x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ხატია ( ნამდვილი ამბავი)
image
ღამის სიბნელეს უზარმაზარი მთვარე და მისი ბაჯაღლოს ფერი არღვევდა. ვარსკვლავები ბრწყინავდენ ნაცრისფერ ცაზე, ნიავი დასისინიებდა ჩუმი ხმით, თითქოს ვიღაცას ეპარებოდა...

გზატკეცილზე ავტო მანქანა ნელი მოძრაობით მოდიოდა, დაბალ ხმაზე მუსიკა ჩაერთოთ, ფეხმძიმე ცოლისთვის ხელი ხელზე მოეკიდა და ნაზად ეფერებოდა, მეორე ხელით კი საჭეს მართავდა, ღიმილით გადახედავდა ხოლმე, თვალს ჩაუკრავდა და მუცელსაც შეათვალიერებდა, სადაც გემრიელად მოკალათებულიყო მათი დიდი სიყვარულის ნაყოფი. მთვარე ფეხდაფეხ მოსდევდა მათ, ზოგჯერ ღრუბლებში დაიმალებოდა, მაგრამ მალევე გამოჩნდებოდა და ისევ დაედევნებოდა. მეგობრის ქორწილიდან მოდიოდნენ, სადაცაა სოფლის გზას დაადგებოდნენ. უცებ საიდანღაც სატვირთო ავტომანქანა გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ მათკენ მოემართებოდა, ისეთი სისწრაფით, რომ დათომ ავტომანქანის გვერდზე გადაყვანა ვერ მოასწრო, როგორც კი საჭე გადასწია და იფიქრა ავცდებიო, სწორედ მაშინ თვალებში შეანათა გამჭოლმა შუქმა, რომელმაც მხედველობა დაუხშო. ხელი აიფარა, როგორმე გზისთვის რომ შეეხედა. ეს ყველაფერი სულ რაღაც წამებში მოხდა, ისე რომ გააზრებაც ვერ შეძლეს, რა ხდებოდა მათ თავს! დათო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ფეხმძიმე მეუღლეს კი ნაადრევად დაეწყო მშობიარობა. ექიმების ძალისხმევით დედა და შვილი გადარჩა. ცხრამეტი წლის ასაკში დაქვრივდა ქეთა, ბედისწერამ მძიმე ტვირთი აჰკიდა, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს - მამა წაართვა სიკვდილმა და განაჩენად ობლობა გამოუტანა, თვალცრემლიანი ეფერებოდა ქეთა ახალშობილს, ყელში ბურთი ეჩხირებოდა, როცა შვილს ხედავდა, ხშირად მიყავდა მამის საფლავზე პატარა, დაჯდებოდა და ტიროდა ხოლმე, - საკუთარ თავს და მის სიყვარულს, რომელიც იმ ავბედითმა ღამემ წაართვა. მარმარილოს ქვიდან უმზერდა მომღიმარი თვალები, რომელიც თითქოს ეუბნებოდა, უნდა გაუძლო, არ უნდა დაეცე, ჩემი ვაჟკაცი გამიზარდო და ის სიყვარული ატარო, რომელიც მე დაგიტოვე, უნდა გაუფრთხილდე საკუთარ თავს და როცა ჩემთან მოხვალ, მე ისევ ისეთი დაგხვდები, შენი სიყვარულით სავსეო! ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა, თითქოს დავიწყებას მიეცა ხალხში ქეთას და დათოს დიდი სიყვარული, რომელიც სულ ორი წელი გრძელდებოდა. თუმცა, ქეთას არაოსდეს ავიწყდებოდა, ამ სიყვარულით ცოცხლობდა და ზრდიდა შვილს. გეგა დედით ამაყობდა, ხშირად დადიოდა მამის საფლავზე და ბევრ რამეს უყვებოდა ხოლმე. სწორედ პირველი სიყვარულიც მამას გაანდო. ემოციებს ვერ ფარავდა, როცა მამის საფლავთან იჯდა და უყვებოდა, ცისფერ თვალება ხატიაზე, სიცილის დროს, მზესავით რომ უნათდებოდა მთელი სახე და ლოყებზე ორმოები რომ უკეთდებოდა. ყვებოდა და თითქოს, მის წინ იდგა ხატია, ყველა სიხარულს თუ წყენას მამას ანდობდა. არც ხატია იყო გულგრილი გეგას მიმართ, რაც კიდევ უფრო ბედნიერს ხდიდა ობოლ ბიჭს. ნელ- ნელა ყველასთვის ცხადი გახდა, გეგას და ხატიას სიყვარული, იმასაც ამბობდნენ, რომ მზე და მთვარესავით უხდებიან ერთმანეთსო! სკოლის მოსწავლე იყო ხატია და მშობლები მოითხოვდნენ, მეტი ყურადღება სწავლისთვის დაეთმო. ფიზიკურ სილამაზესთან ერთად, საუკეთესო მოსწავლე და კარგად აღზრდილი გოგონა იყო, არც გეგა ჩამოუვარდებოდა მის თანატოლ ბიჭებს. ბევრი გოგო ეტრფოდა, ფარულად თუ ცხადად, მაგრამ მისი გული მხოლოდ ხატიას ეკუთნოდა, თითქოსდა ერთი შეხედვით, არაფერი იყო ხელის შემშლელი მათ სიყვარულში, გეგმებსაც კი აწყობდნენ სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლას სად გააგრძელებდნენ და სად იცხოვრებდნენ. ბევრი შვილი უნდა გვეყოლოსო თქმა იცოდა გეგამ, გული წყდებოდა ხოლმე, დედმამიშვილი რომ არ ჰყავდა და მარტო გაიზარდა, სულ სხვა ბავშვებში ეძებდა სითბოს და სიყვარულს. არც ხატია იყო წინააღმდეგი ისიც იგივეს ამბობდა, სამი შვილი უნდა მეყოლოს, ერთი გოგო და ორი ბიჭიო. უხაროდა გეგას, სახელებსაც კი ურჩევდნენ შვილებს და კამათიც კი მოსვლიათ სახელის შერჩევისას. მათი შეხვედრის ადგილი მეტწილად სკოლიდან წამოსასვლელი გზა იყო, ნელი ნაბიჯებით მოდიოდნენ სახლისკენ, დანარჩენ ბავშვებს ჩამოშორდებოდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ დღის ამბებს, მათ თვალებში ბედნიერება იყო დასახლებული, ყოველი შეხვედრა, თითქოს ბოლო იყო, ისეთი გრძნობით უმზერდნენ ერთმანეთს, თითქოს იყო რაღაც, რომელიც ცდილობდა, მათ დაშორებას. შინაგანად ამას ორივე გრძნობდა, არ ეთმობოდათ ერთმანეთი. სევდიანი თვალებით სცილდებოდნენ გზის გასაყარზე ერთმანეთს, იმ იმედით, რომ ხვალ ისევ, ერთად წავიდოდნენ სკოლაში. გავიდა დრო სიყვარულში, გეგიმ სკოლა დაამთავრა და რაიონში დარჩა, რადგან, ხატიაც ერთ წელიწადში დაასრულებდა სკოლას და ერთად წავიდოდნენ ქალაქში სასწავლებლად. ...ზაფხულის ცხელი ღამე იყო, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მამაკაცები ეზოში ისხდნენ და დრო გაყავდათ, დღის ამბავს ყვებოდნენ, აღშფოთებას გამოთქვამდნენ მომხდარ ამბავზე, რომელიც მთელმა რაიონმა გაიგო, - შეძლებული ოჯახის შვილი მეზობლის სახლში შეიპარა და ფული მოიპარა! არ დააყოვნა ერთმა და გეგა ახსენა:

