევრი სხვა ადამიანის თვალთახედვით. რო ლის აღე ბით ბავშვი დგება სხვა ადამიანის თვალსაზრისზე და სინამდვილეს მისი თვალით უყურებს. როლის აღება მთავარი და აუცილებელია ადამიანთა ურთიერთქმედებისთვის, მე-სა და საზოგადოების განვითარებისთვის. როლის აღების უნარის გარეშე ადამიანები ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს, ვერ გაითვალისწინებდნენ ერთმანეთის ქცევას და ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას. მიდის თანახმად, ჩვენი მე ვითარდება იმით, რომ ჩვენი თავისთვის ჩვენვე ვიქცევით ობიექტებად. მე-ს განცდას აყალიბებს სოციალური ურთიერთქმედება, სადაც ადამიანები იძენენ უნარს თავის თავს სხვა ადამიანის თვალით უცქირონ. ადამიანს ჯერ სხვა ადამიანის გაცნობიერების უნარი უვითარდება, და მხოლოდ ამის მერე _ საკუთარი თავის. მიდი თვითგაცნობიერებას აანალიზებს ბავშვის თავისუფალი თამაშის და წესების მქონე თამაშის მეტაფორების გამოყენებით.

თავისუფალი თამაში, წესებიანი თამაში და “განზოგადებული სხვა”. მე-ს განვითარების პირველ სტადიაზე ბავშვი კონკრეტული სხვა ადამიანების როლის აღებას ეუფლება. იგი ირგებს სხვადასხვა როლებს და თამაშობს “დედას”, “მასწავლებელს”, “მეხანძრეს”. თამაშის ამ ხანაში ბავშვი საკუთარ თავს სახელით მოიხსენიებს და არა პირველ პირში _”მე”-თი, რადგანაც მას ერთიანი და მთლიანი მე-კონცეფცია ჯერაც არ გააჩნია. ბავშვი იმასაც იგებს, რომ როლები კავშირშია ერთმანეთთან, ერთმანეთს ავსებს და გულისხმობს. აგრეთვე, ბავშვი იძენს უნარს გარდა საკუთარისა, ერთი ან მეტი “სხვა ადამიანის” თვალსაზრისი მიიღოს და გაიზიაროს. მე-ს განვითარების საბოლოო სტადიაზე ინდივიდი თავის თავს უკვე არა კონკრეტული სხვა ადამიანის, არამედ “სხვების” გამთლიანებული თვალთახედვით განიხილავს. ეს პროცესი დადგენილი წესებით თამაშის ანალოგიურია: ბავშვი უნდა ფლობდეს ამ წესებს, რისთვისაც იგი მოთამაშეთა ქცევის რეპერტუარს უნდა იცნობდეს. ბავშვს, რომელიც თამაშობს ფეხბურთს, უნდა შეეძლოს წინასწარ განსაზღვროს მის გუნდში მოთამაშე მეორე ბავშვის ქცევა, საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდის ქცევა. მიდმა ამ გარეგან ერთიან თვალთახედვას უწოდა “ გან ზო გა დე ბუ ლი სხვა ”, რითაც სოციალური ჯგუფისთვის საერთო სტანდარტების ერთობლიობა აღნიშნა. ამგვარ სტანდარტთა მოქმედების ილუსტრირებას ახდენს გამოკვლევა, რომელშიც შედარებული იყო საჯარო სკოლის 4-7 კლასელთა თვითშეფასებები და მშობელთა მიერ მათი შეფასებები. თითოეული მშობელი აფასებდა საკუთარი შვილის აკადემიურ და სპორტულ უნარებს და ბავშვის ფიზიკურ მიმზიდველობას ანუ სილამაზეს. მშობელთა შეფასებები გავლენას ახდენს შვილების თვითშეფასებებზე, რასაც ადასტურებს დედ-მამის ქულების მნიშვნელოვანი კორელაცია შვილების თვითშეფასების ქულებთან. თუმცა კორელაცია მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ადგენს, დამატებითმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა მშობელთა შეფასებების აშკარა გავლენა შვილების მიერ საკუთარი აკადემიური და სპორტული უნარების თვითშეფასებაზე. მნიშვნელოვანი კორელაცია არ დადასტურდა სილამაზის შეფასებაში. შესაძლებელია ეს იმით არის გამოწვეული, რომ სილამაზის სტანდარტი, თავისთავად, არაერთმნიშვნელოვანია. განზოგადებული სხვა ადამიანის თვალსაზრისის მიღება საშუალებას გვაძლევს ჩვენი თავი როგორც ობიექტი დავინახოთ და შევაფასოთ. ეს კი მე-ს განცდას გვანიჭებს. მე-ს განცდა, ისევე როგორც სხვათა განცდა, სოციალური ურთიერთქმედების სტაბილურობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. უნარი შეხედო საკუთარ თავს “განზოგადებული სხვა ადამიანის” თვალით, მე-ს განვითარების უმაღლესი სტადიის მონაპოვარია.

