x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ ვერ დაიპყრეს მონღოლებმა იაპონია

image

მონღოლები ორჯერ შეიჭრნენ იაპონიაში. ეს მოხდა 1274 და 1281 წლებში. კორეიდან და ჩინეთიდან ორი უზარმაზარი ფლოტი გაიგზავნა იაპონიის ტერიტორიის დასაპყრობად. მეომარი-სამურაები თავგამოდებით იცავდნენ სამშობლოს. მაგრამ ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა "ღვთაებრივმა ქარებმა" - კამიკაძე. ამ ტაიფუნებმა იაპონიის სანაპიროს მახლობლად გადაატრიალეს და ჩაძირეს მტრის გემები. ამრიგად, იაპონია გადაურჩა მტრის შემოჭრას. ეს მოვლენები სამუდამოდ დარჩა იაპონიის ისტორიასა და კულტურაში, როგორც ღვთიური ჩარევა და გმირობა.


როდესაც მონღოლებმა ჩინეთის და კორეის ნახევარი დაიპყრეს, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ყუბილაი-ყაენმა გადაწყვიტა იაპონიის დაპყრობაც. შესაძლოა მას სჭირდებოდა რესურსები, განსაკუთრებით ოქრო, რომელიც იაპონიაშიც საკმაოდ ბევრი იყო. ან იქნებ ყუბილაი-ყაენს სურდა თავისი პრესტიჟის ამაღლება, ან სავაჭრო გზის აღმოფხვრა იაპონიასა და სამხრეთ სუნის დინასტიას შორის, რომელიც მას არ ემორჩილებოდა. მას სურდა დაემორჩილებინა კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი იაპონიის არმია, რათა შემდგომში იაპონელი მეომრები გამოეყენებინათ ახალ დაპყრობებში. ასევე ითვლება, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო შურისძიება იაპონელი მეკობრეების მიმართ, რომლებიც ძაცვავდნენ აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებს. ასეთი შეიძლება იყოს მონღოლთა იაპონიაში შეჭრის მიზეზები.


თავდაპირველად დიდმა ყაენმა იაპონიას გაუგზავნა მეგობრული წერილი, რომელშიც იაპონიის იმპერატორს მეგობრული ურთიერთობისკენ მოუწოდებდა. ამავე დროს, მან იაპონიას ხარკის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ყაენი იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.1274 წელს დაწერილი წერილი უგულებელყოფილი იქნა. იაპონელები მასზე არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნებისმიერი შეტევის მოგერიება შეეძლოთ.



იაპონიამ ჯარები მზადყოფნაში მოიყვანა კუნძულ კიუსიუზე. სავარაუდოდ, იაპონიამ არანაირად არ უპასუხა ყაენის წინადადებას იმის გამოც, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული ქვეყანა იყო და დიპლომატიის გამოცდილება არ ჰქონდა.


პირველი შეჭრა იაპონიაში დაიწყო 1274 წლის ნოემბერში. მაშინ ყუბილაი-ყაენმა შეკრიბა 900-მდე გემი, რომლებიც კორეიდან იაპონიის სანაპიროებისკენ გაემართნენ. გემებზე დაახლოებით 16 - 40 ათასი მეომარი იყო განთავსებული. ისინი მონღოლები, ჩინელები და კორეელები იყვნენ. მონღოლთა პირველი დარტყმა ცუსიმამ და იკიმ საკუთარ თავზე გამოსცადეს. მცველები სასტიკად იგერიებდნენ დამპყრობლების შეტევებს.


იაპონიის არმიას ცუსიმაში სო სუკეკუნი ხელმძღვანელობდა. მაგრამ მონღოლები უმრავლესობაში იყვნენ და მათ წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხეს. იკიზე დაცვას მეთაურობდა ტაირა კაგეტაკა. მისი მეომრებიც ღირსეულად იბრძოდნენ. მათ ბოლო ბრძოლა გამართეს ჰინოცუმეს ციხესთან. მატერიკიდან დახმარება მაინც ვერ მიიღეს. მონღოლებმა ეს ორივე კუნძული უმოწყალოდ გაძარცვეს.


