x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბანკის ძარცვა პოპულარულ ფილმებში
უკანასკნელი მოვლენების ფონზე, მგონი ლოგიკურია ამ თემატიკას შევეხო.

ძარცვა და მძევლების აყვანა, სახუმარო და მარტივად განსახილველი საქმე არაა, მაგრამ სწორედ მისი სირთულე და მრავალი მორალური დილემა ხდის ამ საკითხს მომხიბლველს კინორეჟისორებისათვის.

მოდით გავიხსენოთ ორი ძირითადი მიმართულება ამ ქვეჟანრში: პირველში მთავარი გმირი პოლიციელია, ხოლო მეორეში კი დამნაშავე. ორივე მიმართულებაში არის მრავალი ღირსეული კინო წარმომადგენელი და ბევრი უაზრო ფილმი. ასე რომ დღეს ამ ორ ძირითად მიმართულებას და მათ საუკეთესო წარმომადგენლებს განვიხილავ და ბოლოს შევეცდები მოკლედ შევაჯამო დანაშაულის ჟანრის აღნიშნული მიმართულების თემატიკური და მორალური მნიშვნელობა.

დავიწყოთ სამართალდამცველებით და მათი მხარით:


image1. შეტაკება (1995) - Heat


მაიკლ მანის ეს ფილმი აღიარებულია, როგორც ექშენ ჟანრის ერთ-ერთი უდავო ვარსკვლავი. ეს 3 საათიანი დანაშაულებრივი ეპიკა მანისთვის ჩვეული სიზუსტით ვარირებს დამნაშავეებსა და პოლიციელებს შორის და ორივე მხარის ადამიანობას და პორფესიონალიზმს გვიჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ორი მთავარი გმირია (ერთი დამნაშავე და მეორე პოლიციელი), მაყურებლის სიმპატიები ძირითადად მაინც ალ პაჩინოს პერსონაჟისკენ გადაიხრება ხოლმე.


image2. ტალღის ქიმზე (1991) - Point Break

კიანუ რივზის ერთ-ერთი პირველი სერიოზული როლი აუცილებლად ხსენების ღირსია, რადგანაც, რომ არა მსახიობის ბუნებრივი ქარიზმატულობა, ჩვენი ყურადღება სრულად პატრიკ სუეიზის თვალისმომჭრელ დამნაშავეზე იქნებოდა მიჯაჭვული. ტალღის ქიმზე ცოტა დროს უთმობს თვითონ ძარცვის სცენებს, მაგრამ ესაა მარტივი და ამასთანავე ძალიან ჭკვიანური ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს მეგობრობა, და რა ფასი აქვს მას სამართლიანობის და წესიერების ფონზე.


image3. კერკეტი კაკალი (1988) - Die Hard

ამ ფილმს ბევრი ახსნა არ ჭირდება. საკმარისი ვთქვა, რომ შვებულების ნაცვლად ჯონ მაკლეინი ცუდ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდება და წარმატებით განახორციელებს იმას, რასაც ხშირად სპეცდანიშნულების მთელი რაზმი ჭირდება.


როდესაც გადავდივართ დამნაშავეთა მხარეს, ვხედავთ, რომ აქ უამრავი ღირსეული ფილმია და სწორედ ეს ფაქტი მიჩენს შეკითხვას, თუ რატომაა დამნაშავის მხარის მოყოლა უფრო მომხიბლველი და ფინანსურად მომგებიანი?!


image1. შეგზავნილი (2006) - Inside Man

თუკი არსებობს ფილმი ძარცვაზე, სადაც ნებისმიერს შეუძლია მხარი დაუჭიროს დამნაშავეს, სწორედ ეს ფილმია. მსახიობთა კრებული, რეჟისურა და მუსიკა, ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს იმ უნიკალურ ამბავს, რომლის განხილვასაც ეთმობა ეს ფილმი. არ მინდა სპოილერების გამოტანა, მათთვის, ვისაც ის არ უნახავს.

image2. ოუშენის 11 მეგობარი (2001) - Ocean`s Eleven

ეს კინოშედევრი ყველას ნანახი აქვს და ამიტომაც არ ვაპირებ მისი ახსნა დავიწყო.


image3. ქალაქი (2010) - The Town

ბენ აფლეკის ერთ-ერთი პირველი კინო რეჟისურა ნამდვილად ყურადღების ღირსია. ფილმი სავსეა მძიმე გადაწყვეტილებებით და მორალური დილემებით. ყველა მსახიობი მოწოდების სიმაღლეზეა. სცენარი უღრმავდება დამნაშავეთა ფსიქიკას და საფუძვლიანად განიხილავს ფსიქოლოგიურ ტრავმას, რასაც დანაშაული იწვევს.


imageსიცოცხლის ფასად (2016) - Hell or High Water

ეს ფილმი ქრონოლოგიურად ყველაზე ახალია, ხოლო თემატიკურად უფრო სწორად გამოხატავს თანამედროვე შეხედულებებს, ორივე მხრიდან. ფილმის მთავარ გმირები დამნაშავეები არიან, მაგრამ მათი მოტივაცია, ფილმის ბოლოსთვის გასაგები და ნაწილობრივ მაინც გამართლებულია. ხოლო სამართალდამცველთა მხრიდან ჩვენს წინაშეა ორი პოლიციელი, რომელთა დუეტიც, მიუხედავად შინაგანი კონფლიქტისა, მაინც საკმაოდ დადებით შთაბეჭდილებას ქმნის სამართალდამცველებზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ ფილმს ვერც-ერთ კატეგორიაში ვერ ვსვამ, რადგანაც მე თვითონ ვერ გადამიწყვეტია, თუ ვინ იმსახურებს ჩემს სიმპატიას ამ თანამედროვე ვესტერნში.

და სწორედ ამ ფილმით მინდა დავასრულო ჩემი სტატია, რადგანაც ის საკმაოდ ზუსტად არწერს დღევანდელ რეალობას. ყველა ადამიანის მოტივაცია გაურკვეველია, და მიუხედავად ფილმების სუბიექტურობისა, რეალობა მაინც ერთია: არსებობს სწორი და არასწორი საქციელები, ზოგიერთის ჩადენა მარტივია, ზოგის კი პირიქით. კინემატოგრაფი უფრო მეტად მიმართულია ნებისმიერი ქმედების იდეალიზებისკენ, მაგრამ სწორედ ის ფილმებია ყველა კინოკრიტიკოსის სიის თავში, სადაც რეჟისორი აბალანსებს როგორც დამნაშავეთა, ისე სამართალდამცველთა მხარეს და ნეიტრალურ რეალობას გვიჩვენებს.

0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:ბაქარი მინდაძე
ბაქარი მინდაძე
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0