x
image
თუთიკო ბერძენა
ფოტოგრაფ ირაკლი მიქაძის იშვიათი იუმორის შესახებ საპარლამენტო ცხოვრების კვალდაკვალ
image

ირაკლი მიქაძე, პარლამენტის პრესცენტრის თანამშრომელი, რომელსაც წონის და სიმაღლის პირდაპირპროპორციული იუმორი აქვს. იგისაქართველოს პარლამენტის დაარსებიდან ოპერატორ-ფოტოგრაფად მუშაობს და ერთი დიდი მემატიანეა


***
2006 წელს პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ახლავს ირაკლი ოპერატორად ავსტრიაში. სასტუმროს ნომრის აბაზანაში სარკესთან განლაგებულ ბოთლებზე გერმანული წარწერა ვერ ამოიკითხა. ვინ იცის, რომელი შამპუნად მოიხმარა, რომელი კონდიციონერად გამოიყენა და რატომღაც ჩათვალა, რომ მესამე თმის ჟელეა და გამშრალ, დავარცხნილ თავზე გადაისვა. თავმჯდომარე ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ღია ცის ქვეშ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. ირაკლიც დგას თავისი მრავალჭირნახული ვიდეო კამერით. უცებ დასცხო წვიმამ. ირაკლის თავზე საპნის ბუშტები იბერებიან.... იბერებიან, მიფრინავენ და ტკაცატკუცით სკდებიან! ქაფშია ერთიანად! წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდებიან თვითმხილველი უცხოელი ჟურნალისტები

***
2000 წელია. დეპუტატმა, რეზო მიშველაძემ იერუსალიმში ირაკლის სთხოვა, გოდების კედელს თავს როგორ ვახლი, ჩემი ფოტოაპარატით გადამიღეო. ირაკლიც დათანხმდა და დაიწყო ფოტოსესია: "კადრი არ ვარგა, კიდევ ერთხელ, "- რამდენჯერმე შესძახა ირაკლიმ და მეათე დუბლზე, როგორც იქნა, გაჩერდა. დეპუტატმა ახლა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან მოინდომა ფოტოების გადაღება. მთელი დღე სდია ირაკლიმ. ბატონი რეზო მიხვდა, რომ ბიჭი ზედმეტად დაისაკუთრა და მოწყვიტა დანარჩენ დეპუტატებს. ადგა და ბოლო კადრის აღბეჭდვის ადგილას მდებარე რესტორანში მიიწვია. აივსო სუფრა და, შესაბამისად, ირაკლის მთელი დღის ნაშიმშილევი კუჭი....


საღამოს დელეგაცია სასტუმროს ფოიეში ზის. შემოვარდა ბატონი რეზო: "ცეცხლი ჭამა შენმა პირმა, ფოტოაპარატში ლენტა არ მდებია, სულ ტყუილად ვურტყი თავი კედელს!"

***

ერთობ რაციონალურიცაა ირაკლი: მის თანამშრომელს ბებია ჰყავს გარდაცვლილი. სამძიმარზე არიან გასასვლელი, არადა გასვლა–შემოსვლის საკითხი საკმაოდ მკაცრად დგას.

ირაკლი: "800 კაცის სათითაოდ გასვლას შენობიდან არ ჯობია, ერთი ბებია მოასვენოს და აქვე შემოვუაროთ?!"

***

ვენაში ვიზიტის დროს პარლამენტის თავმჯდომარეს ოპერაში შეჰყვა. იქიდან დაბრუნებული ამ ამბავს მთელი ტრაგიზმით მოჰყვა: "10 წუთიც ვერ გავძელი, გიჟივით გამოვვარდი. სასტუმროში წნევა რომ გავიზომე, 200 მქონდა....აბა, რა დამემართებოდა, ისე კიოდნენ და წიოდნენ?! თავის ქალა აფრინდა!" ვენის ოპერისა და ბალეტის თეატრზეა საუბარი.

***

ერთ-ერთი კორპორატიული საღამოს შემდეგ სახლებში დაარიგა ირაკლიმ თანამშრომლები. ერთ-ერთი სახლთან რომ მიიიყვანა, ავტომანქანის კარის გაღებისთანავე სატვირთო მატარებელმა ჩაიხრიგინა... მეორე დღეს მთელ სამსახურს უყვება: "ფჰეეე, ეს რა ვნახე, სად ცხოვრობს თურმე ბერძენაძე, შიგ ზალაში დოურბის მატარებელი"(ქუთაისური აქცენტით):

***

ერთხელ თანამშრომელმა გოგონამ საუბარს მოაყოლა:"ხომ იცი, ირაკლი, ალპინისტი ვარ!".... ირაკლი: "მე შენ ფანჯრიდან ამომძვრალი არ მინახიხარ და რა ვიცი!"

***
რიგაში დელეგაციას ახლავს. ლენინის დაცვის სამი წევრის უზარმაზარ ქანდაკებასთან (რომელიც ერთ საფლავზე დგას ქალაქის ცენტრში) ირაკლი დაეკარგათ. მოიძიეს. ხედავენ, საფლავს გარშემო უვლის და ყურადღებით აკვირდება სასამართლო ექსპერტივით: "დავიჯერო, ამ ერთ პატარა საფლავში ერთად ჩაატიეს ეს სამი ამხელა მუტრუკი?"

***

თანამშრომელი ჟურნალისტი ერთი ღონისძიებიდან მეორეზე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ირაკლის კარებში შეეჯახა, ეჩქარებოდა და ვერც კი მოუბოდიშა, გააგრძელა სირბილი. ირაკლი: ამხელა კაცი პროტეზი ვეგონე, გადამიარა და გაიქცა".

***

ერთ-ერთ სემინარზე, თანამშრომლებმა კაჭრეთში ევროკავშირის რაღაც პროექტით საქართველოში მყოფი ჰოლანდიელები გაიცნეს. ტრენინგების შემდეგ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ერთ-ერთმა უცხოელმა თვალი დააგდა თანამშრომელ გოგოს, მივიდა ირაკლისთან და ეუბნება, ცოლად მინდა მოვიყვანო, და თუ გამომყვება ჰოლანდიაშიო. ირაკლი სერიოზული სახით, მეგობრული იერით ეუბნება:"იმ ქალაქში, საიდანაც ეგ გოგოა, ასეთი ტრადიციაა - უნდა ჩახვიდე მამამისთან და სთხოვო. ის დაგხვდება გვარის ყველა ნათესავ მამაკაცთან ერთად. თითოეული შემოგკრავს მუშტს და თუ გაუძლებ, ქალიც შენია. მეც გამოგყვები, იიიფ, კარგი ღვინო აქვს მამამისს". თვალები მეტლახზე დასცვივდა უცხოელს. უკან-უკან სვლით შევიდა თავის ნომერში.

***

თანამშრომელს მამამთილი გარდაეცვალა და სამძიმარზე წავიდნენ. სახლთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერსად იპოვეს. ირაკლი ეუბნება გვერდით მჯდომს: "მიდი რა, დაურეკე და უთხარი, რომ მანქანას ვერ ვაჩერებთ და მამამთილი ფანჯრიდან გამოახედოს!"

ეს არის ადამიანი, რომელსაც მუდამ პოზიტივი შეაქვს თანამშრომელთა რუტინულ ყოველდღიურობაში.

image

0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0