x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
იმედი მაქვს, არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე - აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის
image


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის გამოსავალი არც მოქმედ და არც წინა ხელისუფლებაშია. მარგველაშვილმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი ამბობს, რომ პატარა, პოლიტიკური პარტიები საქართველოს მომავალია და სწორედ ამიტომ მათ უნდა დაუჭირონ მხარი ამომრჩევლებმა.



„იმედი მაქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს, “ - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


მისი თქმით, ძალაუფლება რყვნის ადამიანს და ქართულმა საზოგადოებამ მიიღო გაკვეთილი, რომ არავის არ უნდა ჩააბაროს ქვეყნის დროშები და გასაღები და ერთპიროვნული მართვის უფლება მისცეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის ხელში ჭარბი ძალაუფლების მოხვედრა საშიშია.


„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, მგონი, ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკოსი იქნება, რა კარგი ადამიანი იქნება ის არჩევნებამდე, თუ შენ ამ ადამიანს მისცემ ჭარბ ძალაუფლებას, ყველა ადამიანი არის სახიფათო და საშიში იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.


გაიხსენეთ ის პერსონაჟები პოლიტიკური წარსულიდან, გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თითის ქნევით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, ესენი არ იყვნენ ასეთი საშიშები და გამბედავები მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.


გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ძალიან უხეში და უზრდელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელსაც ეს პერსონაჟები ავლენენ, მუდმივად ბილწსიტყვაობის ზღვარზეა მათი პოლიტიკური განცხადებები, ცოტა კრიმინალური ლექსიკა და ცოტა ბილწისტყვაობა, ისინიც ხომ ასეთები არ არიან, ისინიც ხომ მორჩილი და ბუნჩულა ტიპები არიან რეალობაში, მაგრამ როცა აბსოლუტურ ძალაუფლებას მიანიჭებ, ისინი ხდებიან ასეთები.


ეს გაკვეთილი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებს ვინმეს გადასცეს საქართველოს დროშები და გასაღებები და უთხრას, რომ თქვენ გვმართეთო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


„ვხედავ გამოსავალს არა ამ ხელისუფლებაში, არა წინა ხელისუფლებაში, არამედ ახალი ძალების მოსვლაში. მოგიწოდებთ იმათ ვისაც ჩემი გჯერათ, მიდით არჩევნებზე და პატარა, ახალ პარტიებს მიეცით ხმა. არცერთ კონკრეტულ პარტიას მხარს არ დავუჭერ. მე დავუჭერ მხარს ამ ორი პოლუსის გარეთ მიცემულ ხმებს. თქვენია საქართველოს მომავალი, არ ვაკნინებ, მაგრამ ისინი არიან საქართველოს წარსული. ეს პატარა პარტიებია საქართველოს მომავალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0