მონღოლებმა შეძლეს ბრძოლების მოგება ხმელეთზე და ზღვაზე, ძირითადად, მათი რიცხობრივი უპირატესობისა და ახალი იარაღის წყალობით. მათი ორქიმიანი მშვილდი, დენთის იარაღი, კატაკულტები უფრო დინამიური იყო ბრძოლის სტრატეგიაში. მონღოლი ცხენოსნები უფრო დისციპლინირებულნი იყვნენ, ისინი მკაცრად ემორჩილებოდნენ გონგისა და ბარაბანის სიგნალებს.


image


მონღოლთა არმიაში ასევე იყო არბალეტი მოწამლული ისრებით. იაპონელები არ ფლობდნენ ჯარების მასობრივი გადაადგილების ტაქტიკას; თითოეული მეომარი ცალკე მიზანს ირჩევდა თავისთვის. იაპონელები მოქმედებდნენ ცალკეულ ჯგუფებად, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მხედარი-სამურაი. იაპონელი მეომრები იყენებდნენ ფარებს, როგორც კედლებს ისრებისგან თავდასაცავად, მონღოლები კი მათ თან დაატარებდნენ და მოძრაობდნენ ბრძოლის ველზე. მაგრამ სამურაებს ჰქონდათ აბჯარი რკინის ფირფიტებისა და ტყავისგან, ხოლო მონღოლებს შორის ასეთი აღჭურვილობით მხოლოდ მხედრები სარგებლობდნენ. იაპონელების გრძელი ბასრი ხმლები უფრო ეფექტური იყო, მოკლე მონღოლური ხმლების წინააღმდეგ.


მაგრამ ცუსიმასა და იკის დაკავების შემდეგ მონღოლები წინ აღარ წავიდნენ. შესაძლოა ამის მიზეზი იყო მათი გენერლის ლიუ ფუსიანის სიკვდილი, რომელიც სამურაის ხელით დაეცა. არსებობს ვერსია, რომ ეს შემოჭრა მხოლოდ მონღოლთა დაზვერვა იყო და ისინი უფრო დიდი დარტყმის განხორციელებას აპირებდნენ. 20 ნოემბერს მონღოლებმა უსაფრთხო ყურეში უკან დახევა გადაწყვიტეს. ეს შეცდომა იყო. ღამით დაიწყო შტორმი. მის დროს მონღოლების ფლოტმა დიდი ზარალი განიცადა. მონღოლი მეომრების დაახლოებით მესამედი დაიხრჩო ქარისგან გადაბრუნებულ გემებთან ერთად. ამიტომ ყუბილაი-ყაენის არმია იძულებული გახდა კორეაში დაბრუნებულიყო.


ამის შემდეგ დაიწყო დიპლომატიური პერიოდი. დიდმა ყაენმა ელჩები გაგზავნა იაპონიაში 1275 წელს. მან კვლავ მოითხოვა ხარკის გადახდა. ამჯერად იაპონიის პასუხი მკაცრად უარყოფითი იყო. სიოგუნატის გადაწყვეტილებით, მონღოლ ელჩებს თავები მოჰკვეთეს. სიკვდილით დასჯა კამაკურას მახლობლად მოხდა. 1279 წელს ყაენმა მეორედ გაგზავნა ელჩები, მაგრამ ისინიც სიკვდილით დასაჯეს. მაშინ ყუბილაი-ყაენმა გადაწყვიტა იაპონიის კვლავ ძალდატანებით ხელში ჩაგდება, მაგრამ სამხედრო კამპანიამ სამხრეთ ჩინეთში არ მისცა მას სწრაფი მოქმედების საშუალება.