- აგერ სულ უპატრონოდ გაიზარდა გეგა და მისგან ზედმეტი არაფერი გაგვიგია კაცო, მარტოხელა დედამ გაზარდა და კარგ ვაჟკაცად ჩამოყალიბდა, ამას კიდევ, თან ყვება მთელი ოჯახი და კაცად მაინც ვერ აღზარდეს.

- კი დაადგა თვალი ჩვენს ხატიას, კარგი რომ არის, მზესავით გოგო შეუყვარდა და არც ხატიაა გულგრილი, როგორც ვიცით მის მიმართ - ჩაერთო საუბარში მეორე, სიმსუქნისგან ძლივს რომ სუნთქავდა და ცალყბად გახედა ხატიას მამას.


- მაგის აღზრდა და გაზრდა რას მიქვია, "ნაბიჭვარი" ვერ იქნება ჩემი სიძე, სკოლა დაასრულოს ხატიამ და მოვაცილებ აქაურობას. მრისხანედ დაიყვირა ხატიას მამამ ისე, რომ ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, სიჩუმე ჩამოვარდა მყისიერად, თითქოს დედამიწა გაჩერდა, არავის არ მოეწონა მისი სიტყვები, მაგრამ შეპასუხებაც ვერ გაბედეს. რამდენიმე დღეში გეგას ყურამდე მივიდა ეს ამავი, დედის შეურაცხყოფა ვერ აიტანა, განრისხდა, გაავებულ ნადირს დაემსგავსა, მაშინვე გაიქცა ხატიას მამასთან სახლში, მარტოხელა მგელივით ყვიროდა მის სახელს და გარეთ გამოსვლას მოითხოვდა, სახლში ყველა სმენად იქცა, არავინ ელოდა გეგას ასეთ საქციელს, ხატიაც გაოგნებული იყო, რა ხდებოდა არ იცოდა, მამამ სახლში გაჩერება უბრძანა. გარეთ ფეხი არ გამოდგაო, უთხრა, კართან შედგა ხატია და ვერ გაბედა მამის წინ წასვლა, ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. როგორც სჩვეოდა, ქედმაღლურად გახედა გეგას და აქ რა დაგკარგვიაო, დაუყვირა.

