x
ჰიდროცეფალია
imageრა არის ჰიდროცეფალია? ჰიდროცეფალია ანუ წყალმანკი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. ახალშობილს თავის ქალას სუბარქნოიდულ სივრცეში 20-25 მლ სითხე აქვს, ხოლო ზურგის ტვინის რბილი გარსის სივრცეში - 40-45 მლ. ჰიდროცეფალიის დროს ლიქვორის რაოდენობა 1-2 ლიტრამდე მატულობს, მძიმე შემთხვევაში კი, შეიძლება, 10 ლიტრის ოდენობასაც მიაღწიოს.

ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ლიქვორის მატება რამდენიმე მიზეზის გამო ხდება, რის გამოც განასხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:

1. ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია- ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა;

2. პრეზორბციული ჰიდროცეფალია- ლიქვორის შეწოვის პროგრესული დარღვევა;


ამათ გარდა განასხვავებენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს;

1. ღია წყალმანკი ხასიათდება ყველა პარკუჭის გაფართოებით, ლიქვორის მომატებით როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარქნოიდულ სივრცეში;

2. დახურული წყალმანკი ხასიათდებ ლიქვორის მდინარების მოშლით პარკუჭოვანი სისტემის შიგნით, რის გამოც ხდება ლიქვორული სისტემის ბლოკირება;

თავ-ზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობით ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გარეთა და შიდა წყალმანკს:

გარეთა ჰიდროცეფალიის დროს სითხე სუბარქნოიდულ სივრცეში გროვდება;

შიდა ჰიდროცეფალიის დროს სითხის დაგროვება ხდება პარკუჭებში.

ღია წყალმანკი შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიდა ლოკალიზაციის. დახურული წყალმანკი კი- მხოლოდ გარეთა ლოკალიზაციისა.

ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. ამასთან, ტვინის თეთრი ნივთიერება უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე რუხი.

მიმდინარეობის მიხედვით, განასხვავებენ ჰიდროცეფალიის მწვავე, ქრონიკულ, კომპენსირებულ, სუბკომპენსირებულ და დეკომპენსირებულ ფორმებს.

-კომპენსირებული წყალმანკის დროს მისი კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება და ბავშვი ნორმალურად ვითარდება;

-სუბკომპენსირებული წყალმანკის დროს ნაწილობრივი კომპენსაციის გამო კლინიკური ნიშნები იოლად და ზომიერადაა გამოხატული;

-დეკომპენსაციის შემთხვევა ხასიათდება მკვეთრად გამოხატული კლინიკური ნიშნებით და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

შეძენილი ჰიდროცეფალიის დროს ადილი არ აქვს თავის ქალას მოცულობის ზრდას ან დეფორმაციას. ამასთან, რაც უფრო ნაკლებადაა შეცვლილი თავის ქალას ფორმა და მოცულობა, მით უფრო ძლიერია როგორც ჰიპერტენციის ხარისხი, ისე მისი კლინიკური სიმპტომის ინტენსივობა - თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა. წყალმანკის ამ ფორმას არ ახასიათებს ფსიქიკური განვითარების პრობლემები.

შეძენილი წყალმანკის ფორმები თანდაყოლილი წყალმანკის ფორმების მსგავსია და ამ შემთხვევაშიც განასხვავებენ წყალმანკის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შეძენილი წყალმანკის შემთხვევაში მწვავე პერიოდი ზოგჯერ უკუგანვითარებას განიცდის, ზოგჯერ კი ქრონიკულში გადადის და სტაბილურ ხასიათს ღებულობს; ასეთი შემთხვევები ხშირია ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ.

თანდაყოლილ ჰიდროცეფალიას ახასიათებს თავის ქალას ზომების ზრდა და ფორმის შეცვლა. როდესაც თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვი თავის ქალას ნორმალური ზომით იბადება, ხდება ქალას ნაკერების დაცილება და იზრდება ყიფლიბანდის ზომები, მატულობს ქალასშიდა წნევა და ნევროლოგიური სიმპტომები; იცვლება ბავშვის თავის ფრომა; განსაკუთრებით გამობურცული და გაფართოებულია შუბლისა და თხემის მიდამოები. თავის ქალას დიდ ზომებთან შედარებით კონტრასტულადაა გამოხატული ბავშვის პატარა სახე, რომელსაც სამკუთხედის ფორმა აქვს. სისხლძარღვოვანი ქსელი კარგადაა გამოხატული საფეთქლის, შუბლისა და ქუთუთოების მიდამოში. ნევროლოგიური სიმპტომატიკის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე. დახურული ჰიდროცეფალიისთვის დამახასიათებელია შეტევითი, ძლიერი თავის ტკივილი, პირღებინება, თავის იძულებითი მდებარეობა, ვეგეტატური მოშლილობები. წყალმანკის მქონე ბავშვები თავს მოგვიანებით იჭერენ, გვიან ჯდებიან, დგებიან და იწყებენ სიარულს. სიმძიმის გამო თავი ჩამოკიდებული აქვთ, ტანი კი მოხრილი.

ზომიერი და ძლიერი ჰიდროცეფალიის არსებობისას ბავშვებს აღენიშნებათ ფსიქიკური განვითარების შენელება ან შეფერხება, გვიანდება მეტყველების განვითარება, ზოგ შემთხვევაში კი ვითარდება სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა.

ჰიდროცეფალია, ხშირად, მუცლადოფნის პერიოდში ნაყოფის სხვადასხვა სახის დახიანების მიზეზით ვითარდება. ამ მიზეზებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა დედის ინფექციური დაავადებები.

რაც შეეხება დახმარების სტრატეგიებს, პირველ რიგში, აუცილებელია სამედიცინო დამხარება. შემდეგ, თუ ბავშვს პრობლემები აქვს განვითარებასა და სწავლაში, საჭიროა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დახმარება. აუცილებელია, ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სასწავლო პროგრამის შემუშავება, სასწავლო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას საჭიროა ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინება.

ჰიდროცეფალიის ხარისხისა და ფორმის მიხედვით, მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით. იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში დადებითი დინამიკისთვის საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა და ექიმის პერიოდული კონტროლი. მძიმე ჰიდროცეფალიის შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციული ჩარევა და შუნტირება.

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0