x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დასწავლის უნარის დარღვევა -ქვეტიპები

image
დასწავლის უნარის დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს კითხვაში, წერაში და/ან
მათემატიკაში. ზოგჯერ ვლინდება მხოლოდ ერთ რომელიმე აკადემიურ უნარში,
ზოგჯერ კი - ერთზე მეტში. მაგალითად, მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს
ერთდროულად წერა-კითხვის და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეები.
დასწავლის უნარის დარღვევა გამოხატული კითხვის პრობლემებით
(დისლექსია)
დისლექსია დასწავლის უნარის დარღვევის ყველაზე გავრცელებულ ფორმას
წარმოადგენს.
სიტყვის ამოკითხვის და/ ან კითხვის ტემპის სირთულე. ამ შემთხვევაში, მოსწავლე
კითხულობს არაზუსტად, კითხვის ტემპი არის ნელი და კითხვის დროს ეხარჯება
დიდი ენერგია. მაგალითად, ხმამაღლა კითხულობს ცალკეულ სიტყვებს არაზუსტად
და/ ან ნელა და გაუბედავად. ხშირად კითხულობს მიხვედრით.
წაკითხულის გაგება - სირთულე ვლინდება წაკითხულის გააზრებაში. მაგალითად,
შეიძლება ტექსტი წაიკითხოს სწორად, მაგრამ ვერ გამოიტანოს აზრი წაკითხულიდან.
დასწავლის უნარის დარღვევა გამოხატული წერის პრობლემებით
(დისგრაფია)
ასეთ დროს, სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და
პუნქტუაციაში, წერის საშუალებით აზრის ჩამოყალიბებასა და წერის ორგანიზებაში.
მართლწერაში გამოხატული სირთულის დროს მოსწავლე ამატებს, ტოვებს,
ანაცვლებს ხმოვნებს ან თანხმოვნებს.
წერითი ფორმით აზრის ნათლად ჩამოყალიბების სირთულის დროს მოსწავლე
უშვებს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, აქვს აბზაცების ორგანიზების
სირთულე, ნაწერში ნათლად არ იკვეთება გამოხატული აზრი.
დასწავლის უნარის დარღვევა გამოხატული პრობლემებით მათემატიკაში
(დისკალკულია)
სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების წვდომაში, მათემატიკური
ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და სიმბოლურ აზროვნებაში.
რიცხვებისა და რიცხვებთან დაკავშირებული ფაქტების ათვისებაში ან ანგარიშში
გამოვლენილი სირთულის დროს - მოსწავლეს აქვს რიცხვების და მათი
ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ითვლის თითების გამოყენებით მაშინ, როდესაც მოეთხოვება რიცხვებით მანიპულირება გონებაში.
არითმეტიკული ოპერაციების შესრულების დროს იბნევა და შეიძლება აურიოს
მათემატიკური ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობა.
მათემატიკური აზროვნების სირთულეების დროს - პრობლემები ვლინდება
მათემატიკური ცნებების, ფაქტების ან ოპერაციების გამოყენებაში.
დასწავლის უნარის დარღვევის დროს დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების
არათანაბარი განვითარება და მასში გაერთიანებული დარღვევები იმდენად
მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ორი ერთნაირი დასწავლის უნარის დარღვევის
მქონე ბავშვის პოვნა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სწორედ იქნეს შეფასებული
ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები და, ამის გათვალისწინებით, შეირჩეს
ბავშვისთვის შესაბამისი სწავლების სტილი.

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0