- შენ მე ნაბიჭვარი მიწოდე, შენი სიტყვები უნდა დაამტკიცო, თუ მე ნაბიჭვარი ვარ, დღესვე ვანებებ თავს ხატიას, დედაჩემს კი ჩემი ხელით მოვკლავ. შენ კი შენს სიტყვებზე უნდა აგო პასუხი - ყვიროდა გეგა. - ფერი ეცვალა სახეზე ხატიას მამას, არ ელოდა გეგადან ასეთ კითხვას, დაიბნა, თითქოს ენა გადაყლაპა, ხმას ვერ იღებდა, ოდანვ წაბარბაცდა კიდეც, გეგამ ისევ გაუმეორა კითხვა და ისევ პასუხგაუცემელი დატოვა ხატიას მამამ. თავი ვეღარ შეიკავა გეგამ და ყელში სწვდა, რომ არა მეზობლის კაცი, მხეცად ქცეულ გეგას შემაოკვდებოდა ხატიას მამა. როგორც იქნა, დააშორეს ერთმანეთს. იმ საღამოს ხატიას მამამ კატეგორიულად მოთხოვა, რომ დაევიწყებინა გეგა, თორემ მის საქციელზე პასუხს არ აგებდა, ისიც დაამატა, ჩემი ხელით მოგკლავ, როგორც კი მას შეხვდებიო! მთელი ღამე ტირილში გაათია ხატიამ, რამდენიმე დღე სკოლაშიც არ გაუშვეს, სატანჯველად ექცა გეგას დღეები ხატიას გარეშე, ცხოვრება უფერული გახდა, თითქოსდა ყველაფერი მოკვდა! ერთ ღამეს, როცა ყველას ეძინა, სახლიდან გაიპარა ხატია და გეგასთან მივიდა. ფანჯარასთან დადგა და ჩუმი ხმით ეძახდა, არ ეძინა გეგას, როგორც კი ხატიას ხმა გიგონა, მაშინვე ფანჯარასთან მიირბინა, სიხარულით აუცრემლდა თვალები, მის დანახვაზე და მაშინვე გარეთ გავიდა. ეხუტებოდნენ ერთმანეთს და მთელი სხეულით თრთოდნენ, ცრემლები თავისით მოსდიოდათ თვალებიდან, ხელის თითებს უკოცნიდა გეგა ხატიას, თვალებიც დაუკოცნა, გულში მაგრად ჩაიკრა და ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი, როგორ მომნატრებიხარო უთხრა:

- მონატრებაზე მეტი ტკივილი არ არსებობს ხატია, მთელი სული მეწვოდა უშენოდ, უფერული გახდა ყოველი დღეს, არაფრად მიღირს ის დღე, როცა შენს ზღვისფერ თვალებს ვერ ვხედავ.

- ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ერთად ყოფნის იცი რა არის გეგა? ხატიას ხმაში დამაჯერებლობასთან ერთად ტკივილიც იგრძნობოდა, თითქოს ხმა უკანკალებდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი ეს იყო, მათი ერთად ყოფნის.

- მაშინვე დაეკითხა გეგა, რა გეგმა ჰქონდა. როცა ხატიამ გაანდო მისი გადაწყვეტილება, გაოგნებული დარჩა, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა, მხოლოდ იმას ამბობდა რომ ეს არ შეიძლება, ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ ხატია მაინც თავისაც ამბობდა და დაარწმუნა კიდეც, მის გადაწყვეტილებაში. ახლა ასე მალულად უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს, როცა ყველას ღრმა ძილით ეძინა. არ უშინდებოდნენ არც სიცივეს და არც უკუნით სიბნელეს, მთავარი იყო რომ ერთმანეთი ენახათ, დამტკბარიყვნენ სიყვარულით და ბედნიერი წუთებით. გეგამ ფულის შეგროვება დაიწყო პასპორტის გასაკეთებლად, რომ გაპარულიყვნენ ქვეყნიდან ყველასგან შორს. სულ მალე საბუთებიც მოაწესრიგა, ახლა ისღა დარჩენილიყო, რომ ხატიას პასპორტიც გამზადებულიყო და ერთი წამითაც არ გაჩერდებოდნენ, ყველა წვრილმანი, გათვლილი ჰქონდათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ამ საღამოს სულ სხვანაირად უბრწყინავდა ხატიას თვალები, სულ სხვანაირად უმზერდა გეგას, წასვლისას რამდენჯერმე მობრუნდა უკან და ჩაეხუტა. ჩუმათ ყურში ჩასჩურჩულა

- შენთვის სიურპრიზი მაქვსო. ძალიან სთხოვა გეგამ ეთქვა, მაგრამ გაჯიუტდა ხატია.

