x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
შაქარას საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს აღიარებს, დანარჩენები კვლავ დუმან
image


საზოგადოებამ მძაფრად აღიქვა შაქარაშვილის სასამართლო სხდომის ის ეპიზოდი, სადაც დაკავებულები ერთმანეთის თანმიმდევრობით ფეხზე დგებოდნენ და ამბობდნენ, რომ „ბრალს არ აღიარებენ“, „დუმან“, „თავს დამნაშავედ არ ცნობენ“. მათი ამ პოზიციით მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღიზიანდა. მძაფრი შეფასებები იწერებოდა სოციალურ ქსელში. ადამიანები დაკავებულ პირებს ამტყუვნებდნენ და წერდნენ, რომ არცერთს არ ეყო გამბედაობა, მომხდარი ტრაგედიის სიმძაფრე ბოლომდე აღექვა და გაეაზრებინა.


ახლა კი, როგორც ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე, ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამას თავად დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს. ნიკა ჟვანია დაპირისპირების ღამეს მცხეთაში ხელკეტით იმყოფებოდა. იგი ამ დრომდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა. დღევანდელი მონაცემებით უკვე ორი დაკავებული აღიარებს ბრალს, ისიც ნაწილობრივ.


როგორც ადვოკატმა რამდენიმე საათის წინ განმარტა, დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრალდების შემსუბუქებას ითხოვს.



„აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო… წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის.


დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა”, – ამბობს ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.


აღნიშნულ საქმეში ჟვანიას ბრალი წარდეგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღნიშნულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება და მუხლის შემსუბუქებას ითხოვს.


ნიკა ჟვანია არაგვის ხიდზე ვერცხლისფერი “მერსედესის” მარკის ავტომობილით მივიდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ჟვანია ადასტურებს, რომ რკინის მილი მოუქნია არაგვის ხიდზე მომავალი ექვსეულიდან ერთ-ერთს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იდგა, თუმცა ვერ იხსენებდა, მოხვდა თუ არა აღნიშნულ პირს მისი მოქნეული ხელკეტი. ჟვანიას ჩვენებაში ამბობდა, რომ აღნშნულის შემდეგ ხელკეტი აღარ გამოუყენებია.


საქმის მასალების მიხედვით, არაგვის ხიდზე “ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილი ჩნდება, რომლის მგზავრებსაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა გამოძიებას მათთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებია.


საყურადღებოა, რომ 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ერთმა დაკავებულმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა „საბურთალოელმა“ ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება.


წაქაძე ინციდენტში მონაწილეობდა, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს. წაქაძესთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე, რომლებიც აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ.


დანარჩენი 8 პირი – “მერსედესისა” და “ტოიოტას ქამრის” მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ.


შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0