x
დასწავლა

image

დასწავლა ნებისმიერი სულიერისთვის დამახასიათრბელი აუცილებელი უნარია, რომელიც უზრუნველყოფს მათი არსებობის შენარჩუნებას, პრობლემის იდენთიფიცირების შემთხვევაში, მისგან თავის არიდებას წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგუებას იმ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრება გვიხდება. სოციალიზაციის პროცესში ადამიანები დაისწავლიან, როგორ გახდნენ მისაღებნი იმ სოციუმისთვის, რომელშიც მათ მთელი ცხოვრების გატარება უწევთ. დასწავლა ინტერაქციის წარმოების კარგი ბერკეტია, ის გვეხმარება, ვადაპტირდეთ სამყაროსთან და შევძლოთ თავის დამკვიდრება. ზემოთ განხილულ მაგალითებს მეტ-ნაკლებად ჩვენი ცნობიერი დონე განსაზღვრავს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს არაცნობიერ დონეზე დასწავლას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად წარმოვიდგინოთ მისაღები ოთახი, რომელშიც კურდღელი შევნიშნეთ. ჩვენ გაკვირვების განცდა დაგვეუფლება, რაც დასწავლილი ინფორმაციის ძალისხმევის გარეშე ამოსვლაა მეხსიერებაში. მივხვდებით, რომ რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა ამისთვის ინფორმაციის გადასინჯვა და რამის გახსენება არ მოგვიწევს. არაცნობიერი დასწავლა შესაძლებლობას იძლევა, სახლში ყოფნისას, დროის გაგების მიზნით, თავი იმ მიმართულებით მივაბრუნოთ, საითაც საათი კიდია, თუმცა არც ამისთვის გვიწევს მეხსიერებაში ინფორმაციის მოძიება ან თვალებით ოთახის მოთვალიერება. ამგვარად, არაცნობიერ დონეზე შესწავლილი მასალა ცხოვრებას გვიმარტივებს და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვაძლევს მოქმედების შესაძლებლობას. ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილოთ დასწავლის ორი სახე, კლასიკური და ოპერანტული განპირობებულობა და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში.

კლასიკური განპირობებულობა პავლოვის მეტად ცნობილ კვლევას უკავშირდება. ის ცდილობდა ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სისტემა შეესწავლა. პავლოვი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიდან ნერწყვის გამოყოფის პროცესს აკვირდებოდა მას შემდეგ, როცა ძაღლებს ზარის ხმის გაჟღერებისთანავე საკვებს აწვდიდნენ. პროცედურა გაგრძელდა მანამ, სანამ ექსპერიმენტატორი მნიშვნელოვან დასკვნამდე არ მივიდა. აღმოჩნდა, რომ ძაღლებს არა საკვების დანახვისას, არამედ ზარის გაჟღერებისას გამოეყოფოდათ ნერწყვი. კლასიკური განპირობებულობა დასწავლის ისეთი ფორმაა, რომელშიც ქცევა გამოწვეულია სტიმულით, რომელიც თავის მხრივ განმტკიცებულია ბიოლოგიურ სტიმულთან ასოციაციის გამო. პავლოვის ამ მეტად საინტერესო დასკვნამ ფსიქოლოგიური აზროვნების მიმართულება საბოლოოდ შეცვალა. დასწავლის ამ ტიპს დიდი როლი აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა ახლადგამომცხვარმა ფუნთუშის სურნელმა ძლიერი შიმშილის გრძნობა გამოიწვია ან არასასიამოვნო კერძის დაგემოვნების შემდგომ, მისი სუნის ხელახლა შეგრძნებისას თავს არასასიამოვნოდ ვგრძნობთ. კლასიკური განპირობებულობის მაგალითს სტიმულების შეწყვილებაც წარმოადგენს მოქმედების აღსაძვრელად, მაგალითად, მშობლები ხშირად სთავაზობენ შვილებს მათთვის არასასურველი ქცევის გახორციელების სანაცვლოდ დადებით სტიმულს (ჯილდო, საჩუქარი), რაც ხშირად საგაკვეთილო დავალების შესრულებას ეხება. როგორც ვნახეთ, დასწავლის ეს ფორმა ჩვენს შინაგან რეფლექსებთანაა კავშირში, ხოლო ამ რეფლექსების ამოქმედება წარსულში მრავალჯერადად გამეორებული შემთხვევების "დასწავლის" შედეგია.

ახლა განვიხილოთ დასწავლის მეორე ტიპი, რომელიც ოპერანტული განპირობებულობის სახელითაა ცნობილი. რა განამტკიცებს ან შეასუსტებს ჩვენს ქმედებებს? ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე მრავალგვარი შეიძლება იყოს, ვინაიდან ქმედების აღმძვრელი შინაგანი ან გარეგანი მოტივი სუბიექტურია, თუმცა შეგვიძლია ქცევის განმამტკიცებელ სტიმულს სასიამოვნო, ხოლო ქცევის შემამცირებელს-უსიამოვნო (ავერსიული) ვუწოდოთ. ბუნებრივია, როცა დიდი შრომისა და საქმისადმი თავშეწირვის შედეგად უფროსისგან დაუმსახურებელ საყვედურს ვიღებთ, ჩვენ არ ვართ მოტივირებულნი ეს საქმე ისეთივე ძალისხმევით შევასრულოთ, როგორითაც თავდაპირველად დავიწყეთ. თუ ყოველ წვეულებაზე მისვლისას ვხვდებით, რომ გართობის მაგივრად თავს არაკომფორტულად ან უხერხულად ვგრძნობთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საერთოდ შევწყვიტოთ წვეულებაზე სიარული ან შევამციროთ მისვლის რაოდენობა. ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენს წარსულ გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ მომავალში. ოპერანტულ განპირობებულობაში ორგანიზმის მიერ გამოვლენილი რეაქციის ალბათობა შედეგის მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ ვირთხას ღილაკზე თითის დაჭერით მივაწვდით საკვებს, (საკვების მიწოდება-შედეგი), მისი ქცევა (ღილაკზე თითის დაჭერა-ქცევა) განმტკიცდება. ოპერანტულ განპირობებულობას ახალი ქცევების წარმოქმნაც ე.წ. "შეიპინგიც" შეუძლია. იმისთვის, რომ შეიპინგი წარმატებული იყოს, აუცილებელია შედეგისკენ მიმართული ყოველი ქცევა ორგანიზმისთვის სასიამოვნო სტიმულით განვამტკიცოთ.


როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, დასწავლა დიდ როლს ასრულებს ნებისმიერი სულიერის ცხოვრებაში. ამ სტატიის შემდეგ მივხვდებით განხვავებას კლასიკურსა და ოპერანტულ განირობებულობას შორის, იმას თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის არაცნობიერ დონეზე დასწავლას და რაში გვეხმარება ინფორმაციის ძალისხმევის გარეშე ამოსვლა მეხსიერებაში.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:Rusudan Kvaratskhelia
Rusudan Kvaratskhelia
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0