- სიურპრიზი რატომ ქვია? ხვალ, ხვალ გეტყვი ყველაფერს.

- ხვალამდე რა მოითმენს ხატია, რა დამაძინებს და რა დააღამებს შენს ნახვამდე? მითხარი, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მეტყვი თუ ხვალ?

- არა, ხვალისთვის სჯობს გითხრა, ვიცი ძალიან გაგიხარდება და ჩვენს სიყვარულს კიდევ უფრო შეასხამს ფრთებს, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დააჭრის. მთელი ღამე ელოდა გეგა დათქმულ ადგილს ხატიას, მაგრამ ამაოდ, არ მოვიდა, ცისკარზე წავიდა სახლში, როცა უკვე მიხვდა რომ აზრი აქ ჰქონდა ლოდინს, მეორე ღამითაც გათენებამდე დაელოდა ამაოდ, შემდეგ ხატიას მეგობარს სთხოვა, სახლში ხატიასთვის დაერეკა და გაეგო, რა ხდებოდა. არც იქ უპასუხეს, ბოლთას სცემდა გეგა, რა გაეკეთებინა არ იცოდა, ისიც იფიქრა, რომ სახლში მივალ და გავარკვევ ყველაფერსო! ნაშუადღევი იყო, მეგობარი ესტუმრა გეგას, ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ კარგი ამბის გამო არ იყო მოსული, აცრემლებული თვალებით ძლივს გასარკევად ამოიბუტბუტა. - ხატია ცუდად არის, საავადმყოფოში წევს... მთელი სხეული უთრთოდა გეგას, არც კი დაელოდა გარკვევას რა მოხდა, მაშინვე საავადმყოფოში გაიქცა, შეუჩერებლად ირბინა იქ მისვლამდე, დაღლასაც ვერ გრძნობდა, თითქოს რაღაც ძალა ეხმარებოდა იქ მისვლაში, საავადმყოფოს კართან ხატიას მამა, კიბის საფეხურზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. უხმოდ ტიროდა, მის წინ შეჩერდა გეგა, აჩქარებული გულისცემა ჰქონდა, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ატირებული ხატიას მეგობრები გამოვიდნენ, გეგას დანახვაზე კიდევ უფრო დაიწყეს ტირილი.

- ჩვენი ხატია აღარ გვყავს, გაგვიფრინდა...

ნადირივით ღრიალებდა გეგა, ვერავინ შეძლო მისი შეკავება, რომ ხატიასთან არ შესულიყო, იდგა და ეფერებოდა ხატიას გაყინულ სხეულს, სახე ისევ უღიმოდა, თითქოს ეძინა და ლამაზ სიზმარს ხედავდა, ეფერებოდა თმებზე და ტიროდა გეგა, უკოცნოდა სახეს, სთხოვდა რომ თვალები გაეხილა, ამდგარიყო და წაყოლოდა. ხატიას გარდაცვალების მიზეზი ცხადი იყო - მინინგიტით გარდაიცვალა, სამყარო ტიროდა, რამდენიმე დღე უწყვეტად წვიმდა, მხოლოდ გამოსვენების დროს, გამოვიდა მზე და დაანათა მის სახეს ოქროსფერი სხივები, თითქოს და ეფერებოდა ისე. სიცოცხლე არაფრად უღირდა გეგას, სიკვდილს ნატრობდა! მალევე ომი დაიწყო და სამშობლოს დასაცავად წინა ხაზზე იბრძოდა, არ უშინდებოდა მტრის ტყვიას, მაგრამ მტერი ვერაფერს აკლებდა მას, იქიდან ჩამოსული მონასტერში წავიდა.ხატიას ყოველ დღე სანთეს უნთებდა, მეტწილად მარტო იყო ხოლმე დამჯდარი და ჩუმათ ბუტბუტებდა, თითქოს ვინმეს ესაუბრებოდა ისე, ყოველთვის იმის განცდა ჰქონდა, რომ ხატია ფეხმძიმედ იყო და ამის თქმა სურდა იმ საღამოს გეგასთვის!

ავტორი: სოფო იმერელი

0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0