x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ გვაქვს ფუფუნება მოლაპარაკებების რაუნდებს მრავალსერიან ფორმატში ვუყუროთ
პოლიტიკოსები საკუთარი მოთხოვნებით შექმნილ ჩიხში გაეხვივნენ და ახლა იქიდან წაგებულის სახელით არავის არ უნდა გამოსვლა და ეს ბუნებრივიცაა. უფრო მარტივად თუ ვიტყვით პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, ოღონდ ისე, რომ ელექტორატი არც დაკარგოს და პირიქით მეტიც გადაიბიროს შემდეგი არჩევნებისთვის. კვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანებებიდან არსებობენ ისეთებიც, ვისაც მთლად დესტრუქციული მეთოდებით არ სურს ბრძოლა და საგნობრივი კამათი ურჩევნიათ ოპონენტებთან. სამწუხაროდ დღევანდელი ვითარება მათი სცენარით არ ვითარდება, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც არის საკუთარ მოთხოვნებში გახვევა, საიდანაც უკან ვერავინ დაიხევს და იმისათვის, რომ ამომრჩევლებს პარლამენტში შესვლა აუხსნან, მათ თუნდაც ფორმალური გამარჯვება სჭირდებათ ამ მოლაპარაკებებში, მსგავსი საბაბის მიცემა კი მმართველმა გუნდმა უნდა შეძლოს.

ლაშა ბოდაველი  CICD   lasha bodaveli
ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი
არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ქვეყნის მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების დრო ნახევარი წლის მანძილზე საკუთარი სიმართლის მტკიცებაში დახარჯონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოსტ პანდემიური მდგომარეობა კრიზისის ეფექტურ მართვას მოითხოვს და ყველა ერთად სტაბილურ გარემოს უნდა ქმნიდეს ინვესტიციების შემოსასვლელად.


იმ შემთხვევაშიც თუ ქართული ოცნება საკუთარ პრინციპებს დათმობს, რიგგარეშე არჩევნების ორგანიზება ამ წლის ბოლომდე მაინც გასტანს (რომ აღარაფერი ვთქვათ ორგანიზებისას დახარჯულ მილიონებზე), უფრო ვრცელი პროცესია პლებისციტი და შემდეგ მასში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელახალი არჩევნები. გულწრფელად მაინტერესებს, რომელიმე მხარეს თუ შეუძლია თქვას, რომ ამდენი ხნით არეულობა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე რომელიმე პარტია?! როცა არსებობს პოლიტიკური მზაობა შესათანხმებელი გზების გამონახვა შეიძლება ისე, რომ ამომრჩევლის თვალში არც ერთმა მხარემ პრესტიჟი არ დაკარგოს. მაგალითისთვის რატომ არ შეიძლება კვალიფიციურმა პარტიებმა საარჩევნო და სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობა პარლამენტში გააგრძელონ, სანაცვლოდ კი დაიდოს მმართველი პარტიის პირობა რიგგარეშე არჩევნებზე თუ თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ ეყოლებათ გამარჯვებულები ქვეყნის 50%-ზე მეტ ერთეულში?! ცნობისთვის ამგვარი კომპრომისი ნებისმიერ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ნებისმიერი ხელისუფალისგან.

შეთანხმების ამ ფორმატით დაცული იქნება მთელი ამ “კრიზისის" 2 მთავარი ღირებულება:


არჩევნების ერთად შემუშავებული რეფორმა

ამომრჩეველთა უმეტესობის პოლიტიკური გემოვნება


ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხი შეგნებულად არ შემაქვს მოლაპარაკების საგანში, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული აზრი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის წონა არ უნდა უთანაბრდებოდეს მოლაპარაკებების სრულად ჩაშლას.


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0