x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ემოციის ფსიქოლოგია
არისტოტელე აღნიშნავდა, რომ ემოცია სამყაროს შემეცნების განსაკუთრებული ხერხია. ემოცია ის ფსიქიკური პროცესია, რომელიც გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას როგორც გარემოსადმი, ისე მისი შინაგანი მდგომარეობის მიმართაც. 1972 წელს ფსიქოლოგმა პოლ ეკმენმა ემოციის კლასიფიკაციაში განსაზღვრა 6 ძირითადი, ყველა ინდივიდისა და კულტურისთვის დამახასიათებელი საერთო ემოცია. ესენია: შიში, ზიზღი, გაბრაზება, გაოცება, ბედნიერება და წუხილი. ჩვენ შეგვიძლია ძირითადი ემოციები სამშენებლო მასალებს შევადაროთ: მათი გაერთანებით კომპლექსური ემოცია იქმნება. მაგალითად, ისეთი ემოციების კომბინაციით, როგორებიცაა ნდობა და სიხარული, სიყვარული იქმნება.

ემოციები განსხვავდებიან:ინტენსივობით, აღმოცენების სისწრაფით, ხანგრძლივობით, ჩაქრობის სისწრაფითა და გამოვლენის სიხშირით. ემოციის ეს მახასიათებლები განსაზღვრავენ ინდივიდის ემოციურ პროფილს და, შესაბამისად, ინდივიდის ემოციური სფეროს დახასიათების საშუალებას იძლევიან.

ემოციას განასხვავებენ გრძნობისაგან. ემოცია ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ სიტუაციასთან, იგი სიტუაციურია. რაც შეეხება გრძნობას, ის საგნობრივია, მას ყოველთვის გააჩნია საგანი, ობიექტი, რომლის მიმართაც ინდივიდის დამოკიდებულება არის მყარი და ხანგრძლივი.

გამოყოფენ ემოციის სამ სახეს-აფექტს, ვნებას და გუნებას. ამ სტატიაში თითოეულ მათგანს განვიხილავთ:


1.აფექტი-ის უეცრად აღმოცენებული და სწრაფად წარმავალი, უკიდურესად ინტენსიური ემოციაა. მისი განცდისას ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ მოქმედებას და რეაგირებს მიზანშეუწონლად. აფექტის მდგომარეობის გავლის შემდეგ ადამიანს არ ახსოვს ამ მდგომარეობის შესახებ არაფერი. აფექტი მთლიანად მოიცავს ინდივიდის ცნობიერებას, აღარ ტოვებს ადგილს სხვა განცდებისთვის. მას ახლავს ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებები, მკვეთრი ფიზიოლოგიური ცვლილებები (სუნთქვის გახშირება და სხვა). აფექტის მაგალითებია: რისხვა, ძლიერი შიში, მოულოდნელი ძლიერი სიხარული და მწუხარება.

2.ვნება-ეს არის ინტენსიური და ხანგრძლივი ემოცია, რომელიც გამოხატავს ინდივიდის ინტენსიურ სწრაფვას გრძნობის საგნის მიმართ. ინდივიდის აქტივობა, ძირითადად, მიმართულია ვნების ობიექტის მიმართ, იგი იჩენს შეუპოვრობას, მიზანსწრაფულობას. თუ ვნების მიმართულება ეწინააღმდეგება დასახულ მიზნებს, ადამიანი ვერ ახერხებს შეგნებულად ამ მიზნების მისაღწევად იმოქმედოს. ამრიგად, ვნება წააგავს აფექტს განცდის სიძლიერის თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავდება ხანგრძლივობით–ვნება უფრო ხანგრძლივი, მტკიცე ემოციაა. ინდივიდზე გავლენის თვალსაზრისით, იგი ასევე ემსგავსება აფექტს. ვნება ზოგჯერ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ხოლმე.

3.გუნება-ინდივიდის ზოგადი, დაუნაწევრებელი ემოციური მდგომარეობაა. იგი ხასიათდება ხანგრძლივობით და სუსტი ინტენსივობით, ამით იგი აფექტის საწინააღმდეგო განცდაა. გუნება არის გამოკვეთილი, რაიმე ობიექტზე მიმართული განცდა. იგი მთელ ინდივიდზე, ყველა მის განცდაზე ვრცელდება. მაგალითად, თუ ადამიანი კარგ გუნებაზეა, მისთვის ყველაფერი სასიამოვნოა. პირიქით ხდება ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს.

ამგვარად, აფექტი ძლიერი და ხანმოკლეა, ვნება ძლიერი და ხანგრძლივი, გუნება კი-სუსტი და ხანგრძლივი.

image

0
227
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0