x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დანიაში აპლიკაცია შექმნეს, რომელიც სექსზე თანხმობის მისაღებად დაგჭირდებათ
გასული წლის დეკემბრის შემდეგ დანიაში ახალი, უფრო გამკაცრებული სისხლის სამართლის კოდექსი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ცალსახა და ძალიან მყარი თანხმობის გარეშე ნებისმიერი სექსუალური აქტი გაუპატიურებად არის მიჩნეული, ხოლო იმისათვის, რათა გაუგებრობებს ბოლო მოეღოს, იქაურმა ვებ დეველოპერებმა სმარტფონებისთვის აპლიკაციაც კი შექმნეს, რომელიც თანხმობის ფაქტის დაფიქსირებას გაამარტივებს.


აღნიშნული აპლიკაციით თქვენ თანხმობა შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ თქვენთვის სასურველ ადამიანთან (რომელიც, რასაკვირველია ასევე ცალსახად უნდა იყოს თანახმა), სექსი გსურთ.


აპლიკაციას iConsent ეწოდება და მას დანიის სამეფოში ყველა როდი შეხვდა ერთნაირი აღტაცებით. ბევრისთვის აღნიშნული აპლიკაცია მისი პირადი სივრცის დარღვევად და საკუთარი პირადი მონაცემების პოტენციურად სხვათა მავნე ზემოქმედებისგან დაუცველ გარემოში გადატანასთან არის დაკავშირებული. ასევე ბევრ დანიელს არ სურს, რომ აპლიკაცია მისი სექსუალური თავგადასავლების და პარტნიორების შესახებ ინფორმაციას აგროვებდეს.


აპლიკაცია შემდეგნაირად მოქმედებს: სპეციალურ ველში შეგაქვთ იმ ადამიან(ებ)ის ტელეფონის ნომრები, რომლებთანაც სექსი გსურთ. ამის შემდეგ აპლიკაცია შესაბამის შეტყობინებას უგზავნის თქვენს მიერ მონიშნულ პიროვნებას ან პიროვნებებს და ელოდება დადასტურებას ან უარყოფას.



აღნიშნული თანხმობა (თუ ის გაიცა) ერთჯერადია და მხოლოდ 24 საათის მანძილზე მოქმედებს. ამის შემდეგ პროცედურის ხელახლა გავლაა საჭირო. ელექტრონული თანხმობა ცალკე ინახება და აუცილებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ მისი სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარდგენა.


კანონის შემოქმედები განმარტავენ, რომ მათი მიზანი არ იყო, რომ ადამიანებმა (მათ შორის მეუღლეებმა) ყოველი სექსუალური აქტის დაწყებამდე ერთმანეთთან ხელშეკრულება გააფორმონ, სურთ თუ არა სექსი. მათი მიზანი, მათივე განცხადებით იყო, რომ ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა ესწავლათ.


ახალი კანონის მიხედვით სექსზე თანხმობა სიტყვიერად უნდა იქნას გამოხატული. სხეულზე შეხება და გახდაც თანხმობად არის აღქმული. თუმცა თანხმობად აღარ აღიქმება პასიური ქცევა და წინააღმდეგობის გაწევაზე უარის თქმა.


კანონს აშკარად აქვს ცალსახად პროგრესული ხასიათი. მართლაც, სიჩუმე და პასიური ქცევა არ უნდა იქნას მიჩნეული თანხმობად, რადგან მსხვერპლს შეიძლება უბრალოდ, ძალადობის შეეშინდეს და არაფერი მოიმოქმედოს. მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”: როგორ უნდა დამტკიცდეს ეს ყველაფერი? რანაირად უნდა დაამტკიცოს ვინმემ, განუცხადა თუ არა პარტნიორმა თანხმობა ან უარი სექსზე აქტის დაწყების წინ?


ეს არის სწორედ ის, რაზეც აპლიკაციის შემქმნელებმა იფიქრეს.


ექსპერტები აპლიკაციას “უაზროს” და “საშინლად ცუდ იდეას” უწოდებენ, ხოლო ზოგიერთი “სკანდალურ გაუგებრობაზეც” საუბრობს. გაზეთმა “ბერლინგსკემ” დაწერა, რომ აპლიკაცია “სექსს ისევე არამიმზიდველად აქცევს, როგორც კონფერენციას კორონავირუსის შესახებ”.


მართლაც, სექსი აპლიკაციით სერიალ “შავი სარკის” ერთ-ერთ ეპიზოდს ჰგავს. ჩანს, თანდათან დგება ის დრო, როცა ეს შესანიშნავი სერიალი უფრო სერიოზულად უნდა აღვიქვათ.


სექსი

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0