ამასობაში იაპონელები დროს ტყუილად არ კარგავდნენ. არმიის მხარდასაჭერად დიდი თანხა გამოიყო სახელმწიფო ხაზინიდან. აშენდა მრავალი ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობა, მაგალითად ქვის კედლები ჰაკატას ყურის გარშემო. მათგან შესაძლებელი იყო მშვილდის სროლა და ცხენით გადაადგილება. იაპონია მეორე შემოჭრისთვის მოემზადა. მაგრამ ყუბილაი-ყაენმაც გაზარდა თავისი არმია.


მის ფლოტში იყო 4, 400 გემი და დაახლოებით ასი ათასი მეომარი მონღოლეთიდან, ჩინეთიდან, კორეიდან. და ისევ, ცუსიმა და იკი თავდასხმის პირველი ობიექტები გახდნენ. მათ დაემატა კუნძული ჰონსიუ. მაგრამ მონღოლთა ფლოტს უკან დახევა აიძულეს. იაპონიის წინააღმდეგობა სასტიკი იყო. ამჯერად მათ სიმაგრეების მყარი კედლები ეხმარებოდა. მონღოლთა გემებს არ შეეძლოთ გამაგრებულიყვნენ სანაპიროზე. ძირითადი მოქმედებები გემების ბორტზე მიმდინარეობდა. მონღოლური ფლოტი იძულებული გახდა შიგასა და ნოკის კუნძულებისკენ დაეხია, შემდეგ კი იკისკენ. იაპონელები მტერს პატარა ნავებით მისდევდნენ. იაპონიაში დღესაც შემორჩა ისტორიები იმ დროის გმირ-სამურაებზე.


ყუბილაი-ყაენმა დაინახა, რომ მისი ფლოტი მარცხდებოდა და კიდევ 40 – დან 100 ათასამდე მეომარი გაგზავნა დასახმარებლად, ამ შემთხვევაში, სხვადასხვა წყაროებში მონაცემები განსხვავდება. ამჯერად თავს დაესხნენ ჰირადოსა და ტაკამიშუს. სასტიკი ბრძოლები რამდენიმე კვირა გაგრძელდა. დამპყრობლებს უკვე მარაგი ეწურებოდათ. და აქ კვლავ ბუნება დაეხმარა იაპონელებს. 14 აგვისტოს უზარმაზარმა ტაიფუნმა მონღოლური გემების უმეტესი ნაწილი ჩაძირა. ბევრი მეომარი დაიხრჩო, სხვები კი ნაპირზე გამოირიყა.

ქარს, რომელიც მონღოლებს ასე სასტიკად ეხუმრა იაპონელებმა "კამიკაძე" ან " ღვთიური ქარი" უწოდეს. მათ სჯეროდათ, რომ იგი ომის ღმერთმა "Hachiman" -მა გამოგზავნა, რომელსაც დახმარება სთხოვეს. ამრიგად, იაპონელებმა მოახერხეს რიცხვითი უპირატესობის მქონე მტრის თავდასხმების მოგერიება.


მოგვიანებით, კამიკაძე უწოდეს თვითმკვლელ-მფრინავებს, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. მონღოლური გემები არც ისე გამძლე აღმოჩნდა, რადგან მათ ვერ გაუძლეს შტორმს. ფლოტი ნაჩქარევად შეიკრიბა სხვადასხვა ტიპის გემებისაგან, რომელთა ხარისხი არც თუ ისე სახარბიელო იყო. ჩაძირვას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ გემები ერთმანეთთან ჯაჭვებით იყო დაკავშირებული, ეს საბედისწერო აღმოჩნდა მონღოლური ფლოტისთვის.





3
656
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
656
  
2020, 23 სექტემბერი, 18:25
ნამდილად საინტერესოა თავიდი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
2020, 23 სექტემბერი, 18:16
იაპონია ყოველთვის საინტერესოა
2020, 23 სექტემბერი, 17:36
საინტერესო სტატიაა
0 1 3