x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
რატომ გამოიგონა ბუნებამ სექსი?
თავდაპირველად ბუნებაში სექსი არ არსებობდა. ერთუჯრედიანი ორგანიზმები მხოლოდ დაყოფით მრავლდებოდნენ; უჯრედული დაყოფა ცოცხალი სამყაროს რეპროდუქციული უნარის ერთადერთი გამომჟღავნება გახლდათ. მაგრამ შემდეგ გაჩნდა სექსი. რანაირად? რატომ? საერთოდ რა მიზანი ჰქონდა სექსის წარმოშობას?


ევოლუციური ბიოლოგიის დარგის პროფესორი დიტჰარდ ტაუცი, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში (გერმანია) მოღვაწეობს, ვარაუდს გამოთქვამს, რომ ის, რასაც ადამიანი სექსის დროს გრძნობს და განიცდის, პრივილეგიაა. მაგრამ ძალიან საეჭვოა, ბუნებას სექსი მხოლოდ იმის გამო შეექმნა, რომ ჩვენ მისით ვისიამოვნოთ.


მაშ რა მოხდა? რატომ გამოიგონა ბუნებამ სექსი?


შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვქონდა “მოქმედების ნაკლებობასთან”. ანუ რაღაც ეტაპზე ევოლუცია ჩიხში შევიდა. უჯრედული დაყოფის მეშვეობით გამრავლებას არავითარი პროგრესი და მრავალფეროვნება აღარ მოჰქონდა: ერთი უჯრედი უბრალოდ აწარმოებდა საკუთარი თავის ასლს, რომელიც შემდგომში ასევე საკუთარი თავის ასლს აწარმოებდა და ასე უსასრულოდ. რეალურად არაფერი საინტერესო ამაში არ იყო. ერთადერთი, რაც დაინტრიგების საგანს წარმოადგენდა, ეს იყო მუტაციები უჯრედულ დონეზე. ბუნება "მიხვდა", რომ რაღაც ეტაპზე ამ მუტაციათა რაოდენობა საგანგაშოდ მოიმატებდა და სიცოცხლეც მთლიანად დასრულდებოდა. კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის, მიხეილ ლესიგის აზრით, უჯრედული დაყოფის გზით გამრავლება სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთ გზად რომ დარჩენილიყო, რამდენიმე მილიონ წელიწადში ყველაფერი გაჩერდებოდა და სიკვდილი დაისადგურებდა. ამიტომ ორგანულ სიცოცხლეს სჭირდებოდა ახალი მექანიზმი, რომლის შეშვეობით ინოვაცია შევიდოდა უჯრედთა გენურ სტრუქტურაში და ეს მექანიზმი ყველაზე უკეთ შეიძლება ყოფილიყო უცხო უჯრედის დნმ-ი.



Covid-19-მა ნათლად გვიჩვენა, რომ სიცოცხლე - ეს არის სახეობათა შორის მუდმივი ბრძოლა. ისეთი პრიმიტიული ორგანიზმები, როგორებიც ვირუსები არიან, სიცოცხლის ძალიან ხანმოკლე პერიოდით გამოირჩევიან, რის გამოც ძალიან სწრაფად ახდენენ იმ ახალ ცოცხალ ორგანიზმებთან შეგუებას, სადაც ისინი მრავლდებიან. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყველა ადამიანს ერთნაირი გენები რომ გაგვაჩნდეს და ყველა ერთნაირად იოლი საკბილო ვიყოთ კორონავირუსისთვის. ეს ჩვენი სახეობის ძალიან სწრაფ გადაშენებას გამოიწვევდა. სექსი ამას ეწინააღმდეგება. ის მრავალი სხვადასხვა ინდივიდის გენური მასალისგან ქმნის უთვალავ ვარიაციებს, რაც სიცოცხლის მაღალორგანიზებულ ფორმებს გადარჩენაში ეხმარება. მისი არსებობის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს არის: მუდმივი წინააღმდეგობის უნარი პრიმიტიული ორგანიზმების მიმართ და რთული ორგანიზმების გადარჩენა.


სექსი



0
66
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0