მნიშვნელოვანი სხვები

მე-ს მთავარი საყრდენია მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთა მიერ მისი აღიარება. ჩვეულებრივ, ყველაზე უფრო “მნიშვნელოვანი სხვები” ბავშვისთვის მისი მშობლებია, რომლებიც უზარმაზარ გავლენას ახდენენ ბავშვის მე-კონცეფციის განვითარებაზე.

მე-კონცეფცია

მე - კონცეფცია მოიცავს ინდივიდის ყველა შეხედულებას და გრძნობას საკუთარი თავის, როგორც ობიექტის მიმართ. მე-კონცეფციაზე გავლენას ახდენს პიროვნების სოციალური კონტექსტი, მაგ. ინდივიდის მსგავსება ან განსხვავება სხვებისაგან ეროვნების, რელიგიის, სოციალური კლასის და ა.შ. მიხედვით. მე-კონცეფციის ჩამოყალიბებაში ცენტრალურ როლს ასრულებს სოციალური შედარების პროცესი . ჩვენ ყველანი ვახდენთ ერთმანეთის შეფასებას, მაშინაც, როცა ამას ვერ ვაცნობიერებთ. რაც უფრო ჩვენი მსგავსია მეორე ადამიანი, მასთან შედარება მით უფრო სასარგებლოა. მორცხვი ვარ თუ თამამი, ამას ვერ გავიგებ, სხვებთან შედარება თუ არ მოვახდინე, რადგან მორცხვობა შეფარდებითი ცნებაა.

მე-კონცეფციის გაზომვა

“ვინ ხარ შენ?” ამ კითხვაზე ადამიანთა პასუხებში არაერთი საინტერესო მსგავსება შეინიშნება. ამ მსგავსებებში მე-კონცეფციის თავისებურებები იკვეთება. მე-კონცეფცია ძირითადად მოიცავს დისპოზიციებს, როგორიცაა პიროვნული ნიშნები, უნარები, განწყობები, ღირებულებები; სოციალური იდენტობები: ასაკი, სქესი, პროფესია; და ფიზიკური ნიშან-თვისებები. კუნმა და მაკ-პარტლანდმა მე-კონცეფციის ემპირული შესწავლის მიზნით გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიმუშავეს “20 მტკიცების ტესტი”. ეს არის გადანომრილი ბლანკი, რომელიც რესპონდენტმა ოცი განსხვავებული პასუხით უნდა შეავსოს. ტესტი კონტენტ-ანალიზის მეთოდით მუშავდება, რის საფუძველზეც დგინდება მე-კონცეფციაში შემავალი კომპონენტები და მათი იერარქიული წყობა.

იდენტობები და "მე"

ის, რომ პასუხად კითხვაზე “ვინ ვარ მე?” ადამიანები არაერთ იდენტობას ჩამოთვლიან, განამტკიცებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის იდეას, რომ მე-ში შემავალი იდენტობები სოციალურ როლებს ეყრდნობა. სოციალური როლი საზოგადოებასთან ინდივიდის მაკავშირებელია. საზოგადოებრივად დადგენილი როლები პიროვნებაზე ადრე არსებობს და პიროვნება არა მხოლოდ იღებს ამ როლებს, არამედ ირგებს მათ, ანუ თავის უნიკალურობით ავსებს. იდენტობები მე-ს დროში სიმტკიცეს სძენს. განსაკუთრებით ეს ეხება მე-ს მეტად მნიშვნელოვან ასპექტებს _ ოჯახურ და პროფესიულ როლებს. ამასთანავე, იდენტობები და, შესაბამისად, მე-ც ასაკთან ერთად იცვლება.

