x
სიზმარი: გონების თეატრი

imageჩვენი ცხოვრების ყოველი ჩვეულებრივი ღამის განმავლობაში სიზმრების რთულ სამყაროში ვხვდებით. თუ სიზმრები ერთ დროს მხოლოდ წინასწარმეტყველების, ფიზიკოსებისა და ფსიქოანალიტიკოსსების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, დღესდღეობით მეცნიერული კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სიზმრის კვლევათა უმრავლესობა ძილის ლაბორატორიაში დაიწყო, სადაც ექსპერიმენტატორებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ და ჩაეწერათ მძინარე ადამიანის REM და NREM ძილის პერიოდები. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდები უფრო მეტ სიზმრებს ყვებოდნენ, თუ REM პერიოდში აღვიძებდნენ მათ, გაღვიძებულთა 80%-ში NREM ძილის დროსაც აქვს ადგილი სიზმრებს. ამას მოწმობს ამ პერიოდში გაღვიძებულთა 54%. NREM მდგომარეობასთან დაკავშირებული სიზმრები ნაკლებად ხასიათდება ემოციური ჩართულობის მქონე შინაარსებით. მათში ჭარბობს სენსორული ხატებით ნაკლებად დატვირთული დღის აზრები. თუმცა, NREM ძილის სიზმრების რაოდენობა იზრდება ძილის დარღვევების შემთხვევაში და ჯანმრთელ მძინარე ადამიანთან გვიანი დილის საათებში.

იმის გამო, რომ სიზმარი ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანების ფსიქიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ყველა კულტურა მივიდა ერთ კითხვამდე: აქვს თუ არა სიზმრებს რაიმე მნიშვნელოვნება? უმრავლეს შემთხვევაში პასუხია "დიახ, აქვს". ამიტომაც კულტურათა უმრავლესობაში არსებობს რწმენა, რომ ასე თუ ისე სიზმრებს მნიშვნელოვანი პიროვნული და კულტურული მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე დასავლურ კულტურაში ყველაზე ცნობილი თეორია სიზმრების შესახებ ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. ფროიდი სიზმრებს " წარმავალ ფსიქოზსა" და "ყოველღამეულ სიგიჟეს" უწოდებდა. ასევე, ის სიზმრებს "არაცნობიერისკენ მიმავალ სამეფო გზად" მიიჩნევდა. სიზმრების ანალიზი ფსიქოანალიზის ქვაკუთხედად არის წარმოდგენილი მის კლასიკურ ნაშრომში "სიზმრების ინტერპრეტაცია". ფროიდის მიხედვით, სიზმრის შინაარსი ძლიერი, არაცნობიერი, განდევნილი სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა. ეს სურვილები სიზმარში შენიღბული, დაფარული სახით გვეძლევა, რადგან მათ უკან ისეთი აკრძალული სურვილები იმალება, როგორიცაა საპირისპირო სქესის მშობლისადმი სექსუალური ლტოლვა. სიზმარში ორი დინამიკური ძალა მოქმედებს. ესენია სურვილი და ცენზურა, ანუ დაცვა სურვილისგან. ცენზურა ახორციელებს დაფარული მნიშვნელობის ანუ ლატენტური შინაარსის გარდასახვას სიზმრის მანიფესტირებულ შინაარსად. ეს უკანასკნელი კი დამახინჯების პროცესის შედეგად იმ სახის სიზმრად ყალიბდება, რომელსაც ხედავს მძინარე ადამიანი. შინაარსის დამახინჯების ამ პროცესს ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებს. ხილული შინაარსი რეალური ისტორიის მისაღები ვერსიაა, ფარული შინაარსი კი სოციალურად ან პიროვნულად მიუღებელი ვარიანტია, თუმცა უფრო რეალისტურია ყოველგვარი დამახინჯების გარეშე.

ფროიდის მიხედვით, სიზმრის ინტერპრეტაცია უკუმიმართულებით მუშაობას მოითხოვს ხილული შინაარსიდან ფარული შინაარსისკენ. ფსიქოანალიტიკოსისთვის, რომელიც სიზმრების ანალიზს პაციენტის პრობლემების გარკვევისა და მათი მკურნალობისთვის იყენებს, სიზმრები ნათელს ხდის პაციენტის არაცნობიერ სურვილებს, ამ სურვილებთან შეჭიდულ შიშებსა და იმ დაცვითი მექანიზმების თავისებურებებს, რომელთაც იყენებს პაციენტი სურვილებსა და შიშებს შორის წარმოქმნილ ფსიქიკურ კონფლიქტთან გასამკლავებლად. ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმარში წარმოქმნილი სიმბოლოები და მეტაფორები ორგვარ- იდიოსინკრეზულ- ცალკეული ინდივიდებისთვის სპეციფიკურ და უნივერსალურ, მრავალი მათგანი კი სექსუალური ხასიათის მქონე მნიშვნელობას ატარებს. სიზმრების ინტერპრეტაციის ფროიდისეული თეორია სიზმრის სიმბოლიკას ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგად თეორიას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ვერ მოიპოვეს სიზმრის ფარული და ხილული შინაარსის შესახებ ამ თეორიის დამადასტურებელი ემპირიული მონაცემები, სიზმრების ფსიქოლოგიური მნიშვნელოვნების ხაზგასმამ მიმართულება მისცა სიზმრის შინაარსის თანამედროვე კვლევებს.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0