x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამა იასონ კაპანაძე- ამერიკაში მოღვაწე სასულიერო პირი

მამა იასონ კაპანაძე პირველი ქართველი სასულიერო პირი იყო ალასკის შტატში. იგი 1903-1907 წლებში ამერიკის საეკლესიო საზოგადოებას თავმჯდომარეობდა. თავდაპირველად ალასკას შტატის რუსულ ეპარქიაში აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა. ალასკადან პენსილვანიის შტატში გადავიდა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1902 წლიდან მამა იასონი კლივლენდის წმ. თეოდოსის ეკლესიის წინამძღოლი იყო. მოძღვარმა საგანმანათლებლო საქმიანობა წამოიწყო და დახმარება სამისიონერო ფონდს სთხოვა. ტაძრისთვის 30 000 დოლარად მიწები შეიძინა, სამსართულიანი სახლი ააშენა, სადაც სკოლა და მოსწავლეებისთვის საცხოვრებელი ოთახები მოაწყო. მის მრევლში თავდაპირველად 15 გაჭირვებულ ოჯახი იყო, შემდეგ ტაძართან ახლოს ორი ქუჩა გაშენდა და 80 ოჯახი დასახლდა. იასონ კაპანაძის დამსახურებით სკოლა “ბურსა” მთელ ამერიკაში გახდა ცნობილი. მოსწავლეები იქ სხვადასხვა შტატიდან ჩადიოდნენ. მამა იასონმა კლივლენდში ექვსი წელი იმსახურა. ამ წლებში მას სკუფია და ოქროს ჯვარი გადაეცა. მოძღვარი ოჯახთან ერთად საქართველოში 1908 წელს დაბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ოთხი წელი ფრონტზე გაატარა, სადაც დეკანოზის წოდება მიენიჭა. ომიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამერიკაში წასვლის სურვილი ეპარქიაში ისევ გამოთქვა. 1922 წელს იასონ კაპანაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ, გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი უცხოეთში წაიღო, რასაც მთელი საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა. დეკანოზ კაპანაძეს (დაუსწრებლად) 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მთელი ქონების ჩამორთმევა. მამა იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი ოჰაიოში, ქალაქ კლივლენდის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. იქვე მიენიჭა პროტოპრესვიტერის წოდება. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი იგი კვლავ დარჩა ტაძრის საპატიო წინამძღვრად. იასონ კაპანაძე 1962 წელს მეუღლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. დაკრძალულია კლივლენდის წმ. თეოდოსის სასაფლაოზე. მისი შვილთაშვილი, დეკანოზი იასონ კაპანაძე, 1999 წლიდან ნიუ–იორკის შტატში, ქ. ელმირა–ჰეითსიში ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღოლია.

სტატია მომზადებულია ვიკიპედიიდანმამაო

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0