მე-ს ცვლილება

სოციოლოგი რალფ ტერნერის ამტკიცებს, რომ ზოგიერთი თავისი ატრიბუტი ინდივიდს მისი ნამდვილი მე-დან ამოზრდილი ჰგონია, ხოლო სხვა არა: ზოგჯერ ჩვენი ქცევა ნაკარნახევია “წრფელი გრძნობით”, ხან კი სიტუაციით, რომელშიც ვიმყოფებით. ტერნერის თანახმად, ინდივიდებს თავისი ნამდვილი მე-ს ადგილსამყოფელად მიაჩნიათ ხოლმე ორი სფეროდან ერთი _ საზოგადოებრივი ინსტიტუცია ან შინაგანი იმპულსი. შესაბამისად არსებობს მე _ როგორც ინსტიტუცია და პროდუქტი, და აგრეთვე მე _ როგორც იმპულსი და პროცესი. თუ ადამიანი თავის ნამდვილ მე-დ ინსტიტუციურ მე-ს მიიჩნევს, მას ჰგონია, რომ მისი მე მაქსიმალურად ვლინდება მაშინ, როცა იგი მაღალ სტანდარებს მისდევს და მთლიანად აკონტროლებს თავის ქცევას. ინსტიტუციური მე საზოგადოებრივი მიზნებისა და ჯგუფური ვალდებულებების მიმართ ერთგულებას ემყარება. ადამიანი, რომლის ნამდვილი მე ინსტიტუციურია, მაღალ მიღწევებზე და მომავალზეა ორიენტირებული. თუ ადამიანს თავის ნამდვილ მე-დ იმპულსური “მე” მიაჩნია, იგი ფიქრობს, რომ თავს ყველაზე უკეთ ავლენს სპონტანურ ქცევაში, როცა ყველანაირი აკრძალვა შესუსტებულია. იმ პულსური მე ემყარება საკუთარი იმპულსების დაკმაყოფილების ძიებას. “იმპულსის ადამიანი” ეჭვის თვალით უყურებს დადგენილ წესებს. ადამიანი, რომლის ნამდვილი მე იმპულსურია, აწმყოზეა ორიენტირებული. ტერნერის აზრით, ბოლო ათწლეულების მანძილზე ადამიანთა უმრავლესობა ინსტიტუციურ მე-სთან თავის გაიგივებიდან იმპულსურ მე-სთან იდენტიფიცირებაზე გადავიდა. ახლა ადამიანები საზოგადოებრივ ინსტიტუტებს უყურებენ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველ დაწესებულებებს და უპირატესობას თვითგამოხატვას და თვითგანხორციელებას ანიჭებენ. ეს კი ღირებულებათა გადაფასების საზოგადოებაში მიმდინარე პროცესის ანარეკლია. “20 მტკიცების ტესტში” ეს ცვლილებები შესაბამისად აისახა. საზოგადოდ, პასუხები ლაგდება 4 კატეგორიად:
ა) ინდივიდის დახასიათება ფიზიკური ნიშან-თვისებების მიხედვით, მაგ., “ვარ შავგრემანი, გამხდარი”;
ბ) პასუხები, სადაც მითითებულია გარკვეული სტატუსი: მაგ., “ვარ სტუდენტი, ქრისტიანი”;
გ) პასუხები, სადაც აღწერილია ქცევის სტილი, მეტნაკლებად დამოუკიდებელი სოციალური სტრუქტურებისგან: “ვარ ბედნიერი ადამიანი”, “მიყვარს მუსიკა, ქალები”;
დ) პასუხები, რომლებიც ძალზე ზოგადია და ინდივიდის შესახებ სანდო ინფორმაციას არ იძლევა. მაგ., “ვარ ადამიანი”, “ვარ სამყაროს ნაწილი”. ბოლო ხანს საგრძნობლად იმატა ადამიანთა რიცხვმა, ვისთანაც ჭარბობს გტიპის პასუხები. ამ ტესტით ვიგებთ არა მხოლოდ იმას, თუ უპირატესად რასთან ან ვისთან აიგივებს საკუთარ თავს ინდივიდი, არამედ იმასაც, თუ რა ტიპის ადამიანები გვხვდება ძირითადად ამა თუ იმ კონკრეტულ საზოგადოებასა და კულტურაში.



2
73
9-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
73
  
2021, 9 ივნისი, 0:43
მიკვირს, რომ ასეთ სტატიებს არც ამ გოგონასთან და აერც კიდევ რამდენიმე ავტორთან არ აქვს ნახვები. ნახვები აქვს საზიზღრობებს და მერე გვიკვირს რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა
2021, 18 აპრილი, 0:46
ნამდვილად შემეცნებითი და კარგი საკითხავია. ძალიან მომეწონა :)
0 1 2